"არ შეიძლება, ბავშვს ყველა კაპრიზი შევუსრულოთ და კერპად ვაქციოთ" - ფსიქოლოგი ბავშვის ლიდერულ თვისებებზე
"არ შეიძლება, ბავშვს ყველა კაპრიზი შევუსრულოთ და კერპად ვაქციოთ" - ფსიქოლოგი ბავშვის ლიდერულ თვისებებზე
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. შესაბამისად, საკუთარი ცოდნისა თუ უნარების გამოხატვა სხვადასხვაგვარად შეუძლიათ. ზოგიერთს ლიდერის თვისებები აქვს, ზოგს კი სხვის ინიციატივაზე დათანხმება ურჩევნია. რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერის ჩვევები ბავშვებისთვის, როგორ უნდა შეუწყოს მშობელმა მის განვითარებას ხელი და რა შეცდომებს უშვებენ ისინი ყველაზე ხშირად - გვესაუბრება ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი:

- ცნება "ლიდერი" ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა შეიძლება რაღაც წამოიწყოს და მას თავისით აჰყვეს საზოგადოება, თანატოლები. ლიდერი ბავშვები არიან ბავშვები, რომელთაც შეუძლიათ საკითარი აზრი კარგად მიაწოდონ თანატოლებს. აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, შეუძლიათ სხვისი ემოციების ამოცნობა და
საკუთარი ემოციების კარგად ჩვენება, ამის საშუალებით კი - აყოლიება და თანატოლების კონკრეტულ აქტივობებში ჩართვა. თუკი საკუთარი უნარ-ჩვევები მანიპულაციის საშუალებად აქციეს, ამ შემთხვევაში შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მმართველებიც კი გახდნენ.

- ბევრ მშობელს გული სწყდება, რომ მისი შვილი არ არის ინიციატივიანი და არ აქვს ლიდერის თვისებები, რამდენად სწორია მსგავსი მიდგომა?

- ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია. არ შეიძლება ჩვენი შვილი ვიღაცას შევადაროთ. პირველი შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს, არის ის, რომ საკუთარ შვილს სხვას ადარებს. ჩვენი შვილები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. შეიძლება ერთი ბავშვი ძალიან აქტიურია, თავის გამოჩენა უყვარს, მეორე კი ჩუმადაა, მაგრამ ბევრად უფრო მეტი იცის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდად იქცევა და ცხოვრებაში
ვერაფერს მიაღწევს. სამაგიეროდ, მას შეუძლია ასჯერ გაზომოს და ერთხელ გაჭრას, დაფიქრდეს და შეცდომები არ დაუშვას. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითავისონ ის, რომ ჩვენს შვილებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვთხოვოთ იმაზე მეტი, რაც მათ სურთ და შეუძლიათ. ხშირად ვცდილობთ ჩვენი შვილებით თავი მოვიწონოთ და საკუთარი ეგო დავაკმაყოფილოთ, მივიღოთ შექება, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამ დროს შეიძლება ჩვენს შვილებს ბევრად უფრო დიდი ტვირთი დავადოთ და ბევრად უფრო მეტი მოვთხოვოთ, ვიდრე მათ შეუძლიათ. ამიტომ, მშობელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ბავშვის სურვილები და მასთან დიალოგის შედეგად გაარკვიოს, რა იქნება მისთვის მძიმედ ასატანი და რა - არა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ პასიურია და ზარმაცობს, არ უნდა მივცეთ სტიმული, რომ გააქტიურდეს.

- როგორ უნდა განვუვითაროთ ბავშვს ლიდერის თვისებები?

- ყველა ბავშვში არის ლიდერობის მარცვალი. ყველა მათგანს აქვს შანსი, რომ რაღაც მიმართულებით გახდეს ლიდერი. შეიძლება სკოლაში არ არის აქტიური, მაგრამ, ცეკვავს არაჩვეულებრივად და შესაძლოა თავისი ლიდერული თვისება სწორედ ცეკვის წრეზე გამოავლინოს. ამიტომ, ყველა მიმართულებით რომ რაღაც დავავალოთ და მოვთხოვოთ, სწორი არ იქნება. უნდა ვიპოვოთ ზუსტად ის მარცვალი, რომელიც ბავშვშია და შემდგომში განვავითაროთ. ეს უნდა მოხდეს ბავშვთან ხშირი საუბრის შედეგად. მისი ინტერესებით დავინტერესდეთ. საკუთარი ვერახდენილი ოცნებები არ უნდა მოვახვიოთ თავს იმ მიზნით, რომ ახლა მან სცადოს მათი ასრულება. ასე ჩვენს შვილს ლიდერად ვერ გავზრდით. ყველაზე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რაც უფრო მეტად თავისუფალია ბავშვი არჩევანში, მით უფრო მეტი შანსია, მომავალში გახდეს ლიდერი.

mshoblebi

- რამდენად ნორმალურია, როდესაც ბავშვი მუდმივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ?

- ეს შეიძლება დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებდეს. საიდანაა ეს გამოწვეული და რატომ ხდება ასე, ინდივიდუალურად შესაფასებელია. თუკი ბავშვს გადაწყვეტილებების მიღება, უარის თქმა და საკუთარი თავის გამოხატვა უჭირს, ამის მიზეზი შეიძლება შინ შექმნილ გარემოში ვეძებოთ, შესაძლოა, სახლში აზრს არ ეკითხებიან და არც უსმენენ. გავლენის ქვეშ ექცევიან ის ადამიანები, ვისაც კომპლექსები აწუხებს და ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს. მაღალი თვითშეფასების მქონე მოზარდები და ბავშვები სხვისი გავლენის ქვეშ არასდროს ექცევიან იმიტომ, რომ მათ იციან, რა უნდათ და როგორ თქვან უარი სწორად.

- ასეთი ბავშვების მშობლებს რა შეიძლება ვურჩიოთ?

- როგორც კი ბავშვი დაიბადება, ვაღიაროთ ის პიროვნებად და პატივი ვცეთ მას. თუ სახლში ვეკითხებით, ვუსმენთ და პატივს ვცემთ მას, როგორც პიროვნებას, ისიც ანალოგიურად გვექცევა და საზოგადოებისგანაც იმავეს ელოდება. თავს უხერხულად არ იგრძნობს, თუ მას რაიმეს დაეკითხებიან და კუთხეში აღარ დაიმალება გადაწყვეტილების მიღების დროს. არ უნდა ვუმეოროთ ბავშვს, რომ არაფერი იცის და სისულელეს ლაპარაკობს. პატივი უნდა ვცეთ მის აზრს. ჩვენ ხშირად ვურჩევთ პატარებს ტანსაცმელს, მაგრამ ხანდახან მასაც ვკითხოთ "ეს რომ ჩავიცვი, მოგწონს?", მივცეთ არჩევანის თავისუფლება. შესაძლებელია 4-5 წლის ბავშვს სრული თავისუფლება ვერ მივცეთ, მაგრამ შეიძლება შევთავაზოთ "არჩევანი არჩევანის გარეშე". დავუდოთ ორი შარვალი და ვუთხრათ, აირჩიოს ის, რომელიც მას უფრო მეტად მოსწონს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ მის პიროვნებას და ვაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, ეს კი თვითშეფასების ამაღლების ერთ-ერთი საფეხურია. მივცეთ ბავშვებს რეალიზების საშუალება და არ დავთრგუნოთ მათი ინტერესები. გააკეთოს ის, რაც აინტერესებს და არა ის, რაც ჩვენ გვინდა და გვაინტერესებს. უნდა ავირჩიოთ პოზიტიური აღზრდის მეთოდი. ხშირად შევამჩნიოთ მისი კარგი საქციელი და ამის გამო შევაქოთ. ბავშვები გამოსახულებებით აზროვნებენ. მაგალითად, როცა ვეუბნებით "არ გაიქცე", ისინი ხედავენ გაქცევას და "არა" იკარგება. შედეგად, ვთვლით, რომ არ გვისმენენ. ამ დროს კი შესაძლებელია უბრალოდ ვუთხრათ "გაჩერდი". ვისწავლოთ მათთან სწორი კომუნიკაცია. თუ ბავშვი სახლში დასვრილი ფეხსაცმლით შემოვიდა და მაშინვე გამოიცვალა, ამას ნორმად ვთვლით. მაგრამ, თუ ოთახი მოიარა, აუცილებლად ყვირილს დავიწყებთ. ბავშვი ითრგუნება იმის გამო, რომ ჩვენ მხოლოდ მის უარყოფით ქცევას ვამჩნევთ და არა დადებითს. ვიყოთ ორიენტირებული დადებითზე და ჩვენი შვილებიც უფრო თავისუფლები და მაღალი თვითშეფასებით გაიზრდებიან.

- რამდენად უნდა წაახალისოს მასწავლებელმა ან მშობელმა როდესაც ბავშვს სურვილი აქვს, რომ მისი გადაწყვეტილებით წარიმართოს პროცესი?

- არ შეიძლება, ბავშვს ყველა კაპრიზი შევუსრულოთ. არ შეიძლება კერპად ვაქციოთ. ოქროს შუალედის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ბევრ რამეში დავეთანხმოთ, მაგრამ ისიც უნდა ავუხსნათ, რატომ არ ვეთანხმებით. ხშირად ბავშვს არ ვუხსნით, რატომ "არა". ისინი შეიძლება გაჯიუტდნენ, გაბრაზდნენ, მაგრამ, როცა ბრაზი გადაუვლით, აუცილებლად გააანალიზებენ, რატომ ვუთხარით უარი.

თამარ იაკობაშვილი
8702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნანა
0
რატომაა იდეა ფიქსი და უზენაესი მიზანი ლიდერობა?
23:32 / 13-02-2020
maia
0
ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიით. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ირმას. ვფირქრობ მისი შემდგომი ინტერვიუ, გაჯერებული კონკრეტული მაგალითებით, მნიშვნელოვანი იქნება მეტი თვალსაჩინოებისთვის. დიდი მადლობა
14:42 / 05-02-2020
მსგავსი სიახლეები