საზოგადოებაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ შფოთვას ბავშვებიც იზიარებენ. ამ ფონზე, გაეროს ბავშვთა ფონდი, აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე. რეკომენდაციებში აღნიშნულია:
"ძალიან ადვილია, დაგაბნიოთ 2019 წლის კორონავირუსის (COVID-19) დაავადების შესახებ ამჟამად თქვენ მიერ მიღებული ინფორმაციის მოცულობამ და შინაარსმა. ასევე გასაგებია, თუ თქვენი შვილებიც აღელვებულები არიან. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ იმის გაგება, რასაც ხედავენ ინტერნეტ სივრცესა თუ ტელევიზიებში ან რაც ესმით სხვა ადამიანებისგან. შესაბამისად, ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან შფოთის, სტრესისა და დარდის კუთხით. მაგრამ ღია საუბარი თქვენს შვილებთან, სადაც ისინი მხარდაჭერას იგრძნობენ, დაეხმარება მათ, გაიგონ, თუ რა ხდება, გაუმკლავდნენ მდგომარეობას და დადებითი წვლილიც კი შეიტანონ სხვა ადამიანების ცხოვრებაში.
დარწმუნდით, რომ დაცულ გარემოში ხართ და მიეცით ბავშვებს საშუალება, თავისუფლად გესაუბრონ. საუბრის წამოსაწყებად სასარგებლო იქნება ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა აქტივობები.
რაც ყველაზე მნიშნველოვანია, არ გაუბათილოთ ან თავი არ აარიდოთ იმ თემებს, რაზეც ისინი ღელავენ. დაუდასტურეთ, რომ გესმით მათი და დაარწმუნეთ, რომ ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს გქონდეს შიშის გრძნობა. თქვენი ყურადღების სრული გამოხატვით აჩვენეთ, რომ უსმენთ მათ და დაარწმუნეთ, რომ მათ შეუძლიათ თქვენთან და მათ მასწავლებლებთან ნებისმიერ დროს საუბარი.
თუ ვერ სცემთ პასუხს მათ კითხვებს, არ სცადოთ პასუხის გამოცნობა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ერთად მოიძიოთ პასუხები. ინფორმაციის ძალიან კარგი წყაროებია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციაბის ვებ-გვერდები, როგორიცაა გაეროს ბავშთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. აუხსენით, რომ ინტერნეტიდან მიღებული ზოგი ინფორმაცია არ არის სწორი და ყველაზე კარგი გზა არის, ვენდოთ ექსპერტებს.
ასევე უნდა აჩვენოთ ბავშვებს, ხველების ან დაცემინებისას როგორ დაიფარონ პირი მოხრილი მკლავით. აუხსენით, რომ ახლოს არ უნდა მივიდნენ იმ პირებთან, ვისაც აღენიშნება ეს სიმპტომები და სთხოვეთ, გაგაგებინონ, თუ ექნებათ ტემპერატურის მატების შეგრძნება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.
თუ თქვენს საცხოვრრებელ რეგიონში დაავადების გავრცელებას დიდი მასშტაბები აქვს, შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ დიდი ალბათობით ისინი არ დაავადდებიან, აუხსენით, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ემართება კორონავირუსი, დაავადება შედარებით მარტივად გადააქვს და რომ უამრავი უფროსი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს.
თუ თქვენი შვილი თავს ცუდად გრძნობს, აუხსენით, რომ უნდა დარჩნენ სახლში/საავადმყოფოში, ვინაიდან ეს უფრო უსაფრთხოა პირადად მათთვის და მათი მეგობრებისთვის. დაარწმუნეთ, რომ გესმით, რომ ეს ხშირად რთულია (შეიძლება, შემაშინებელიც ან მოსაწყენიც კი), მაგრამ წესების თანმიმდევრული დაცვა ყველას უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.
აუხსენით, რომ კორონავირუსი არ არჩევს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, საიდან არის ის, ან რა ენაზე ლაპარაკობს. უთხარით, რომ თუ მათ რამე იარლიყებს აწეპებენ ან ავიწროებენ სკოლაში, მათ თავისუფლად უნდა აცნობონ ამის შესახებ იმ უფროსებს, ვისაც თავად ენდობიან.
შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ სკოლაში ყველა იმსახურებს, იყოს უსაფრთხოდ. ბულინგი ყოველთვის ცუდია და ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სიკეთისა და ერთმანეთის მხარდაჭერის გავრცელებაში.
მოუყევით ამბები ჯანდაცვის მუშაკებზე, მეცნიერებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ბავშვებისთვის დიდი შვება იქნება, იცოდნენ, რომ კეთილი ადამიანები მუშაობენ და არ იშურებენ ძალისხმევას.
თუ თქვენ დაძაბული ან გაღიზიანებული ხართ, დაუთმეთ ცოტა დრო თქვენს თავს და მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენთვის სანდო პირებს. გამოყავით დრო ისეთი რაღაცეების გასაკეთებლად, რაც დაგეხმარებათ, რომ დამშვიდდეთ და აღიდგინოთ ძალები.
შეახსენეთ ბავშვებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან რთულ თემებზე საუბარი. შეახსენეთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე, უსმენთ მათ და რომ მათ განკარგულებაში ხართ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს შეშფოთებულად გრძნობენ. "