თუ ეს რთული პერიოდი ახალგაზრდამ "მშვიდობიანად" გალახა, ის ყოველთვის ჰარმონიაში იქნება საკუთარ "მესთან" გარდატეხის ასაკის პრობლემებზე ყველას კარგად მოეხსენება. ფსიქოლოგები ადამიანის ცხოვრებაში 8 კრიზისულ ასაკს გამოყოფენ. მათგან 3 ადამიანს ბავშვობასა და მოზარდობაში უწევს.
ფესვების გამაგრება
ასე უწოდებენ კრიზისულ პერიოდს, რომელიც 3-დან 7 წლამდე გრძელდება. ამ დროს ყალიბდება სამყაროსადმი გლობალური დამოკიდებულება: ის ან მტრულია, ან მეგობრული, გააჩნია, როგორ გრძნობს ბავშვი ოჯახში თავს, სიყვარულითაა გარემოცული თუ "გადარჩენისთვის" იბრძვის. ბუნებრივია, იგულისხმება არა ფიზიკური (იშვიათი შემთხვევების გარდა), არამედ ფსიქოლოგიური გადარჩენა. ანუ რამდენად მყუდროდ და მშვიდად გრძნობს ოჯახში თავს.
ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ადამიანის თვითშეფასება და საკუთარ თავთან დამოკიდებულება სწორედ ამ სიმშვიდის განცდაზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ კეთილ სამყაროში ცხოვრობს, მისი ემოციური განვითარება სრულფასოვნად გაგრძელდება. გაუჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის უნარი, საკუთარი ძალების რწმენა... ხოლო თუ სამყაროს მიმართ უნდობლობა ექნება, მომავალში მუდმივი ეჭვების, უინიციატივობის და აპათიურობისთვისაა განწირული.
ვინ ვარ მე
10-დან 16 წლამდე კრიზისი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის გარდამავალი წლებია. ამ დროს საკუთარი ძალები სხვა ადამიანების შესაძლებლობების ფონზე განიხილება. მოზარდის გონებაში მუდმივი შედარებები მიმდინარეობს: "სხვაზე უკეთესი ვარ თუ უარესი", "ვინმე რამით მჯობია?" "რას ამბობენ ჩემზე?". მოზარდის მთავარი ამოცანაა, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი გაიგოს - რა შეუძლია, სადამდე მივა, ვისზე წინ წავა და ვის ჩამორჩება.
სწორედ ამ დროს აცნობიერებენ, რომ მათ წინაშე უზარმაზარი "უფროსების სამყაროა" გადაშლილი თავისი ნორმებითა და წესებით, რომლებსაც უნდა შეეგუონ. ამიტომ არის, რომ ბავშვისთვის ძვირფასი ხდება ოჯახის გარეთა სივრცე. მშობლების დარიგებები და ყველაფერი შინაური უკვე აღიზიანებს, თითქოს ეუცხოვება უახლოესი ადამიანები. ის მხოლოდ გარეთ, თანატოლების სამყაროში ნანახით და განცდილით აღფრთოვანდება. იქ მიუწევს გული, თანატოლების გვერდით.
ამ დროს მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ. თუ ვერ გაუმკლავდით ამ პერიოდს, დიდი შანსია, რომ შვილის თვალში თქვენი ავტორიტეტი უფრო გაბედული და თამამი თანატოლების ავტორიტეტით ჩანაცვლდეს.
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, სხვების წარმატებისადმი შური, სხვის აზრზე დამოკიდებულება - ეს თვისებები ემუქრება ადამიანს, რომელიც გარდატეხის ასაკს ვერ მოერევა.
საკუთარი თავის შეცნობა
18-დან 22 წლამდე უკვე აცნობიერებენ, რომ სამყარო მხოლოდ შავ-თეთრი ფერებისგან არ შედგება და რომ ის გაცილებით რთული და მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა და შიში გაჩნდეს.
ამ კრიზისის წარუმატებლად გავლის შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ ახალგაზრდა თავის მოტყუების "მახეში" გაებმება: შეიძლება თავისი გზის მაგივრად სხვა, "ძლიერი ზურგის" ძებნა დაიწყოს, ვის მიღმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიმალება. ან პირიქით, უარყოს ყველა ავტორიტეტი და კონსტრუქციულიც ვერაფერი იპოვოს. სწორედ ამ დროს ყალიბდება "ჩვევა" - აიმაღლოს თვითშეფასება სხვების დამცირების ხარჯზე, სხვისი ღირსებების შელახვის ხარჯზე. ასეთი ფაქტების მომსწრე სამწუხაროდ, საზოგადოება ბევრჯერ გამხდარა. ხოლო თუ ეს რთული პერიოდი ახალგაზრდამ "მშვიდობიანად" გალახა, ის ყოველთვის ჰარმონიაში იქნება საკუთარ "მესთან".