ორშაბათს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების დიდი ნაწილისთვის ეს პროცესი სტრესთან არის დაკავშირებული. ემოციურ ფაქტორს პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებიც ამძაფრებს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აბიტურიენტმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი, მას უნდა ეკეთოს პირბადე. მაგიდა, რომელზეც აბიტურიენტს მუშაობა მოუწევს აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების გამორთვის რეკომენდაცია არის გაცემული. თუმცა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა იმისათვის, რომ მართონ სტრესი და ემოციები საგამოცდო პროცესში? როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ეს გარემოებები არ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი ცოდნის წარმოსაჩენად და საუკეთესო შედეგის მისაღებად. ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე „დღის თემაში“ საუბრობს.