- როცა ცხოვრებიდან ბავშვი, მოზარდი მიდის, რა საკვირველია, ეს ყველას გვაწუხებს. გვაწუხებს იმიტომ, რომ მასზე თითქოს და მზე და მთვარე ამოგვდიოდა და ახლა აღარც მზე და აღარც მთვარეა ჩვენს თავს. ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მიზეზისა და შედეგის კანონი ჰქვია. არც ერთი შედეგი არაა მიზეზის გარეშე. მე სხვადასხვა მიზეზს შორის ვხედავ კიდევ ერთს, მთავარს, რომელიც, როგორც წესი, მსგავს შედეგებს იწვევს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს, მოზარდებს არ ვიცნობთ. ვიცნობთ მას მხოლოდ ერთი, გარეგნული მხრიდან. ბავშვს საკუთარი ცხოვრებაც აქვს, რომელსაც არ გვიმხელს და ეს ცხოვრებაც არაა მარტივი. ისინი ხვდებიან ადამიანებს, მეგობრებს, ექმნებათ შთაბეჭდილებები, კომპიუტერში ეძებენ რაღაცებს და თამაშობენ. ეს ყველაფერი ისეთი ცხოვრებაა, რომელსაც თავისკენ მიჰყავს ჩვენი შვილები. ჩვენ თუ ეს არ ვიცით, მათთან ურთიერთობა ძალიან გაგვიჭირდება. ბავშვს ჩვენგან მხოლოდ ორი რამ უნდა. ერთი, რომ გავუგოთ, რა აწუხებს, რა უხარია, მოვუსმინოთ ორივე ყურით და გულით, თანაგრძნობით და შემდეგ შევეშველოთ. ბავშვებს გაგება სჭირდებათ. როცა ვუკრძალავთ "არ წახვიდე", "ხელი არ ახლო", "შენი საქმე არ არის"- ეს ყველაფერი უფრო ჩვენი თავის გაფრთხილებაა, ვიდრე ბავშვის. მეორე, ბავშვს თავისუფლება უნდა. გვეხვეწება, რომ თანასწორუფლებიანად ჩავთვალოთ და რა უნდა ამ პირობის შესრულებას? ეს მისი ბუნება და ფსიქოლოგიაა. თავისუფლება უნდა. არ უნდა, მის ნაცვლად ჩვენ ვირჩევდეთ სკოლას, მასწავლებელს, სახელმძღვანელოს, ტანსაცმელს, მის მომავალ ცხოვრებას მის მაგივრად ვგეგმავდეთ. ამას ახალგაზრდები ვერ იტანენ და ამის გამო გვებრძვიან. ეს ორი მთავარი მიზეზია, რომელმაც შესაძლებელია ბავშვი ცხოვრების ან ფართო გზაზე მიიყვანოს ან ჩიხში შეიყვანოს. ძალიან მოგვწონს წარწერები: "პატივი ეცით ქალს", "პატივი ეცით მოხუცებს", მაგრამ ბავშვებსაც უნდათ პატივისცემა. ისინი ამ ცხოვრებისთვის მზად არ არიან და თუ პატივი არ ვეცით, ვერც მოემზადებიან.
ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მოზარდებო! მთელი ჩემი ცხოვრება თქვენს კეთილდღეობას შემოვწირე. რაც კი შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სკოლაში ბევრი სიყვარული და სიკეთე ყოფილიყო. ზოგიერთმა მასწავლებელმა ეს დაიჯერა, ზოგიერთმა კი - არა. ასევე, ოჯახშიც ყოფილიყო მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, მაგრამ, ახლა თქვენ მოგმართავთ, ჩემო ძვირფასებო. თქვენ უკვე დიდები ხართ. თუკი 9, 12, 15 ან 17 წელი შეგისრულდათ, რაღა დროს თქვენი ბავშვობაა. უკვე ის ადამიანები ხართ, რომლებმაც უნდა გაუგონ უფროსებს, დედას, მამას. მათაც რაღაც აწუხებთ, თავიანთი გასაჭირი აქვთ. დაუთმეთ ხანდახან ზოგიერთი რამ ან წყნარად, კორექტულად დაუყენეთ თქვენი მოთხოვნები, რომ მეტი გაგიგონ და დაჰყვნენ თქვენს ნებას. არც ერთი თქვენგანი არ მოსულა ამ ქვეყნად ხელცარიელი. ყველამ რაღაც მოუტანა ხალხს და ქვეყანას, არ გაქვთ უფლება თქვენი ცხოვრება იქ დაასრულოთ, როცა ფაქტობრივად თქვენი ღვაწლი უნდა დაიწყოს. ადამიანი ადამიანისთვის იბადება, ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის. წავიდა ახალგაზრდა ცხოვრებიდა და იმ ცხოვრებას, რომელიც მოვა ჩრდილი არ მიადგება იმის გამო, რომ ერთი ნიჭი გამოაკლდა? იქნებ რა ნიჭი იყო ეს? ამიტომ, გაუფრთხილდით თქვენს თავს, თუ რამ გიჭირთ, თქვენ ირგვლივ ადამიანები არიან, მიმართეთ მასწავლებელს, დედას და მამას. ისინი შეეცდებიან გაგიგონ და არ აღმოჩნდებით ჩიხში. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. შეიძლება ვინმემ გაწყენინოთ, ისეთი სიტყვა არ გითხრან, როგორიც გინდათ, მაგრამ ამაღლდით, ამ ადამიანებზე, თუ შეიძლება. რაც უფრო ამაღლდებით, მით უფრო ადვილად გადაიტანთ შეურაცხყოფას.