"თუკი გონება უარესისკენ გვაქვს მიმართული და ცუდისთვის ვემზადებით, უარეს მომავალს მოვიზიდავთ" - პაატა ამონაშვილის რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს
"თუკი გონება უარესისკენ გვაქვს მიმართული და ცუდისთვის ვემზადებით, უარეს მომავალს მოვიზიდავთ" -  პაატა ამონაშვილის რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს
ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი გვესაუბრება, თუ როგორ გავძლოთ ხანგრძლივად შინ ჩაკეტილებმა ისე, რომ არ დავისტრესოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო ნაყოფიერად და როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტები. გთავაზობთ 5 რჩევას ბატონი პაატასგან:

ჩვენ გარშემო შექმბილი მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს ვგულისხმობ, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ვრცელდება უცხო და ექიმებისათვის შეუსწავლელი ვირუსი, საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს, მთავრობა იძულებულია დააწესოს შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებისა და თავყრილობებზე. ამან მთლიანად შეცვალა ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების რიტმი. ბევრი ადამინი აღმოჩნდა ოთხ კედელში გამოკეტილი, ზოგიერთები მუშაობენ ონლინ, ზოგიერთი კი
უმუშევარი დარჩა. ბავშვები აღარ დადიან სკოლაში, უხდებათ სახლში მეცადინეობა. გაურკვეველია, როდის დამთავრდება შეზღუდვები. 
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, როგორ გავძლოთ და რა გავაკეთოთ, რომ ნერვებმა არ გვიმტყონოს ჩვენც და ბავშვებსაც.
ჯერ ჩვენზე, უფროსებზე ვილაპარაკოთ:
ფსიქოლოგებისათვის ცნობილია, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს განწყობაზე.
რა თქმა უნდა, განწყობაზე მოქმედებს გარემო პირობები. ადამიანის სულიერი სიძლიერე კი სწორედ ამით განისაზღვრება: შეგვწევს თუ არა ჩვენ თვითონ უნარი, შევიქმნათ მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული განწობა მაშინაც კი, როცა გარემო პირობები რთულია.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დავსვათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ გავძლიერდეთ სულიერად? მაშინ ნერვებიც ნაკლებად გვიმტყუნებს.

1.

დავისახოთ რაიმე შემოქმედებითი მიზანი, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს ხატვა, წერა (თუნდაც დღიურების),
ხელსაქმე, ბავშვების აღზრდა (ეს განსაკუთრებული შემოქმედებაა!), თეატრალური წარმოდგენების დადგმა (ოჯახის წევრებისათვის ბავშვებთან ერთად). რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი შემოქმედების შედეგი საკაცობრიო მნიშვნელობის იყოს. მთავარია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს თავად ჩვენთვის. შემოქმედებითი მისწრაფების გარეშე ადამიანის შინაგანი სამყარო დაუმუშავებელ, ან ცუდად დამუშავებულ მიწას ჰგავს, რომელზეც აუცილებლად მრავალი სარეველა ამოვა.
სწორედ ეს სარეველებია მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ნერვები და ფსიქიკა გვიმტყუნებს. ეს სარეველებია ხანდახან მასმედიის მიერ დათესილი პანიკა, ხშირად ფუჭი, სწრაფწარმავალი მღელვარება.
ადამიანისათვის, რომელიც შემოქმედებით იწვის, ვირუსებიც ნაკლებ საშიშია.
ადამიანი, რომელსაც შემოქმედებითი მიზანი გააჩნია, საუკეთესო აღმზრდელიცაა თავისი შვილებისათვის.

2.

მას შემდეგ, რაც შემოქმედებით მიზანს დავისახავთ, ნერვების მოწესრიგებას ძალიან წაადგება საკუთარი დღის განრიგის შექმნა. ჩვენ (მე და ჩემმა მეუღლემ, თამრიკომ), სწორედ ამით დავიწყეთ. როგორც კი მივხვდით, რომ ერთხანს სახლში ყოფნა მოგვიწევს, გავწერეთ თითოეული დღე დილის 5 საათიდან, საღამო 10 საათამდე. ამ განრიგის ძირითადი ნაწილებია ჩვენი შემოქმედება, ერთმანეთთან ბედნიერი ურთიერთობა, ვარჯიში და წმინდა წერილების კითხვა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ მთელი დღე დატვირთული გვაქვს იმ საქმეებით, რაც გვიყვარს.
რა თქმა უნდა, განრიგში გავითვალისწინეთ შექმნილი პირობები. ყველაფერი სახლის და ჩვენი ეზო-ყურის ფარგლებში ხდება.
განრიგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ბავშვებთან ურთიერთობა. ყოველდღე რამდენიმე საათით მოდიან ჩვენი შვილიშვილები, რომლებსაც ძალიან სახალისო, განმავითარებელ მეცადინეობებს ვუტარებთ. ეს მეცადინეობებიც ჩვენი შემოქმედების ნაწილია და ბავშვებთან ერთად ჩვენც ვვითარდებით.

3.

რა თქმა უნდა, დროს ვუთმობთ ახალი ამბების გაცნობას. გვესმის, რომ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, რაც საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ხდება. ოღონდ ამისათვის გამოვყავით დღეში მაქსიმუმ ნახევარი საათი და ისიც ახალი ამბების წაკითხვის სახით რამდენიმე წინასწარ შერჩეულ საიტზე და არა ახალი ამბების ტელევიზიით გაუთავებელი ყურებით. გულით გირჩევთ, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, მინიმუმამდე შეზღუდოთ ტელევიზიით ახალი ამბების ყურება (ან სულაც გამოვრიცხოთ ტელევიზორი ჩვენი ცხოვრებიდან) და ახალი ამბების შესახებ ყველაფერი გავიგოთ ჩვენთვის მისაღები საიტებიდან, ოღონდ ამისთვის გამოვყოთ დრო (ჩვენთვის ნახევარი საათი სავსებით საკმარისია) ჩვენს განრიგში და არ ვიყოთ მიჯაჭვული ტელევიზორს მთელი დღით.

4.

ახლა რაც შეეხება ბავშვებს. ემოციურად ისინი მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. აქედან გამომდინარე, თუ მშობლები ძალიან ღელავენ, ეს ბავშვებსაც გადაედებათ. ბავშვების დაწყნარების საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის დაწყნარება. თუკი ეს არ შეგვიძლია, მაშინ (მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ) ვერც ვერავის დავაწყნარებთ. შევეგუოთ, რომ ბავშვებიც იღელვებენ.
თუკი ჩვენ თვითონ გვაქვს გონება მომართული უარესისკენ და ჩვენს თავს ვამზადებთ უარესისთვის, მაშინ უარესი მომავალიც მოიზიდება.
ხოლო თუ საუკეთესოზე ვფიქრობთ, მაშინ საუკეთესო მომავალი მოიზიდება.
ძლიერი სულის ადამიანი უკეთესზე ფიქრობს მაშინაც კი, როცა გარემო პირობები არასახარბიელოა. სულის გაძლიერებისათვის კი პირველ პუნქტს დავუბრუნდეთ და დავისახოთ შემოქმედებითი მიზანი.
ბავშვები ნაკლებად იღელვებენ მაშინაც, თუ მათ თვალწინ არ არის გამუდმებით ჩართული ტელევიზორი. ამის ნაცვლად, მოდი ვიფიქროთ, რა ერთობლივი აქტივობები შეგვიძლია შევთავაზოთ მათ – მაგიდის თამაშები, წიგნების ერთობლივი კითხვა, შემეცნებითი ფილმების ერთად ნახვა, ან ბავშვებთან ერთად ონლაინ გაკვეთილებზე მეცადინეობა (მე მგონი ამას ვერც ერთი სკოლა ვერ აკრძალავს). დარწმუნებული ვარ, თუ ბავშვებთან ერთად ვიმეცადინებთ, მათი მოტივაცია ძალიან ამაღლდება.
თუკი შეგვიძლია, ესეც ჩვენს შემოქმედებით მიზნად შეგვიძლია ვაქციოთ – განვვითარდეთ ჩვენს შვილებთან ერთად.

5.

რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილებს.
ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველია უპირობო სიყვარული მასწავლებლისა მოსწავლეების მიმართ და მოსწავლეებისა მასწავლებლის მიმართ.
ალბათ ვერაფერს ვერ ვურჩევ მე იმ მასწავლებლებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ზედმეტია და მათ მხოლოდ ცოდნა უნდა გადასცენ ბავშვებს. მაშინ ონლაინგაკვეთილებიც უფრო მეტად უინტერესო (და, შესაბამისად არაფრისმომცემი) გახდება, ვიდრე ცოცხალი გაკვეთილები სკოლაში.
ის მასწავლებლები კი, რომლებიც აღიარებენ, რომ მთავარი საზრუნავი მოსწავლეებთან სიყვარულით სავსე ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა, ონლაინგაკვეთილებსაც ააგებენ ისე, რომ ბავშვებს არა მხოლოდ «ცოდნას გადასცემენ», არამედ მათ სულიერ მდგომარეობაზეც იზრუნებენ.
კონკრეტულად რა უნდა უთხრან ბავშვებს, ამას მათ სიყვარულით სავსე გული უკარნახებთ.
ჰუმანური პედაგოგიკა და ჩემი რჩევები ვერ წაადგება მასწავლებელს, რომელსაც გული სიყვარულისაგან დაცლილი აქვს.


ამონაშვილის აკადემია ყოველ პარასკევს 18:00-ზე აწყობს ონლაინ ღია სემინარებს ფეისბუქ-გვერდზე აკადემიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ამ პარასკევს თქვენთან “თანხმობის ფსიქოლოგიაზე” ისაუბრებს ნინო ამონაშვილი.
3569
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები