აქტუალურ შეკითხვებს ფსიქოლოგი პასუხობს რით არის გამოწვეული ბავშვებში უნებლიე მოძრაობები, ე.წ. "ტიკები" რა ფსქოლოგიურ პრობლემებს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ჩვევები და როგორ დავაღწიოთ თავი მათ, ამ თემაზე ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გვესაუბრება.
- რა შეიძლება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩაითვალოს მავნე ჩვევად?
- უპირველეს ყოვლისა განვმარტოთ, თუ რა ითვლება მავნე ჩვევად:.
როდესაც ვსაუბრობთ მავნე ჩვევებზე, ზოგადად ვგულისხმობთ თითის წოვას, ენის ტრიალს, თმის ტრიალს, ფრჩხილების კვნეტას, ონანიზმს. თუმცა, პრობლემა გაცილებით ფართო სპექტრს გულისხმობს. მავნე ჩვევა ეს არის უარყოფითი მიდრეკილება, რომელიც იქცევა მოთხოვნილებად, შემდეგ ქცევად და ბოლოს, ხასიათის ნიშნად. ზოგადად, მავნე ჩვევები ნერვული სისტემის გაუწონასწორებლობის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევითი დარღვევებია, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება. მავნე ჩვევებად შეიძლება ჩაითვალოს: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თამბაქოს მოწევა, შოპინგომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, საკვების ჭარბი მიღება, ტელედამოკიდებულება, ინტერნეტდამოკიდებულება, ფრჩხილების კვნეტა, კანის წვალება, ცხვირის თითით წვალება (რინოტილექსომანია), სახსრების ტკაცუნი, ტექნომანია, ფანქრის ან კალმის ღრღნა, ფურთხება, უცენზურო სიტყვებით საუბარი. ამავე დროს, მათ შეიძლება მივაკუთვნოთ თმების თითებით ტრიალი, ყურის ბიბილოს წვალება, მოხრილი ჯდომა და სიარული, სკამის ორ ფეხზე ჯდომა, ადგილზე წრიალი, ხმამაღალი საუბარი, ჭარბი ჟესტიკულაცია, საყელოს და ღილების წვალება და ა.შ.
რაც შეეხება მავნე ჩვევების ფსიქოლოგიურ წინაპირობებს, შეიძლება ითქვას, რომ, მისი მიზეზები და მექანიზმები გაცილებით რთულია. თითქმის ყველა ზემოჩამოთვლილი ჩვევა უყალიბდებათ იმ ბავშვებს, რომელთაც აქვთ გარკვეული პრობლემები ურთიერთობაში. მაგალითად, მათ პატარაობიდანვე ზრდიდნენ განსაკუთრებულ ,,მარწუხებში", არიან ჰიპერსოციალური ან პირიქით, სოციუმიდან გარიყულები. მათ ხშირად ტოვებდნენ საწოლში მარტოს, ადრეულ ასაკში წყვიტავდენ დედის მკერდს და საწოვარასაც კი არ აძლევდნენ. მათ იშვიათად ეფერებოდნენ, იშვიათად აძინებდნენ ხელში, განიცდიდნენ ყურადღების და სითბოს დეფიციტს და სხვა. ბავშვი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მარტო წევს საწოლში, მოკლებულია დედობრივ სითბოს, ალერსს, შთაბეჭდილებებს და ა.შ. ეძებს კომპენსაციას, სიმშვიდეს და სწორედ ამ სიმშვიდეს პოულობს მისთვის დამოუკიდებლად განხორციელებად აქტივობებში. კერძოდ, ესენია თითის წოვა, თმების, ყურის, ცხვირის წვალება, სასქესო ორგანოებით მანიპულირება და სხვ.
- რამდენად ითვლება მავნე ჩვევად თითის ან საწოვარას წოვა?
- თითის ან საწოვარის წოვა, შეიძლება ითქვას, რომ ითვლება ჯანსაღ ფიზიოლოგიურ და აუცილებელ ჩვევად იმ ბავშვისათვის, რომელიც ბუნებრივ კვებაზეა, თუმცა, სასურველია, რომ ეს გაგრძელდეს 1 წლის ან 1,6 თვის ასაკამდე. ბავშვი, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა, თითის ან საწოვარის წოვას აგრძელებს 2–3 წლამდე და შეიძლება ითქვას, რომ ესეც ნორმალურია, რადგან ავტომატიზირებული რიტმული მოძრაობები ხელს უწყობს თავის ტვინის ბიორიტმის სინქრონიზაციას, კერძოდ კი, სიფხიზლის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლას. ბუნებრივია, ეს არგუმენტი აღარ გამოდგება 5–7 წლის ასაკის ბავშვებთან მიმართებაში.
- მოზრდილ ასაკში რომელ მავნე ჩვევებს ვხვდებით?
- მოზარდობის ასაკში ძირითადად ფიქსირდება შემდეგი სახის მავნე ჩვევები: სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური და ენერგეტიკული სასმელების გამოყენება, ნარკოტიკები, ძილის უკმარისობა და ღამის ცხოვრება.
- რით არის გამოწვეული ბავშვებში უნებლიე მოძრაობები, მაგ თვალების პაჭუნი, მიმიკური მოძრაობები, ე.წ. "ტიკები"?
- ესენი გახლავთ სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი, უნებლიე მოძრაობები, რომელიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად აღმოცენდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მსგავს შემთხვევაში, პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის სწორი დიაგნოსტირება, რაც მხოლოდ ნევროლოგის პრეროგატივაა, ვინაიდან ამა თუ იმ სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა.
- კონკრეტულად რა ფსიქოლოგიურ პრობლემას შეიძლება უკავშირდებოდეს უნებლიე "ტიკები"?
- ეს შეიძლებაიყოს ნერვული სისტემის ძლიერი აღგზნების შედეგად მიღებული სტრესი, რაც გულისხმობს ამა თუ იმ სტრესოგენურ ფაქტორზე ორგანიზმის რეაქციას. შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვალების ხამხამს, მხრების აჩეჩვას, კისრის დაჭიმულ მოძრაობებს და ა.შ.
- როგორ უნდა გადავაჩვიოთ პატარა ბავშვი მავნე ჩვევებს?
- როდესაც მშობლები გადაწყვეტენ მავნე ჩვევებთან ბრძოლას, ისინი ბრძოლას იწყებენ არა პატარებთან, არამედ მის ჩვევებთან. კატეგორიული აკრძალვები და მოთხოვნები, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ არაპროდუქტულია, მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის მათ ნევროტიზაციას. მაგ. მდოგვის ან წიწაკის წასმა ფრჩხილებზე ან თითებზე ცივი ან მდუღარე წყლის გადასხმა და ა.შ. გარდა იმისა, რომ სისასტიკეა ბავშვთან მიმართებაში, უშედეგოა და თუ მცირე შედეგი მაინც მიიღეს, ბავშვი იქნება დაშინებული, შეშფოთებული და ამ ყველაფრის ფსიქოლოგიური შედეგი გაცილებით რთულად განსაკურნი გახდება, ვიდრე ის მავნე ჩვევა, რომელსაც ვებრძოდით. ბავშვი, რომელიც რომელიმე მავნე ჩვევას ფლობს, არ უნდა ვაიძულოთ დადოს ,,პატიოსანი" სიტყვა ან დავაფიცოთ მისი საყვარელი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სიტყვასაც და ფიცსაც დაარღვევს იმის გამო, რომ არ ჰყოფნის ნებისყოფა. აქ კი ადგილი აქვს სხვა მავნე ჩვევას –– დანაპირების არშესრულებას. ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს ჩვევის გამო. დასჯა მხოლოდ და მხოლოდ ართულებს სიტუაციას. ის კვლავ გაიმეორებს იგივე ქცევას, რათა შეძლოს დასჯის შედეგის კომპენსაცია და უფრო და უფრო ჩაიკეტება საკუთარ თავში, ამავე დროს გაეზრდება დანაშაულისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდა.
რაც შეეხება უშუალოდ გადაჩვევას, მას სჭირდება ძალიან დიდი მოთმინება, ყურადღება, ბავშვისადმი გულისხმიერი და სიყვარულით გამსჭვალული დამოკიდებულება. მავნე ჩვევებთან ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ბავშვის თვითშეფასებასთან, შფოთვასთან, პესიმიზმთან, დანაშაულის განცდასთან და სხვა. გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციებიც. კერძოდ, ფრჩხილების კვნეტის დროს, ფრჩხილებს ვაჭრით ძალიან მოკლედ, სამაგიეროდ ბავშვს ვაძლევთ საშუალებას ღეჭოს ფანქრის ან კალმის თავი ან ნებისმიერი საგანი, რომელიც მას ხელთ აქვს (რა თქმა უნდა ნივთები უნდა იყოს ძალიან სუფთა). შეიძლება ბავშვს ვურჩიოთ, რომ როცა მოუნდება ფრჩხილების კვნეტა, მან ხელისგულები ერთმანეთს გაუსვას ან ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებით შეიძლება მოვიფიქროთ ბავშვისთვის საინტერესო სხვა აქტივობა. ამავე დროს ავუხსნათ ამ ჩვევის არაესთეტურობა. ვასწავლით თვითკონტროლს და ამისათვის მას ყოველთვის წავახალისებთ, გნებავთ საჩუქრით, გნებავთ ვერბალურად: ,,შენ ამას ნამდვილად შეძლებ! მე ეს ნამდვილად ვიცი". მშობლებს უნდა ახსოვდეთ: ფრჩხილებს იკვნეტს თავის თავში დაურწმუნებელი და დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვი.
რაც შეეხება თითის წოვას, რეკომენდაციები აქაც შეიძლება გამეორდეს, გარდა ამისა, ძილის წინ ბავშვი შეიძლება დავღალოთ რიტმული თამაშებით, ცეკვით, სახტუნაოზე ხტუნვით. ამავე დროს, ძილის წინ შეიძლება მივაჩვიოთ პატარა სათამაშოსთან ერთად დაძინებას, რომ მისი ორივე ხელი დაკავებული აღმოჩნდეს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები მავნე ჩვევებით განიცდიან ხასიათის ხშირ ცვალებადობას და მიდრეკილება აქვთ დეპრესიისკენ. აქედან გამომდინარე, მშობლები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ჯანსაღი, დადებითი გარემოს შექმნას და დაძაბულობის შემთხვევაში სიტუაციის განტვირთვას.
საერთოდ კი, მავნე ჩვევებთან თუ "ტიკებთან" ბრძოლის დროს, აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ მუდამ გვახსოვდეს –– არ არსებობს ჩვევა, რომელსაც ვერ მოვერევით და ვერ დავამარცხებთ სურვილის შემთხვევაში. არსებობს გარკვეული რკეომენდაციები:
შეაქეთ ბავშვი ყველა კარგი საქციელისათვის. მარტივი ენით აუხსენით კონკრეტულად რა მოგეწონათ მის საქციელში; თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ყველა ნეგატიური ჩვევა აალაგოთ, აირჩიეთ რამდენიმე შედარებით მნიშვნელოვანი. არ ეცადოთ ყველაფრის ერთბაშად გადაჩვევას. ეს თითქმის შეუძლებელია. მიეცით ბავშვს უფრო მეტი ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რასაც კონკრეტული მავნე ჩვევა მიაყენებს მის ჯანმრთელობას და აგრეთვე ესაუბრეთ იმ სარგებლობაზე, რასაც გადაჩვევა მოუტანს; გადაამისამართეთ მისი ყურადღება სხვა ქცევით აქტივობაზე. ხშირად დააკავეთ იმით, რისი კეთებაც სიამოვნებს (სპორტი, მუსიკა და სხვ). ბავშვს დაუთმეთ ბევრი დრო. ითამაშეთ ერთად, შეისწავლეთ რაიმე ახალი და ერთად შეიმეცნეთ სამყარო. გვენდეთ, მავნე ჩვევები თავისთავად გაქრება. მათთვის უბრალოდ აღარ რჩება დრო; და ბოლოს! გახსოვდეთ, მავნე ჩვევა ეს არ არის განაჩენი. მათგან შეიძლება გავთავისუფლდეთ. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულებიდან გათავისუფლება მოითხოვს დროს და მოთმინებას. წარმატებას ხომ მხოლოდ მიზანდასახული და ემოციურად კომპეტენტური ადამიანები აღწევენ.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე