ასეთ ბავშვებს სხვებზე მეტად სჭირდებათ მოფერება, ყურადღება და მზრუნველობა "ჩემი შვილი ძალიან უკონტაქტოა, გულჩათხრობილია, მარტო უყვარს თამაში, არც თანატოლებთან და არც ოჯახის წევრებთან არ იხსნება" – ასე ამბობენ ხოლმე მშობლები გულჩათხრობილ ბავშვებზე. განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდებათ ღელვა, როცა უკვე გარშემო მყოფებიც მიუთითებენ ბავშვის განსხვავებულობაზე და ამბობენ, რომ უჭირთ მასთან ურთიერთობა. როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ასეთ დროს?
ფსიქოლოგების აზრით, თუ ეს მდგომარეობა ბავშვს მოულოდნელად არ დაეწყო, რაც პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული რაიმე უცაბედ სტრესთან თუ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, მაშინ მიზეზები ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.
მაგალითად, ცნობილია, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები ხშირად ხდებიან ინტროვერტები და მეტისმეტად არიან ორიენტირებულნი საკუთარ თავზე. მათი ეგოიზმი ხშირად ჩაკეტილობაში ვლინდება. კიდევ ერთი მიზეზი: ბავშვებს უყვართ საკუთარ თავში ჩაკეტვა, თუ ხშირად ავადმყოფობენ ან რაღაც ისეთი მიზეზი აქვთ, რის გამოც თანატოლების მსგავსად ვერ აღიქვამენ თავს და განსხვავებულობის აქცენტირების ან დაცინვის თავიდან ასაცილებლად იკეტებიან. ჩაკეტილობის და კომპლექსების ასევე ხშირი მიზეზია ოჯახში შექმნილი ვითარება – მეტისმეტად მკაცრი მშობლები, ფიზიკური დასჯა, ოჯახური კონფლიქტები...
გულჩათხრობილი ბავშვი, როგორც წესი, ცდილობს ან მარტო იყოს სულ, ან დედასთან. ჩვეულებრივ, ძნელად იტანს ახლობლებთან მცირეხნიან დაშორებასაც კი, ნერვიულობს, ტირის, ემოციების გამო ხანდახან ტემპერატურაც კი უწევს მაღლა. მეტისმეტად აქვს განვითარებული შიში, არ მიატოვონ, არ უარყონ. ამიტომ ამ შიშის დასათრგუნად, მის "ცუდ" და "უგვან" ხასიათზე კი ნუ დაიწყებთ გამუდმებით საჯარო თუ კერძო მსჯელობებს, ჯობს, ბავშვს მეტად დაუახლოვდეთ, ხშირად ელაპარაკოთ, მეტი სითბო გამოავლინოთ, უთხრათ, როგორ გიყვართ ასეთი, როგორიც არის, და რომ ძალიან გჭირდებათ. ასეთ ბავშვებს სხვებზე მეტად სჭირდებათ სიყვარული, მოფერება, ყურადღება და მზრუნველობა. ხშირად შეაქეთ, რომ მაქსიმალურად დაძლიოს კომპლექსები და თავდაჯერებული გახდეს.
მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ბავშვს ნაცნობების წრე გაუფართოვოთ. მისი თანდასწრებით მიმართეთ მისთვის უცნობ ადამიანებს, ხშირად წაიყვანეთ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანია – მაღაზიაში, სტუმრად. არ დააძალოთ, რომ საუბარში მიიღოს მონაწილეობა და მაინცდამაინც რამე თქვას, ბარიერს ასე ადვილად ვერ გადალახავს. ყველაფერს დრო სჭირდება. ნურც გაუმახვილებთ ყურადღებას, რომ სხვანაირია და ყველასავით გახსნილი, უკომპლექსო და კონტაქტური არ არის. ეცადეთ ისეთი პირობები შეუქმნათ, რომ თავი მშვიდად, მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს, სხვა ადამიანების წრეშიც. მაგალითად, სხვებთან საუბრის დროს ხშირად გადაუსვით ბავშვს თავზე ხელი, დაისვით მუხლებზე, ან ხელი ჩაკიდეთ. ამ მიჩვევის პერიოდში ის იგრძნობს, რომ სხვების გარემოცვაშიც მშვიდად და მყუდროდ არის, დედასთან ერთად, და გარშემო მყოფები მას საფრთხეს არ უქმნიან.
ხშირად გაუსვით ხაზი მასთან საუბრისას, რამდენად აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა. უამბეთ, რამდენი ახალი და საინტერესო რამ შეიტყვეთ ამა თუ იმ ადამიანისგან, რამდენი სასიამოვნო თავგადასავალი გადაგხდათ ბავშვობაში თანატოლებთან ერთად. პირველ რიგში თავად უნდა იქცეთ მისთვის მაგალითად, რომელიც ძალიან კომუნიკაბელურია და ბევრ ადამიანთან ლაღად ურთიერთობს. ასეთ ბავშვს, არ უნდა გაუმძაფროთ მდგომარეობა მუდმივად გარეშე საფრთხეებზე საუბრით, მისთვის უცნობი ადამიანების კრიტიკით თუ "უცხო ძიებით და დეიდებით" დაშინებით.
ასევე აუცილებელია, ასეთ ბავშვს შეუზღუდოთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დრო – რადგან არის საშიშროება, ისედაც გულჩათხრობილ პატარას ვირტუალურმა სამყარომ მთლიანად შეუცვალოს რეალური გარემო. ყურადღება მიაქციეთ მისი ოთახის ინტერიერსაც, ფერებს – მის გარშემო მეტი ნათელი ფერი, მეტი მხიარულება უნდა იყოს. წაუკითხეთ პოზიტიური წიგნები კარგ და მხიარულ მეგობრებზე, ეთამაშეთ. მიაქციეთ ყურადღება მის კვებას – სტრესებთან ბრძოლაში კარგი დამხმარეა ხილ-ბოსტნეული (ბანანი, ფორთოხალი, სტაფილო, ჭარხალი).
თუ შეატყობთ, რომ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად წინსვლა არ არის და პირიქით, ბავშვი უფრო იკეტება და უცხოვდება, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის.
ასევე იხილეთ: გოგონა და ბიჭი სხვადასხვანაირად უნდა შეაქოთ
მშობლების 7 მთავარი შეცდომა - როდის არის შვილის წარუმატებლობა მშობლის ბრალი