პოპულარობა ბავშვობაში - "ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება"
პოპულარობა ბავშვობაში - "ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება"
ამბობენ, პოპულარობის მოპოვება ადვილია, შენარჩუნება ძნელიო, მაგრამ ჩვენმა რესპონდენტებმა მაია ჯაბუამ და თამრიკო ჭოხონელიძემ ბაშვობაში შეძენილი ცნობადობა დღემდე შეინარჩუნეს და ვარსკვლავური სენითაც არ შეპყრობილან. მათ ადრეულ ასაკში პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, გამოცდილება გაეზიარებინათ ამ თვალსაზრისით შვილების სწორად აღზრდის საკითხშიც, რადგან ორივეს ასევე ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავს.

მაია ჯაბუა: "მშობლებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ, მათი შვილი ან ვარსკვლავი და მოვლენაა, ან კიდევ უნიჭოა და სმენა არ აქვს"
- ცნობადობა, "მზიურთან" ერთად მოვიდა. როგორც კი გამოჩნდა ეკრანზე ჩვენი ანსამბლი, მეორე დღეს მთელი ქვეყანა გვიცნობდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზღაპრებშია. რასაკვრიველია, ქუჩაშიც მცნობდნენ, ხალი რომ აქვსო, ასე ანიშნებდნენ ხოლმე ჩემზე. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი ამ ხალის არსებობას, მაგრამ მათ დეტალურად ახსოვდათ ჩემი სახე. ადამიანების სითბოსა და სიყვარულს დღემდე ვუფრთხილდბი და ვაფასებ.
- პოპულარობას რა უარყოფითი მხარე აქვს?
- ყველა ადამიანს ყურადღების გამოხატვის სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს, ზოგს მეგობრობა და გაცნობა უნდოდა, სურდა, დადებითი ემოციები გამოეხატა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ალბათ მოვწონდით, უნდოდათ ჩვენთან ყოფნა, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოხატავდნენ. მაშინ მობილურები არ იყო და ვერ გვაწუხებდნენ, მაგრამ სახლის ტელეფონის ნომრის გაგებას ახერხებდნენ, რეკავდნენ და რაღაცებს
გვეუბნებოდნენ, ესეც ბავშვობით მოსდიოდათ, ალბათ.
- კონკეტულად რას გეუბნებოდნენ?
- თუ ვთქვათ, ჩვენ გვეცვა ჯინსი, იმ დროს, როცა ეს ჩასაცმელი არ იშოვებოდა, ვიღაც ამით ღიზიანდებოდა და ქუჩაში ხანდახან იყო შეძახილები, რომ ჩაგიცვამთ ეს ჯინსები, თქვენ გგონიათ, მაგრები ხართო?! ეს ძალიან ბავშვური იყო, ხომ ხვდებით. დანარჩენ სერიოზულ ფაქტს ვერ გავიხსნებ. იმხელა ძალა აქვს ხალხის სიყვარულს, დღესაც კი ქუჩაში ჩემი თაობის ადამიანი რომ მხვდება, დადებითადაა განწყობილი, რადგან "მზიური" ყველას თავის ბავშვობას აგონებს. უარყოფითს მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი. რომ ამბობენ, პოპულარობა ძნელიაო, მგონია, ეს პოზაა და მეცინება ამაზე, რადგან ძნელი არაფერია, უბრალოდ გრძნობ პასუხისმგებლობას და უნდა გაუფრთხილდე შენ მიმართ დამოკიდებულებას. დღეს მე ზუსტად იმდენად ვჩნდები საზოგადოების წინაშე, რამდენადაც ამის სურვილი მაქვს. ამ პატარა ქვეყანაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გავაკეთე და მივაღწიე. ვიღაცის დასანახად ფუსფუსი და ვითომ აქტიურობა არ მიყვარს და სასაცილოდ მეჩვენება. ჩვენ არ გვაქვს იმდენი სამუშაო, რომ ვერ მოვიცალოთ ოჯახისთვის, შვილისთვის.
- მშობელმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შვილის ამბიციები ზღვარს არ გადასცდეს?
- ყოველთვის ვამბობ, რომ ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაინახოს თავისი შვილის ნიჭიერება და მერე სწორად წარმართოს და განათლება მისცეს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მშობლებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ, ან მათი შვილი ვარსკვლავი და მოვლენაა, ან კიდევ უნიჭოა და სმენა არ აქვს... არც ერთია სწორი და არც მეორე. თუ შენ ჭკვიანი მშობელი ხარ, კი არ უნდა აიჩემო, რომ შენი შვილი უნდა გამოვიდეს მაინცდამინც იმ რომელიმე კონკრეტული საქმის პროფესიონალი, რომელიც შენ გინდა, არამედ იმ მიმართულებით უნდა მისცე განათლება, რომელშიც აქვს ნიჭი. დავუშვათ, მოვლენაა მართლა ბავშვი, ეს ისე უნდა ავუხსნათ მას, რომ ვარსკვლავურ დაავადებაში არ გადაიზარდოს მისი ამბიციები, არც უნდა გააგიჟონ შვილები ვარსკვლავობით და თვითშეფასებაც არ უნდა დაუქვეითონ. სწორი თვითშეფასების ჩემოყალიბებაში მშობელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ჯანსაღი ბავშვებიც ვიყავით და სწორადაც გაგვზარდეს ოჯახში მშობლებმა, სხვათა შორის, არც ერთს არ დაგვმართნია ვარსკვლავური დაავადება, ვიყავით ძალიან ბავშვურები, თავმდაბლები და ბუნებრივები.

mshoblebi
- თქვენი შვილი ლიზა პოპულარულია, მისი ფოტოები, სტატუსები ხშირად იქცევს ყურადღებას, როგორ უდგებით ამ საკითხს?
- მე ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ყოველთვის გვაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას - ადამიანის ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა სჭირდება თვითდამკვიდრება, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა და ეს ყვალაფერი გარდატეხის ასაკის ბრალია. უნდა მივიღოთ მშვიდად და დავეხმაროთ მშობლები თინეიჯერებს ამ პერიოდის გადალახვაში. რაღაცებში უნდა ჩავერიოთ, რაღაცები ჩვენც უნდა დავუთმოთ. მე და ლიზა ბევრს ვსაუბრობთ, ხვდება, რასაც ვეუბნები და იაზრებს მის საქციელს, ჩემს პოზიციას. ბავშვს მშობელი იმისთვის სჭირდება, რომ გვერდით დაუდგეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აჭამოს და ლამაზად ჩააცვას. რაღაცები ჩვენც უნდა დავთმოთ, მივუტევოთ და ისინიც ისწავლიან იგივეს.

თამრიკო ჭოხონელიძე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კიდევ ერთხელ დავინახე, როგორი ნიჭიერია ჩემი შვილი"
mshoblebi
- იმდენად ჯანსაღ ატმოსფეროში გავიზარდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სახლში ან სტუმრად მყოფი ვმღეროდი, ძალიან ვღელავდი, ეს ღელვა კი გამოწვეული იყო პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. მახსოვს, დედა როგორ მამზადებდა, თუნდაც ჩემი სანათესაოს, ჩემი მშობლების, მეგობრების წინაშე წარსადგომად. თუ მომიწონებდნენ ნამღერს, ამას ჯანსაღად ვიღებდი, როგორც ჩემი შრომის საფასურად მიღებულ ემოციას. როდესაც დიდ სცენაზე პირველად გავედი, რამდენჯერმე გამამეორებინეს სიმღერა მოწონების ნიშნად, მე ამას ვერ მივხვდი და ტირილი დავიწყე, რატომ არ მოეწონათ, მე ხომ ვცდილობ და ყველაფერს ვაკეთებ-მეთქი. სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი, "მზიურის" პერიოდში, ერთ-ერთი კონცერტის დროს ისე ვღელავდი, ბატონი თემურ ჩხეიძის მამა, ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, პიონერთა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი მოვიდა, გულზე ხელი დამადო და ხუმრობით თქვა, ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს, ასე რომ ნერვიულობს, ღირს ამ ყველაფრადო?! და მინდა გითხრათ, რომ ღირს. ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ მქონდა, დღემდე შემომრჩა, იმიტომ, რომ მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს მსმენელს, შესაბამისად, პასუხისმგებელი ვარ მათ წინაშე, რომ ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი ვაკეთო ისე, როგორც მათ და მე მეკადრება.
რაც შეეხება პოპულარობას, როდესაც "მზიური" საოცრად პოპულარული გახდა, ქუჩაში რომ შემომეხვეოდნენ, მამაჩემი მაშინვე კითხვას დასვამდა, ცირკია? - და გამომარიდებდა სიტუაციას. თუ ერთსადაიმავე დღეს ჩემი გულშემატკივრებისგან განსაკუთრებული "შემოტევა", კარგი გაგებით, იგრძნობოდა, ან ზედმეტად შემაქებდნენ, სახლში აუცილებლად მამას ჰქონდა ლექცია, ოღონდ სათქმელს პირდაპირ კი არა, გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა. აღნიშნავდა, რომ ბევრი ნიჭიერი ბავშვი არსებობს, ზოგს მათემატიკის ნიჭი აქვს, ზოგს – სხვა მონაცემი, უბრალოდ "მზიურელებმა" მიკროფონი დავიჭირეთ ხელში, ხმამაღლა გაჟღერდა ჩვენი ნამღერი და ამიტომაც გავხდით პოპულარულები, თორემ განსაკუთრებულები არ ხართო. ისიც მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ხოლმე თავის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და მათ ნიჭიერებას უსვამდა ხაზს. სწორედ ამ ყველაფერმა არ მომცა უფლება, ზღვარს იქით გადასულიყო ჩემი ამპარტავნება, ამბიციაზე არაა საუბარი. იმდენად ჯანსაღი იყო მშობლების "სამუშაოები" ამ თემაზე, რომ მე კიდევ უფრო მეტს მივაღწიე, მასწავლეს სხვისი ნიჭიერების დაფასება და სხვისი ნიჭით აღფრთოვანება. მეც ჩემს შვილებს ზუსტად იგივე გადავეცი. დღეს მარიამი და კოკო თავის სათქმელს ამბობენ. კოკომ გასულ წელს 7 სპექტაკლი ითამაშია, ასეთ პატარა ასაკში "ჰამლეტიც" კი შეასრულა, ორივეს აქვთ წარმატებები, რომელმაც შეიძლება მათ ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ იმდენად ჯანსაღად არიან გაზრდილები, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ გაასმაგებული აქვთ ყურადღება და პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვის წინაშეც უნდა წარდგნენ. დღეს, როდესაც მარიამი ასეთ გახმაურებულ კონკურსში - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს, ჩემთვის ქულებსა და შეფასებაზე მნიშვნელვანი ისაა, რომ მე კიდევ ერთხელ დავინახე, ჩემი შვილი რა დიდი ნიჭითაა დაჯილოდვებული, ვერ წარმოიდგენთ, თავისი კონკურენტების როგორი გულშემატკივარია და ეს არაა მოჩვენებითი.
- ძალიან პოპულარული ბავშვი იყავით, მაგრამ ალბათ იყო პერიოდი, როცა გქონდათ "ჩავარდნა" და ქუჩაში ისეთი აღფრთოვანებით აღარ გხვდებოდნენ, განიცდიდით ამას?
- ვამაყობ იმით, რომ ამ მხრივაც გამორჩეული პაუზა მქონდა. 13 წლის ასაკში, როცა "მზიური" პოპულარობის პიკზე იდგა, იგეგმებოდა გასტროლები, ბევრი კონცერტი, მაგრამ მივხვდი, რომ რეპერტუარი, რომელსაც ვმღეროდი, აღარ შემეფერებოდა. 13 წლის ასაკში სულიერი სამყაროც იცვლება, ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც, ვიზუალიც. როცა გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი აღარ მერგებოდა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მართალი აღარ ვიქნებოდი ჩემი მსმენელის წინაშე, მომიწევდა პატარა გოგონას თამაში, მაშინ გავჩერდი, სახლში მივედი და ვთქვი, აღარ მინდა მეტად სცენაზე გასვლა-მეთქი. მამას ძალიან მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება, შემაქო. 6 წელი მქონდა პაუზა, ნაკლებად მცნობდა ხალხი, მაგრამ არანაირი განცდა არ მქონია, იმიტომ, რომ ჯანსაღად ჩამოვშორდი სცენას. ტაიმაუტის დროს "მზიურის" კონცერტებზე მივდიოდი და ჩემს გოგოებს ვგულშემატკივრობდი დარბაზიდან, მაგრამ სცენა არ მენატრებოდა, ალბათ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე და დღემდე მომწონს ჩემი ეს ნაბიჯი. როდესაც უკვე ქალიშვილობის პერიოდი დადგა, რეპერტუარი - სასიყვარულო თემატიკა ჩემთვის ახლობელი გახდა, ორგანულად დავუბრუნდი სცენას მეგობრებთან - ეკა კახიანთან, მაია ჯაბუასთან და ჩემს დებთან ერთად.
დაახლოებით 10 წლის წინ, პოპულარული ბავშვების ბუმი იყო, ხმები გასწორებული იყო კომპიუტერით, ტრიალებდა მათი კლიპები, რის უკანაც იდგნენ ფულიანი მამები და ბიძები. იმ პერიოდშიც ვამბობდი, რომ ცოდოები არიან ეს ბავშვები, როდესაც მამებს ფული აღარ ექნებათ, მერე რა უნდა ქნან-მეთქი. ამის გამო მტრად მომნათლეს. ძალიან ცუდია, რომ შემდეგ ამ ბავშვების დათრგუნული სახეების ნახვა მომიხდა, დღეს კი იმ თაობიდან ერთი-ორი თუ შემორჩა სცენას და ერთი-ორი თუ ამოგვიტივტივდება გონებაში. ამიტომ მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველა მშობელს, ბავშვის ნიჭი ისე აღმოაჩინეთ, როგორც ეკადრება. მშობლის პრეროგატივაა ის უნარი აღმოაჩინოს შვილში, რაც ნამდვილად აქვს, ეგებ იმ დროს სხვა ნიჭი ჰქონდა მას, რომელიც მშობელმა მაშინ გახადა ფერმკრთალი, როცა კლიპებზე იყო ორინეტირებული.

ციცი ომანიძე
12262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
izi
0
კარგია ყველაფერი, რასაც კარგად და ნიჭერად აკეთებთ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ის რაც ტაქსისტს გაუკეთეთ სულ მცირე, ცუდი საქციელი იყო; ხოლო ამ სტატიაში ცოტა უტატაქტოდ ისმის-თემურ ჩხეიძის მამა, ცნობილი მსახიობი ასე ამბობდა, მე კი მინდა გითხრათ....აი, მამაჩემი, კი....
08:22 / 14-12-2014
nata
0
შესანიშნავი და უაღრესად პატივსაცემი ქალბატონები არიან,ასე რომ აზროვნებდეს ეგრეთ წოდებული ,,ელიტის,, უმრავლესობა,საქართველო მართლა სამოთხეს დაემსგავსებოდა,რადგან თინეიჯერები მათგან იღებენ მაგალიტს
03:22 / 16-11-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?