"თუ შეამჩნევენ, რომ ოჯახში კონფლიქტები გაუხშირდათ, არ გაუკვირდეთ და გადახედონ, რატომ ხდება..." - ოჯახების გამოცდა იზოლაციის დროს და ფსიქოლოგის რჩევები
"თუ შეამჩნევენ, რომ ოჯახში კონფლიქტები გაუხშირდათ, არ გაუკვირდეთ და გადახედონ, რატომ ხდება..." - ოჯახების გამოცდა იზოლაციის დროს და ფსიქოლოგის რჩევები
მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ერთადერთი, რითაც ადამიანებს შეუძლიათ კორონავირუსისგან დაცვა, სახლში დარჩენაა. თუმცა, უცებ განსხვავებულმა ცხოვრების წესმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა. რაზე უნდა ჰქონდეთ მშობლებს ამ პერიოდში ყურადღება გამახვილებული და როგორ შეუძლიათ ეს დრო სასიამოვნოდ გამოიყენონ, ფსიქოლოგი ქეთევან მესხიშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში, მშობელმა ბავშვს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება და რატომ შეიცვალა მათი ყოველდღიურობა. ეს არ უნდა მოხდეს დამთრგუნველი ენით, თუმცა რეალობის ახსნა მნიშვნელოვანია. მშობელი რამდენადაც მარტივად მიაწვდის ამ ინფორმაციას და მისი განწყობაც მშვიდი იქნება, ბავშვიც
მარტივად აღიქვამს. ბაშვებში შფოთვის გაძლიერება ხდება მაშინ, როდესაც მშობლებსა და უფროსებში მსგავს განწყობას ხედავენ. ოჯახში უნდა იყოს მეტ-ნაკლებად მშვიდი ფსიქო-ემოციური ფონი. ჯერჯერობით ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე, სადაც ბევრი ადამიანი არ იყრის თავს, აკრძალული არ არის. გარდა ამისა, შესაძლებელია სახლში ბევრი სხვადასხვა აქტივობისა და თამაშის მოფიქრება. სიტუაციას დადებითი კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ. აქამდე თუ მშობლები წუწუნებდნენ, რომბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო არ ჰქონდათ, ახლა ამ დროის კარგად გამოყენება შეიძლება, მაგალითად, დაამყარონ ახალი კონტაქტები, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ოჯახის წევრებს. თუმცა, საყურადღებოა, რომ კიდევ უფრო არ მიაჯაჭვონ კომპიუტერებსა და გაჯეტებს იმიტომ, რომ მშობლების უმეტესობას დავიწყებული აქვს დიდხანს, როგორ უნდა
იურთიერთოს ბავშვებთან.

- თავად მშობლებიც ძალიან დაძაბულები არიან, იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევთ საკუთარ თავზე. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?

- აუცილებლად უნდა დამშვიდდნენ და შეძლონ, რომ რეალობა აღიქვან რეალობად. არც სიტუაციის კატასტროფიზაცია უნდა მოხდეს და არც ის, რომ უმნიშვნელოდ ჩათვალონ იმ არგუმენტით, რომ მას არ შეეხება. ზრდასრული ადამიანი აწმყოზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ შევცვლით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის, ის, რომ გავითვალისწინოთ არსებული რეკომენდაციები, რომ მსგავსი სიტუაცია მალე დამთავრდეს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, რადგან მინდა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და ამიტომ, ვასრულებ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც გვთავაზობენ.

- არსებულმა მდგომარეობამ ოჯახებში მდგომარეობა გაამწვავა. რამდენიმე უცხოურმა წყარომ დაწერა, რომ ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ უამრავი ოჯახი განქორწინდა. რამდენად დიდი პრობლემაა ეს ჩვენს საზოგადოებაში?

- მსგავსი მოლოდინი მაქვს მეც. ვარაუდის საფუძველს კი მაძლევს ის, რომ რიტმი იმდენად სწრაფი იყო, ადამიანები გავურბოდით პრობლემებს სამსახურებში, ოჯახებში, ვხდებოდით მოუცლელები, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან. მინიმალურ დროს ატარებდნენ სახლებში და არ გამკვირვებია, ჩინეთში მსგავსი შემთხვევა. მეც ჩვენს ქვეყანაში სოციუმში ძალიან ბევრ ცვლილებას ველოდები. არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც განქორწინება იქნება, მაგრამ, ზოგადად, ურთიერთობების გადახედვა აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. შეიძლება ზოგან პირიქით მოხდეს და უფრო მეტად გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ და ბევრი დადებითი თვისება აღმოვაჩინოთ მათში. ჩვენთან კონტაქტის, კომუნიკაციისა და დიალოგის პრობლემები ისედაც იყო. თუ შეამჩნევენ, რომ ოჯახში კონფლიქტები გაუხშირდათ, არ გაუკვირდეთ და გადახედონ, რატომ ხდება ეს ახლა მათ ცხოვრებაში და რატომ არ ხდებოდა აქამდე. ახლა მაინც ჰქონდეთ მზაობა, რომ აღმოაჩინონ რელური ხარვეზები ურთიერთობებში და გამოიყენონ ეს დრო მათ აღმოსაფხვრელად.

- როგორ შეუძლიათ მშობლებს, რომ ეს დრო მათი შვილებისთვის სასიამოვნოდ გამოიყენონ და დადებითი ემოციები გაუღვიძონ?

- რამდენადაც შეუძლიათ, მშობლებმა საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დაასტაბილურონ. შფოთვას ძალიან შველის ორგანიზებულობა და სტრუქტურა. მაგალითად, კარგი იქნება თუ დღის რეჟიმი დაიგეგმება, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში. მშობლებმაც დაგეგმონ თავისი საქმე, რას გააკეთებენ და თავისუფალ დროს, ბავშვებს კონკრეტული აქტივობები შესთავაზონ. თავადაც გახდნენ პროცესის ნაწილი და მხოლოდ დავალებების მიცემით არ შემოიფარგლონ.სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ, თუ ბავშვებთან ერთად დახატავენ, გამოძერწავენ და ასე შემდეგ. ეს არის ფსიქოლოგიური ტექნიკა, რომელსაც თერაპიის დროსაც ვიყენებთ ხოლმე. იდეალური შესაძლებლობაა სტრესის მოსახსნელად არა მარტო დიდებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. ძალიან ბევრი როლური თამაში არსებობს, უბრალოდ ორგანიზებული უნდა იყოს დღის რეჟიმი და უფრო მეტი სიმშვიდე იქნება სახლში.

თამარ იაკობაშვილი

1388
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გიორგა
0
ეშხიანი!
14:55 / 20-04-2020
0
ტკბილმწარე კორონას არხადეგები..
17:12 / 18-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?