"ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და არ „შეარცხვინოს“ მშობელი, მაშინვე უსრულებენ ყველაფერს" - ფსიქოლოგი ბავშვებში გავრცელებულ დარღვევებზე
"ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და არ „შეარცხვინოს“ მშობელი, მაშინვე უსრულებენ ყველაფერს" - ფსიქოლოგი ბავშვებში გავრცელებულ დარღვევებზე
რა ფსიქოლოგიური პრობლემებია ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში, რა არის მათი მიზეზები, სად არის გამოსავალი და როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ფსიქოლოგს - ამ თემებზე ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული ფსიქოლოგი ანი ცირიკიძე გვესაუბრება, რომელიც ახალგაზრდა ფსიქოლოგთა მეხუთე ფორუმის გამარჯვებულია, ინკლუზიური განათლების სპეც-პედაგოგი და ბავშვთა ფსიქოლოგი. 

- თქვენი გადმოსახედიდან, დღეს რა ფსიქოლოგიური პრობლემებია ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში?

- ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემებია აუტისტური სპექტრის აშლილობა, მეტყველების შეფერხება, ქცევის დარღვევა, დასწავლის უნარის შეფერხება... აუტისტური სპექტრი იმდენად ფართო პრობლემაა, ზუსტი გამომწვევი მიზეზი ჯერ არაა ცნობილი,
იგი შეიძლება ჩვილობაშიც გამოვლინდეს. ამ აშლილობის მთავარი მახასიათებელია თვალით კონტაქტის არარსებობა, სახელზე არრეაგირება, თავისებური ხედვა ფერების, ფორმების, ობიექტების... განსაკუთრებული რეაქცია ხმაურზე, მეტყველების შეფერხება ან სრულად არქონა, არაადეკვატური ხმების გამოცემა და ასე შემდეგ. აუტისტური სპექტრის დასადგენად ნეიროფსიქოლოგთან დიაგნოსტირებაა საჭირო, შემდეგ კი ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი. 
რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, მეტყველების და ზოგადად განვითარების შეფერხების მიზეზი ხშირად არის გაჯეტებთან ნაადრევი ურთიერთობა. ბავშვმა ჯერ საუბარი უნდა დაიწყოს მშობლიურ ენაზე და დაახლოებით 2 წლის შემდეგ არის რეკომენდებული ტექნიკასთან ურთიერთობა. თუმცა ესეც ხანმოკლე უნდა იყოს დღის განმავლობაში.

mshoblebi
ქცევის დარღვევას რაც შეეხება, აქ ძირითადად პრობლემა იმაშია, რომ ბავშვს დასწავლილი აქვს ეს არასასიამოვნო ქცევა, თავის დროზე მისი პირველი-მეორე გამოვლინებით, მან მიიღო სასურველი შედეგი.
ამით კი ეს ქცევა განმტკიცდა. ხშირად ქცევის დარღვევის გამოხატულებაა ე.წ. ტანტრუმი, როცა ბავშვი ტირის, ყვირის, იქნევს ხელ-ფეხს, რათა მიიღოს კონკრეტული რამ. ამ დროს რეკომენდებულია ბავშვის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე ან სრული იგნორი ამ ქცევის. როცა ბავშვი დამშვიდდება, მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, რაც სურს.
მოზარდებში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა შიშები, პანიკური შეტევები, დეპრესია და სუიციდური განწყობა. ყველა მათგანი ძალიამ ღრმა და ფართო პრობლემაა, ამიტომ რეკომენდებულია ფსიქოლოგთან ვიზიტი, რათა დადგინდეს ამ მდგომარეობების და განცდების წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები. ამის შემდეგ ხდება პრობლემასთან მუშაობა, სიმპტომების გავლით ჩავდივართ შინაგან კონფლიქტებამდე და სწორედ მასზე მუშაობს ფსიქოთერაპევტი.

- რამდენად ხშირად არის ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები, რასთანაც თავად გქონიათ შეხება, მშობლების არასწორი ქცევის, არასწორი აღზრდის ბრალი და ასევე, რამდენად ხშირად იკვეთება პრობლემის მთავარ მიზეზად ბაღი ან სკოლა?

- ხშირ შემთხვევაში, პრობლემების უმეტესობა არასწორი აღზრდის შედეგია და მოდის ოჯახიდან. თუნდაც ზემოთ დასახელებული „ტანტრუმი“, ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და არ „შეარცხვინოს“ მშობელი, მაშინვე უსრულებენ ყველაფერს... ბავშვიც სწავლობს ტირილით და ყვირილით სასურველი რაღაცის მიღებას. ამ დროს ფსიქოლოგის მხრიდან ეფექტურია ABC მეთოდი, როდესაც ქცევის შესაცვლელად, ვცვლით ან წინაპირობას ან შედეგს, ვიყენებთ დადებითსა და უარყოფით განმტკიცებას. კარგი ქცევა ყოველთვის უნდა დაჯილდოვდეს. ხშირად ბავშვებს აკლიათ ყურადღება მშობლებისგან და ამ დროს ცუდი ქცევის მიზეზი, სწორედ მათი ყურადღების მიქცევაა. მშობლები რომ მას ამ დროს ეჩხუბებიან, ზოგჯერ ბავშვისთვის ესეც ჯილდოა. ბაღი და სკოლა, თავისთავად დიდ როლს თამაშობს ბავშვის ნორმალურ განვითარებაში, მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში. ვფიქრობ, საჭიროა ყველა მსგავს დაწესებულებას ჰყავდეს კარგი ფსიქოლოგი ან მასწავლებლები/ აღმზრდელები პერიოდულად ტრენინგდებოდნენ ბავშვებთან სწორად მუშაობის და ნეგატიური ქცევების აღმოფხვრის კუთხით. ყვირილი, ჩხუბი, ფიზიკური შეხება შედეგს ვერ გამოიტანს.

- ზოგადი სტრესული გარემო, დაძაბულობა, გაჯეტების გამოსხივება - ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მშობლების ფსიქიკაზეც და ბავშვებისაზეც. ეს არის გარემო, რომელსაც ვერ გავექცევით. როგორ ვისწავლოთ ამასთან თანაცხოვრება და ამ სიტუაციაში როგორ მოვახერხოთ საღი ფსიქიკის შენარჩუნება, ბავშვის ბედნიერად აღზრდა?

- ხშირად ფსიქოლოგს სამუშაო მშობელთან უფრო აქვს ხოლმე, ვიდრე ბავშვთან. გარემო ნამდვილად სტრესულია ყველასთვის, უბრალოდ ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, რათა ბავშვიც შესაბამისად მშვიდად აღვზარდოთ. ერთი შეხედვით, ძალიან რთულად შესასრულებლად ჟღერს ზემოთ თქმული, თუმცა, ზრდასრულებმა უნდა ვისწავლოთ დღის განმავლობაში წვრილმანი დადებითი ფაქტების შენიშვნა, დაფასება და მადლიერება. ეს ბავშვებს ძალიან კარგად გამოსდით და რაღაცები მათგან ნამდვილად სასწავლი გვაქვს.

- რა არის ის სიმპტომები და მიზეზები, რომელსაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და აუცილებლად მიიყვანოს ბავშვი ფსიქოლოგთან - სულ პატარა ასაკიდანვე...

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ჩვილობიდანვე იჩინოს თავი. თუ ბავშვი არ გიყურებთ თვალებში, არ გამოხატავს შესაბამის ემოციას მშობლის დანახვისას, შეუძლია იწვეს გაუნძრევლად და ჩუმად დიდი ხნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შიოდეს ან რამე დისკომფორტში იყოს, არ ღუღუნებს, შემდეგში თუ არ თამაშობს ინსტრუქციის შესაბამისად, აქვს სტერეოტიპული ქცევები, ამოჩემებული აქვს კონკრეტული სიტყვები ან ფრაზები, აქვს კვებითი პრობლემები, აქვს მეტყველების შეფერხება (2 წლამდე ბავშვი უკვე უნდა ამბობდეს რამდენიმე სიტყვას), აქვს ტანტრუმები, არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, მზერა უშეშდება კონკრეტულ წერტილზე და არ ესმის თქვენი ხმა, თუ ხატავს აგრესიულ ან სევდიან ნახატებს გამუდმებით, არ აქვს კონტაქტის სურვილი გარშემო მყოფებთან... ძალიან ბევრი სიმპტომია, რაც საჭიროებს ფსიქოლოგთან თუნდაც ვიზიტს.

- თავადაც დედა ხართ, რამდენად იოლია დედობა, როცა გაქვთ ფსიქოლოგიური ცოდნა და ასე თუ ისე მზად ხართ სხვადასხვა მდგომარეობებთან გასამკლავებლად და თქვენ, როგორც დედას, რა პრობლემები გექმნებათ უფრო ხშირად ბავშვთან და რის გადალახვა გიწევთ?

- ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში დედა ვარ და შემდეგ ფსიქოლოგი. თუმცა, ფსიქოლოგიური განათლების ცოდნა, ძალიან დამეხმარა შვილის სწორად აღზრდასა და განვითარებაში. ძალიან უყვარს, როცა თამაშის ფორმატით ვამეცადინებ, ბევრი მასალა მაქვს ამისთვის და ამასობაში სამი წლის ბავშვი მგონი უკვე სასკოლოდაა მზად.
აუცილებლად მინდა დავამატო, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამის შემდეგ დგას მისი განათლება. პირველი კერძო ბაღიდან ცუდი გამოცდილება წამოვიღეთ, თუმცა ახლა დამყავს სხვა კერძო ბაღში
და ყოველდღე სიმღერით მივდივართ. ახლა ზეიმისთვის ემზადებიან და ძალიან აჟიტირებულია, არც კოსტუმების არჩევაში არიან შეზღუდულები, ვისაც რომელი გმირი უყვარს, იმის ფორმას იცვამენ. სულ დადებითი ემოციებით სავსე მოდის სახლში და ამასთანავე, ძალიან ბევრ ცოდნას იძენს. ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის, როგორც დედისთვისაც და როგორც ფსიქოლოგისთვისაც.

- რამდენიმე რჩევა მშობლებსაც მივცეთ - როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე, როცა ბავშვის ამა თუ იმ ქცევის თუ საქციელის გამო წყობიდან გამოდიან და როგორ უნდა მოახერხონ, იცხოვრონ სტრესის გარეშე?

- სტრესი გასაკვირია, მაგრამ აუცილებელიც კია. სტრესი შეიძლება მოჭარბებული დადებითი ემოციებიც კი იყოს... ვფიქრობ, მის გარეშე ვერ განვვითარდებით. ასეც რომ არ იყოს, უბრალოდ შეუძლებელია სტრესის გარეშე ვიცხოვროთ.
არსებობს პატარა ტექნიკები მშობელთათვის, რომელიც უნდა შეასრულოს ზუსტად წყობიდან გამოსვლის დროს, მაგ: სანამ დავიყვირებთ, პირზე ვიფარებთ ხელს ცოტა ძლიერად, ხმადაბლა ვამბობთ დადებით სიტყვებს, თუნდაც „მე შენ მიყვარხარ“ (შვილისკენ მიმართული) და ამის შემდეგ გამოვხატავთ ბრაზს. ან კიდევ ვითვლით 10-მდე უბრალოდ. ბრაზის ასე მცირეხნიანი გადავადებით ჩვენი აფექტური მდგომარეობა მცირდება და კონკრეტულ ფაქტს უფრო მშვიდად ვხვდებით, ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას, ტვინიც იმ კონკრეტულ დადებით / სასიამოვნო სიტყვებზე გადაერთვება ხოლმე.
ძნელია, ზოგადად, ყოველთვის სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როცა ბავშვს ვუყვირით და ვეჩხუბებით, იგი თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს.
დასჯა აუცილებელია (არა ფიზიკური ), მაგრამ ყვირილი/ცემა ბავშვში ძალიან დიდ სამომავლო ტრავმებს აჩენს და ღრმა კვალს ტოვებს. მეგობრულად და სიყვარულით ნათქვამ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვთ და დადებითი შედეგიც, სწორედ ასე შეიძლება მივიღოთ.

- მთავარი რჩევები მშობლებთან ფსიქოლოგისგან - რისი თქმა გინდათ მშობლებისთვის ყველაზე მეტად?

  • არაფერი დააძალოთ შვილებს, მიეცით არჩევანის საშუალება. თქვენ უბრალოდ საკუთარი აზრი გაუზიარეთ ყველაფერზე, გადაწყვეტილების უფლება კი მათ დაუტოვეთ. რომც დაეცნენ, ფეხზე წამოდგომას ისწავლიან, თავიდან ამაში თქვენ დაეხმარებით, რა თქმა უნდა.
  • მოუსმინეთ შვილებს, დაინტერესდით მათი სურვილებით, მისწრაფებებით, ოცნებებით, ემოციებით, გრძნობებით, ჩავლილი დღით.
  • გაუგეთ... მშვიდად გამოხატეთ ნეგატიური აზრიც, ისინი ცხოვრებას ახლა სწავლობენ.
  • ბავშვებისთვის მშობლების მხრიდან მეგობრულ დამოკიდებულებასა და ყურადღებაზე დიდი საჩუქარი არაფერია.

9168
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნინ
0
აუტისტური სპექტრის დიდი პროცენტის მიზეზი რომ აცრებია,მაგას ცოცხალი თავით არ ახსენებთ არა? არ მითხრათ ახლა,არ არის დადგენილიო. არც აღიარებენ არასოდეს. არ აწყობთ.
16:25 / 16-06-2020
თამარი
0
წარმატებები ანნა
22:56 / 09-12-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები