ბევრი უფროსი ვერ მიეკარება ბავშვს, თუ ის თხუპნია და მოუწესრიგებელია ადამიანების გარკვეულ კატეგორიას რატომღაც არ უყვარს ბავშვები. ეს ხალხი ყველანაირად გაურბის პატარებთან ურთიერთობას და ამ ნეგატიურ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ არც მალავს.
რით არის გამოწვეული ასეთი ანომალია? ბავშვი ხომ ისეთი საყვარელი არსებაა, რომ უფროსებში მხოლოდ დადებით ემოციებს უნდა იწვევდეს. რატომ არ უყვართ ბავშვები.
სპეციალისტებმა ამის რამდენიმე მიზეზი გამოყვეს:
ყვირილი
ბავშვის ხმას და მით უმეტეს, ყვირილს, მაღალი ტემბრი ახასიათებს - ეს ბუნებრივი მექანიზმი ბუნებამ დედის ფსიქიკაზე ზემოქმედებისთვის "გათვალა". ბავშვის ხმა იმიტომ არის ასეთი ხმამაღალი, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე ისმოდეს, როგორც ნებისმიერი საგანგაშო სიგნალი, რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე ელდასავით მოქმედებს და ბევრს თურმე სასტიკად უშლის ნერვებს.
უზრდელობა
ამას ბევრი უფროსი ვერ იტანს. ითვლება, რომ ეს მიზეზი ადამიანის პირველყოფილი ცხოვრებიდან იღებს სათავეს - როცა ხმაურიანი და არაორგანიზებული ბავშვები მთელ ტომს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ.
მშობლების ქცევა
როცა ბავშვი თავისი ქცევით უფროსებს დისკომფორტს უქმნის, ამ დროს ხალხი მისი მშობლების საქციელსაც აფასებს. თუ ისინი შვილის ცუდ საქციელზე არ რეაგირებენ, "ბავშვთმოძულეების" რისხვა მათაც ატყდებათ თავს.
ფეთხუმობა
ბევრი უფროსი ვერ მიეკარება ბავშვს, თუ ის თხუპნია და მოუწესრიგებელია. არადა ბავშვებს არ შეუძლიათ სისუფთავეზე იმდენი ზრუნვა, რამდენიც უფროსებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მოუწესრიგებელი ბავშვებისადმი ანტიპათიაც ბუნებრივი მექანიზმია. სისუფთავე ხომ ბავშვების ჯანმრთელობასთან ასოცირდება.
ჭირვეულობა
ბავშვს ყოველთვის ვერ გააგებინებ, რატომ უკრძალავ რაიმეს. პატარა არსება მიუღწეველი მიზნისთვის ბობოქრობს და გაჰყვირის. ამ დროს ცხადი ხდება, რომ ზოგჯერ უფროსიც უძლურია მის წინაშე. ეს სურათი კი ბევრ ადამიანში უარყოფით ემოციებს იწვევს.
ბავშვური აგრესია
აგრესია შეიძლება მიმართული იყოს როგორც თანატოლის, ასევე ცხოველის ან სულაც უფროსის მიმართ. ამ საქციელით გამოწვეული უარყოფითი განწყობაც ევოლუციით აიხსნება: აგრესიული ბავშვები გარშემო მყოფებს საფრთხეს უქმნიან.
ბავშვური მანიპულაციები
პატარა ბავშვების მანიპულაციები, როგორ წესი, ადვილად შესამჩნევია: მიზნის მიღწევის სხვა ხერხი მათ არ იციან. ნებისმიერი მანიპულაცია კი უარყოფით განწყობას იწვევს, რადგან უფროსზე ზეწოლად და მის მოქმედებაზე გავლენის მცდელობად აღიქმება.