სამწუხაროდ, დეპრესია მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს არ ახასიათებთ და ბავშვებშიც გავრცელებულია. სტრესი, ცხოვრების სტილის უეცარი შეცვლა, ახლობლის გარდაცვალება და ჰორმონალური ცვლილებებიც კი შეიძლება გახდეს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები უფრო მეტად არიან დეპრესიისაკენ მიდრეკილნი, ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. თუ თქვენს შვილს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აქვს, აუცილებლად გაიარეთ სპეციალისტთან კონსულტაცია.
სწავლის ხარისხის გაუარესება
როგორც წესი, ბავშვი სრულიად მოულოდნელად არ აუარესებს სწავლის ხარისხს. ამას ყოველთვის რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, კონფლიქტი თანაკლასელთან ან მასწავლებელთან, სახლში ყურადღების დეფიციტი, ახალი მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები. ეს ყველაფერი კი შეიძლება დაკავშირებული იყოს დეპრესიასთან და, შესაბამისად, სწავლის მოტივაციის გაქრობასთან.
ბავშვს დიდხანს სძინავს
დეპრესიის დროს, როგორც წესი, ძილის ფაზა დარღვეულია, ღამით სხეული ვერ ისვენებს სათანადოდ და ტვინიც "გადატვირთულია". ამიტომ, გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ ძილისთვის და ენერგია მაინც არ ჰყოფნით. დილით ადგომა ძალიან უჭირთ და ამის გამო ხშირად აცდენენ პირველ გაკვეთილებს, რათა კიდევ უფრო დიდხანს ეძინოთ.
კომუნიკაციის ხარისხის შემცირება
დეპრესიის დროს ადამიანები თვითიზოლაციისაკენ მიისწრაფვიან. კონტაქტი და ურთიერთობა ბევრ ენერგიას მოითხოვს. თუ თქვენი შვილი უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, მასთან კომუნიკაციის დეფიციტი გაქვთ, მნიშვნელოვანია, ამას მიაქციოთ ყურადღება და მიმართოთ სპეციალისტს.
ბავშვი უარს ამბობს გართობაზე
თუ ბავშვი უარს ამბობს პარკში, კინოში, წვეულებაზე მეგობრებთან ერთად წასვლაზე, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ფაქტს. როგორც წესი, გართობა მათ ენერგიასა და ძალას მატებს, ეხმარება განტვირთვასა და დასვენებაში. დეპრესიის დროს კი ყოველივე ეს აღქმულია ენერგიის ზედმეტად ხარჯვად და ბავშვები უარს ამბობენ გართობასა და სიხარულზე.
ბავშვს არ ახარებს ბედნიერი მოგონებები
ბავშვობა ყველაზე ბედნიერი დროა ადამიანის ცხოვრებაში. დეპრესიის დროს ტკბილი მოგონებებიც კი არ ანიჭებთ ადამიანებს სიხარულსა და ბედნიერების განცდას. არ უხარიათ არც აწმყოში განვითარებული საინტერესო დღეები, არც მომავალს გეგმავენ და წარსულის მოგონებებსაც აუფერულებენ.
ბავშვი იმაზე ხშირად ტირის, ვიდრე ჩვეულებრივ ტიროდა ხოლმე
ცრემლები - სრულიად ბუნბრივი საშუალებაა ნეგატიური ემოციის გამოსახატავად. მაგრამ, თუ ბავშვი სრულიად შეუფერებელ დროს იწყებს ტირილს და ძალიან მცირე მიზეზიც კი საკმარისი ხდება, რომ იტიროს, მაშინ ღირს, რომ სპეციალისტს დაუკავშირდეთ.
უარს ამბობს თანადგომაზე
ზოგჯერ, შესაძლოა ადამიანების მიერ გამოხატული თანაგრძნობა მსოფლიოში ყველაზე დადებით ემოციად მოგეჩვენოთ, მაგრამ დეპრესიის დროს, ადამიანები საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ მას თანაუგრძნობენ დ ანუგეშებენ. ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ქცევას, თუ აგრესიას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წყენის დროს მის გამხნევებას ცდილობენ.
ბავშვს კვებითი ჩვევები ეცვლება
შეცვლილი ჭამის მადა დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომია. ეს შეიძლება იყოს როგორც მადის დაქვეითება, ასევე მომატება. ყველაზე საშიში ნიშანი კი მკვეთრი ცვლილებაა. თუ ამ პროცესს კიდევ ახლავს თან სხვა სიმპტომებიც, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.