ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი სარეაბილიტაციო ცენტრის, The Dunes East Hampton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Stony Brook Medicine-ის ყოფილმა პროფესორმა, დოქტორმა ნიკოლას კარდარასმა გამოსცა წიგნი : "მანათობელი ბავშვები: როგორ იტაცებს ეკრანი ჩვენს შვილებს და როგორ დავძლიოთ ტრანსი“. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:
თავიდან ქალი კმაყოფილი იყო. ჯონიც შემოქმედებითად განეწყო თამაშის მიმართ, გამოიკვლია მაინქაფტის კუბოკრული სამყარო და აღმოაჩინა, რომ ის სხვა ლეგოს არ ჰგავდა. კონკრეტულ თამაშში ბიჭს არც ცხოველების დახოცვა უწევდა და სხვა ეტაპზე გადასასვლელად კრისტალის აღებისთვის ბრძოლა. ჯონს ძალიან მოსწონდა ეს თამაში და სკოლაში მაინქაფტის კლუბზეც შევიდა.
სუზანი არ უარყოფს, რომ თამაშმა ნამდვილად შეცვალა მისი შვილი. ის სულ უფრო დიდ დროს უთმობდა მაინქაფტს. ნელ-ნელა დაკარგა ბეისბოლისა და კითხვისადმი ინტერესი. ასევე, უარს ამბობდა საშინაო დავალების შესრულებაზე. ზოგჯერ, დილით გაღვიძებისას ამბობდა, რომ სიზმარში კუბოკრული ფორმები ნახა.
ამის მიუხედავად, სუზანი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ბავშვის წარმოსახვა იყო და ამაში სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა ამჩნევდა, თუ როგორ უარესდებოდა ჯონის დამოკიდებულება რეალურ სამყაროსთან. ამიტომ, გადაწყვიტა, მისთვის თამაში აეკრძალა. თუმცა ჯონი ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, სუზანმა ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ "საგანმანათლებლო თამაში"იყო.
ერთ ღამეს კი აღმოაჩინა, რომ საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოედგინა.
"მის ოთახში შევედი, რომ კიდევ ერთხელ დამეხედა. წესით, უნდა სძინებოდა - მაგრამ ძალიან შემეშინდა..."
დედამ აღმოაჩინა, საწოლში ჩამძვრალი ჯონი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა აიპადის განათებულ ეკრანს. სუზანი ძალიან დაიბნა, ცდილობდა შვილის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას და ვერ ხვდებოდა, როგორ გახდა ჯონი ასე დამოკიდებული თამაშზე.
დღეს ვიცით, რომ პლანშეტები და სმარტფონები ციფრული ნარკოტიკის ფორმაა. ცნობილია, რომ სტივ ჯობსმა საკუთარ შვილებს მსგავსი ტექნიკის გამოყენების უფლება არ მისცა. კომპანიის "სილიკონ ველის" ხელმძღვანელებმა და ინჟინერებმა შვილები უოლდორფის სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად, სადაც არ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს. Google-ის შემქმნელებმა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა ისეთი სკოლები შეარჩიეს, სადაც მაინქაფტის პროგამა არ გაიხსნებოდა. ასევე მოიქცნენ Amazon-ის შემქმნელი, ჯეფ ბეზოსი და ვიკიპედიის დამფუძნებელი, ჯიმი უელსი.
ეს პრობლემა ძალიან ბევრ მშობელს აფიქრებს და ბევრი მათგანი აკვირდება შვილების აგრესიულ ქცევას, რაც ეკრანდამოკიდებულებით აიხსნება.
რაც ყველაზე ცუდია, ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად მოწყენილები არიან, არაფერი აინტერესებთ, როცა ტექნიკას ვერ იყენებენ.
საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე გვგონია. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი ტექნიკა გავლენას ახდენს თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც იმპულსებს აკონტროლებს. სმარტფონებისა და პლანშეტების გავლენა კოკაინის ეფექტს შეიძლება შევადაროთ. ტექნიკის ხშირი გამოყენება ზრდის დოფამინის დონეს და ელექტრონული თამაშები განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება ბავშებისთვის.
სწორედ ნარკოტიკული ეფექტია იმის მიზეზი, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტის, ნეირობიოლოგიის განყოფილების დირექტორი, პიტერ უაიბროი ეკრანიან ტექნიკას "ელექტრონულ კოკაინს" უწოდებს. ჩინელი მკვლევარები კი - "ციფრულ ჰეროინს".
იმ ბავშვის ტვინი, რომელიც ეკრანზე თამაშობს, ნარკოტიკების გავლენის ქვეშაა. ასე, რომ რთული გასაგები არ არის, თუ რატომ უჭირთ მშობლებს შვილების ტექნიკისგან მოშორება. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ მსგავსი თამაშები იწვევს დეპრესიას, შფოთვასა და აგრესიის გამოვლენას და ბავშვი რეალურ სამყაროსთან კონტაქტს კარგავს. როდესაც ის რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის ზღვარზე გადის, მკურნალობა ძალიან რთულია. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰეროინზე დამოკიდებულება უფრო მარტივად განკურნებადია, ვიდრე ვიდეოთამაშებსა და სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის კვლევის თანახმად, 8-10 წლის ბავშვი 8 საათს მაინც ატარებს დღეში ციფრულ სამყაროში, ხოლო თინეიჯერი 11 საათს ეკრანის წინ. კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯის ასაკის 18 % განიცდის ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას.
ამიტომ, აუცილებელია ტექნიკის გავლენის შემცირება ადამიანის ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ბავშების შემთხვევაში. ეს არ ეხება მხოლოდ პლანშეტს ან სმარტფონს, ამაში მოიაზრება ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც ეკრანდამოკიდებულებას იწვევს. თუმცა, ეს ძალიან რთულია, რადგან თანამედროვე სამყაროში ტექნიკის გარეშე ცხოვრება, ბევრი ადამიანისათვის წარმოუდგენელია. შეიძლება მათ უარი თქვან ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, მაგრამ ტექნიკისკენ ცდუნება ირგვლივ ყველგანაა.
გულწრფელად ესაუბრეთ შვილებს, რატომ ეუბნებით უარს ტექნიკის ხშირ გამოყენებაზე. ყველამ ერთად ისადილეთ ისე, რომ სუფრასთან არ გამოიყენოთ ტექნიკა ისევე, როგორც ამას აკეთებდა სტივ ჯობსი თავის შვილებთან.
მნიშვნელოვანია, ბავშებმა იცოდნენ, როგორ იცვლება მათი სამყარო ტექნიკასთან ერთად. ფსიქოლოგების აზრით, სოციალური ქსელები, თამაშები მკაფიო ზღვარს ავლებს რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის. სამწუხაროდ, ეკრანის მომხიბვლელი ნათება საგრძნობლად აფერხებს ბავშვის განვითარებას.
დაეხმარეთ ბავშვებს, იცხოვრონ რეალურ სამყაროში. ბავშვი, რომელიც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, ურთიერთობს ოჯახის წევრებთან, ნაკლები შანსია, რომ ციფრულ სამყაროში დაიკარგოს.
ბოლოს, სუზანმა ჯონის ცხოვრებიდან პლანშეტი გააქრო, თუმცა ეს ძალიან რთული და დამთრგუნველი იყო ორივესთვის. ოთხი წლის შემდეგ ჯონმა სრულფასოვან ცხოვრებასთან დაბრუნება შეძლო. მის ცხოვრებაში ახლაცაა კომპიუტერი, თუმცა ძალიან მცირე დოზით. თამაშობს გუნდში ბეისბოლს და ჰყავს ბევრი მეგობარი.
თუმცა, დედამისი კვლავ იჩენს სიფრთხილეს. ჯონის ოთახში კომპიუტერი არ აქვს, საღამოობით კი ოჯახში ვახშამზე ტექნიკას არავინ იყენებს.