სახლში დარჩენა ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა გამოწვევა და შფოთვას ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების შეცვლა მოჰყვა. რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ადამიანებმა, Mshoblebi.ge ნეიროფსიქოლოგს, თამარ გაგოშიძეს, დაუკავშირდა.
- ერთადერთი მოთხოვნა, რომ მსოფლიო გადავარჩინოთ, სახლში დარჩენაა. ეს მხოლოდ სიტყვები არაა, იმისათვის, რომ გავრცელება შევამციროთ, ყველაზე ადეკვატური რეაგირებაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 21-ე საუკუნეში სახლში დარჩენა ყველაზე რთულია. როდესაც ოჯახში ერთდროულად გვაქვს სამსახური, სკოლა და საბავშვო ბაღი, თუ კონკრეტული რუტინა არ გამოვიმუშავეთ, არაფერი გამოვა. უნდა ვცადოთ, რომ საერთო წესები ჩამოვაყალიბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ყველა სახლშია და ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობების შენარჩუნება. უნდა არსებობდეს კონკრეტული დრო ჭამისთვის, თამაშისა და საქმისთვის. ყველა ოჯახს სამ-სამი კომპიუტერი ხომ არ აქვს. იცით, რომ ჩვენი საზოგადოება არც ისე ხელგაშლილად ცხოვრობს. შეიძლება იყოს ერთი კომპიუტერი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს, მშობელმა ონლაინ უნდა შეასრულოს საქმე, ბავშვებმა სასკოლო დავალებები და ასე შემდეგ. ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, ჩამოვწეროთ, ვინ როდის გამოიყენებს მას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, ამიტომ, ბავშვების წესებში ესეც უნდა შედიოდეს, რომ ხელები ხშირად დაიბანონ. პანიკის გარეშე ინფორმირებულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი რჩევაა, ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს და ნაკლებად გაეცანით სხვა მედიასაშუალებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ძირითადად, მოდის ნეგატიური ინფორმაცია და არ არის საჭირო ყოველ წუთში მსგავსი ინფორმაციის მიღება. დღეში ერთხელაც საკმარისია ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებს მოვუსმინოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს გამოვიყენოთ სამაგიდო თამაშები, ჩავრთოთ კრეატიულობა და ჩვენც მოვიფიქროთ რაიმე. ეს ჩვენთვისაც ფსიქოთერაპიაა. აქაც აუცილებელია, რომ კონკრეტული დრო განვსაზღვროთ.
ახლა აქტიურად გვთავაზობენ ვირტუალურ ბიბლიოთეკებს, მუზეუმების დათვალიერებას ონლაინ რეჟიმში. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ბავშვებთან ერთად დავათვალიეროთ და გზადაგზა ვიდისკუსიოთ ნანახზე. გამოვიყენოთ ის რესურსები, რაც გაგვაჩნია.
გავაცნობიეროთ, რომ შფოთვა ყველას აწეული გვაქვს და ასეც უნდა იყოს. შფოთვა თუ არ გაქვს, უდარდელად იქნები და შენზე არანაირი გაფრთხილება არ იმოქმედებს. მაგრამ შფოთვის დონის რეგულაცია უნდა შევძლოთ. ზოგჯერ ის იმდენად მაღალია, რომ რეალობის აღქმის უნარს გვაკარგვინებს.
ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან რთულია იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ თავს, ახლობლებს, მეუღლეებს ყოველდღიურად ხან სამსახურში ხან კიდევ სხვაგან გავურბივართ. წავიკითხე, რომ ჩინეთში კარანტინის შემდეგ ძალიან ბევრი ოჯახი განქორწინდა. ეს ოჯახებისთვის დიდი გამოცდაა. არ ღირს ყველაფერზე ყურადღების გამახვილება და დამნაშავის ძიება იმიტომ, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაღიზიანებულები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრებიც ასე არიან. რჩევების მიცემა ძალიან ადვილია, გაკეთებაა რთული. ზოგიერთ ადამიანს სივრცეც არ აქვს სახლში. შეიძლება მთელი ოჯახი ერთ ოთახში იყოს. ამიტომ, ყველას თავის განსაცდელი აქვს ამ თვალსაზრისით, ვიღაცას სივრცე არ ჰყოფნის, ვიღაცას ურთიერთობები უჭირს, ვიღაცას კომპიუტერის პრობლემა აქვს. მთავარია, რომ პრობლემა სწორად აღვიქვათ და ერთმანეთს არაფერი დავაბრალოთ, რადგან შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავე არავინაა. ოჯახის წესრიგი ისე უნდა შევცვალოთ, რომ ვეთანამშრომლოთ ერთმანეთს. თუ თანამშრომლობა არ აიქნება, ძალიან გაჭირდება საქმე. სხვა გზა არ გვაქვს. გამოვიყენოთ სიტუაცია სასარგებლოდ, გავითვალისწინოთ ეს გაკვეთილი და ერთმანეთში ისეთი რაღაცები აღმოვაჩინოთ, რაც აქამდე არ შეგვიმჩნევია.
თამარ იაკობაშვილი