უამრავი მშობელი აღნიშნავს, რომ საყოველთაო იზოლაციის პირობებში, როდესაც აღარ შეუძლიათ თავიანთ თანატოლებთან თამაში და ურთიერთობა, ბავშვებს უცნაური ჩვევები გამოუვლინდათ, რაც აქამდე არ შეუნიშნავთ. ბევრ მათგანს შეეცვალა ხასიათი და ქცევა.
სოციალურ ქსელში დედებს ვთხოვეთ, აღეწერათ ის შეცვლილი ქცევის ნიშნები, რაც ბავშვებმა იზოლაციის პერიოდში გამოამჟღავნეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.
"ყველაფრის ინტერესი დაკარგეს, სულ წვანან და უნდათ, რომ პლედი ეხუროთ, ერთი ტელევიზორშია სულ შემძვრალი, მეორეს ტელეფონი უჭირავს სულ. დღის განმავლობაში ეზოშიც ჩაგვყავს, მაგრამ როცა სახლში არიან, სულ ასე არიან. 4 და 6 წლის ბავშვები"
"ტიკები დაეწყო, თვალებს აპაჭუნებს"
"სლოკინი დაეწყო... გარეთ თუ გავიყვანე, ავიწყდება. თუ ოთახშია - იწყებს"
"ჩემმა პერიოდულად კითხვისას ენის დაბმა შეამჩნია. 12 წლისაა... ამბობს, რომ, იცის, რაც უნდა წაიკითხოს, მაგრამ ხანდახან ენა არ ემორჩილება..."
"ღამით უძილობა და შიშები დაეწყო, რასაც აქამდე არასდროს შევუწუხებივართ. 10 წლისაა"
"თმის წვალება დასჩემდა... ერთ მხარეს აშკარად ეტყობა, რომ გამეჩხერებული აქვს თმა და კანი უფრო მოუჩანს. როგორც ჩანს, იგლეჯდა კიდეც ამ წვალებაში".
"ფრჩხილების კვნეტა იზოლაციის პერიოდში დაიწყო"
რამდენად დაძლევადია ეს პრობლემები და რა როლი აქვს მშობელს პროცესში, თემაზე ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე გვესაუბრება:
- სტრესების ფონზე წარმოქმნილი ტიკები და სხვა პრობლემური გამოვლინებები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. საყურადღებოა მაშინაც, როცა მხოლოდ სტრესის ფონზე არ არის განვითარებული. ყოველთვის არსებობს მიზეზი, როცა ბავშვი პრობლემურ ქცევას ავლენს. ამ შემთხვევაში, შედარებით უკეთაა საქმე, რადგან, ვიცით, რას შეიძლება დავაბრალოთ. ვაბრალებთ ჩვეული ქცევის მოშლას, არასტანდარტულ სიტუაციას, რომელსაც ვერ მოერგნენ. ვიღაც მონატრებას ვერ უმკლავდება, ვიღაც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას განიცდის და ასე შემდეგ. ბავშვებს ბუნებრივად სჭირდებათ ენერგიის დახარჯვა. ამიტომ, თუნდაც ის, რომ ფიზიკურად შეზღუდულები არიან, სერიოზული სტრესია. მაქსიმალურად უნდა მივცეთ მათ საშუალება და მოვიფიქროთ მათთან ერთად, როგორ იაქტიურონ ფიზიკურად ისე, რომ ზედმეტად არც მეზობლები შეაწუხონ, არც ოჯახის სხვა წევრები და არც სახლში არსებული ნივთები დააზიანონ. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვნოთ. ის, რომ ბავშვებს ვუთხრათ "დაეტიე სახლში, გაჩერდი, ცოტაც მოითმინე"- არ შეიძლება. უფროსებმა მეტი უნდა ვიფიქროთ. სხვადასხვა მშობელი სხვადასხვა რამეს მოიფიქრებს იმის მიხედვით, თუ როგორი ეზო აქვს, რამხელაა სახლი, როგორია იატაკი და ხმაური რამდენად ძლიერად გადის. ზოგიერთ სახლში არის იმის ფუფუნება, რომ ბავშვმა იატაკზე იხტუნოს, ზოგიერთი კი ისეთია, შესაძლოა მეზობლებს სერიოზული დისკომფორტი შევუქმნათ. ვთანხმდებით, ბავშვს მივცეთ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად დატვირთული იყოს. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ხტუნაობა და სირბილი, შეიძლება იყოს ჩაბუქვნები, პრესის ვარჯიშები და სხვა ისე, რომ უფროსებიც ჩაერთნონ გამოწვევასა და შეჯიბრში და მოახერხებენ, რომ დაღლამდე მიიყვანონ ერთმანეთი. რაც შეეხება მონატრებასა და ურთიერთობებს, კარგია, რომ არსებობს ინტერნეტი. მისი საშუალებით მონატრებასა და ურთიერთობის დეფიციტს მეტ-ნაკლებად მაინც იკმაყოფილებენ. უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ აქტივობებს, რაც ბავშვებს ეკრანს მოწყვეტს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სულ წამოწოლი და პასიურები არ იყვნენ.
- გარკვეული ჩვევები, რაც კონკრეტულმა სიტუაციამ მოიტანა ბავშვებში, რამდენად დაძლევადია და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?
- ნამდვილად გადალახვადია. შესაძლებელია თავისთავად, სპონტანურადაც გაიაროს. როცა სტრესი იხსნება, ადამიანში ყოველთვის არის თვითმარეგულირებელი სისტემების ამოქმედების საშუალება და ამიტომ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, თავადვე დაძლიოს. მაგრამ, თუ ადრეულ ეტაპზე ჩავრთავთ სპეციალისტს, ცუდი არ იქნება, რადგან მან შესაძლოა ბავშვთან კომუნიკაციისას ისეთი პრობლემები აღმოაჩინოს, რაზეც ჩვენ საერთოდ არ გვიფიქრია. ასეთ შემთხვევებში პრეპარატი არც კი გვჭირდება, თუ დაგვჭირდება, ამას სპეციალისტი გაარკვევს. გონივრული იქნება თუ ფსიქოთერაპევტთან ან კლინიკურ ფსიქოლოგთან გავივლით კონსულტაციას.
- რა შეიძლება იყოს ბავშვებში სტრესის ფარული ნიშნები, რომლის ამოცნობაც მშობელმა ერთი შეხედვით ვერ მოახერხოს?
- სხვადასხვა ტიპის ტკივილები, მაგალითად, მუცლისა და თავის ტკივილი, შეიძლება საყურადღებო იყოს და ამას სტრესი იწვევდეს. ბავშვებს მართლა სტკივათ ხოლმე თავი სკოლაში წასვლის წინ მაშინ, როცა წასვლა არ უნდათ, კი არ იტყუებიან, მართლა აწუხებთ მუცელი და მართლა ეწყებათ ფაღარათი. მარტო ბავშვებს არა, უფროსებსაც ემართებათ ასე, მნიშვნელოვანი მომენტების წინ ნერვიულობისას. გარდა ამისა, ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება უხასიათობა იყოს ან გამოძინებულად ვერ გრძნობდეს თავს. ასევე, შეიძლება იყოს უმადობა. ჭამით კი ჭამს, მაგრამ გუშინწინ რომ ჭამდა, გუშინ და დღეს ისე მადიანად ვეღარ მიირთმევს. ფარულია, მაგრამ ყურადღების შემთხვევაში აღმოვაჩენთ და რეაგირებას მოვახდენთ. რეაგირება შესაძლოა გამოკითხვა იყოს, დავინტერესდეთ, რა აწუხებს და ამაზე ვესაუბროთ. მშობელსა და შვილს ურთიერთობა ერთმანეთთან აახლოებს.
- სასწავლო დაწესებულებები გადასულია სწავლების ონლაინრეჟიმზე, ამის გამო ზოგიერთი ბავშვი არც ისე ხალისით ასრულებს დავალებებს. როგორ ფიქრობთ, დღეში 5-6 გაკვეთილი და დავალებების ჩვეულ რეჟიმში მიცემა გამართლებულია?
- თუ ბავშვი ფიზიკური აქტივობის გარეშე ძალიან დაჩაგრული არ არის, სხვა მხრივ რომ შევადაროთ, რა განსხვავებაა? ბავშვების გარკვეული ნაწილი დილით ემზადებოდა და სკოლაში მიდიოდა, რაშიც დროს ხარჯავდა და ბევრი მათგანისთვის დამღლელი იყო. ამ შემთხვევაში, ამას აცდება და ბევრად უფრო მარტივად დაჯდება კომპიუტერთან. თუმცა უარყოფითად შეიძლება აისახოს იმაზე, ვისაც დილით ფეხით გასეირნება უნდოდა. მოსწავლე, რომელსაც უნდა, რომ მასწავლებელს მოუსმინოს, უფრო მარტივად და მშვიდად მოუსმენს მას ვიდრე მაშინ, როცა გაკვეთილზე ხმაური იყო. მასწავლებელიც უფრო მეტად მობილიზებულია, რადგან იცის, რომ გაკვეთილზე მხოლოდ ის და მოსწავლეები არ არიან. ნებისმიერ დროს შეიძლება პროცესს ესწრებოდეს მოსწავლის მშობელი როგორც კეთილგანწყობილი, ასევე არაკეთილგანწყობილი. ბავშვისთვის ეს პროცესი უფრო დამღლელი არ უნდა იყოს, თუ სულ ჩაკეტილი არ არის. დასვენებები თუ იგივე აქვს გაკვეთილებს შორის, სახლში გავლა-გამოვლა, წახემსება, წამოწოლა შეუძლია, რისი შესაძლებლობაც სკოლაში არ ჰქონდა. რაც უფრო მეტ სწავლას მოასწრებს, უკეთესია. რეალურად, დატვირთვა არ იზრდება, უბრალოდ უძრაობაა პრობლემა.
- მომავალში რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჩაკეტილმა ცხოვრებამ?
- ჩაკეტილმა ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანი შეეგუოს ნაკლებ მოძრაობას. ეს უკვე იყო ჩვენთვის პრობლემა, ამიტომაცაა ამხელა რაოდენობით ოსტეოქონდროზი, ძვალ-სახსროვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. კვლევების მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მთავარი პრობლემა თამბაქოს მოხმარების შემდეგ, უმოძრაობაა. როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, რაც უფრო მეტად ვიმოძრავებთ ფეხით, რაც უფრო ნაკლებად გამოვიყენებთ მანქანებს, მითუმეტეს მოკლე მანძილზე, რაც უფრო ბევრი გამოვიყენებთ ველოსიპედს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოება გადარჩეს.
- რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის?
- ბავშვები იმდენ სტრესს იმის გამო არ განიცდიან, რომ ერთმანეთთან ვერ აქვთ ურთიერთობა, რამდენსაც იმის გამო, რომ მშობლები არიან დასტრესილები. მშობლების მთავარი საზრუნავია, რომ თავად იყვნენ მშვიდ და ოპტიმისტურ მდგომარეობაში. ბავშვებზე აუცილებლად აისახება მათი ფსიქიკური მდგომარეობა. შეიძლება ერთი სიტყვით არ დასცდეთ მათთან თავიანთი პრობლემები, მაგრამ აისახება ხმის ტონზე, გამომეტყველებასა და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად მშობელი იყოს მხნედ. რაც შეეხება მასწავლებლებს, მე ვერ ვიტყვი, რომ უნდა შეამცირონ ან გაზარდონ დატვირთვა. მათ თავისის საქმე კარგად იციან. ერთადერთი, გამძლეობას ვუსურვებ, რადგან ონლაინსწავლების გამო სერიოზული დისკომფორტი აქვთ, რადგან სხვა სტრესია, როდესაც ამდენი უჩინარი თვალი უყურებს. ვურჩევ, რომ იყვნენ საქმეზე ორიენტირებული და ამის გამო ზედმეტად არ დაითრგუნონ.
თამარ იაკობაშვილი