მშობლები ხშირად წუხან, რომ ბავშვები ცუდად იქცევიან, თუმცა ხშირად მათი ქცევის მიზეზს არ იძიებენ. როგორ არის მათი ქცევა დაკავშირებული, ერთი მხრივ, ბავშვთან და მეორე მხრივ, უფროსებთან, რას არ აქცევენ მშობლები ყურადღებას და სად უშვებენ ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომას, თემაზე ნეიროფსიქოლოგმა, პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში " პირადი ექიმი - მარი მალაზონია" ისაუბრა:
- პირველად უნდა დავსვათ კითხვა, რა არის "ცუდი", რა არის მისაღები და მიუღებელი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ბევრი ფასეულობა გაფერმკრთალდა, ფერი დაკარგა, რუხი და ნაცრისფერი გახდა. ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რაც მიზანს მიმაღწევინებს, რაც წარმატებამდე მიმიყვანს. წარმატებულ ადამიანებს აღარ ეკითხებიან, ეს ცუდია თუ კარგი. კარგია, იმიტომ, რომ წარმატებულია. სამწუხაროდ, ეს ეს აწორი არ არის. შესაბამისად, ვსვამთ კითხვას, რა არის მიუღებელი და ცუდი. ქურდობა ცუდია? ღალატი ცუდია? ის, რომ ადამიანი პოლიციაში არ დარეკავს და გულგრილი დარჩება, ეს ცუდია? უპასუხისმგებლობა ცუდია თუ კარგი? უწმაწური საუბარი და ბილწსიტყვაობა ცუდია თუ კარგი? ცხოველების წვალება ცუდია თუ კარგი? ვიღაცებისთვის კარგია. პირადად ვარ მომსწრე და ჩავრეულვარ კიდეც, როდესაც ზრდასრული ადამიანების თვალწინ ბავშვები ცხოველებს აწვალებენ და ისინი ამაზე არ რეაგირებენ. მე ვარ იმის მოწმე, როდესაც ბავშვები ანაგვიანებენ გარემოს და უფროსები ამაზე არ რეაგირებენ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ქცევის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებზეც ზრდასრული ადამიანები არ რეგირებენ იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ ეს მიუღებელია ამ კონკრეტულ საზოგადოებაში. ბავშვი კი ჩვენ გვიყურებს. მისი მთავარი ორიენტირი არის მისთვის მნიშვნელოვანი მოზრდილი. გამვლელი არა, მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც მისთვის არის ავტორიტეტი. მცირეწლოვან ასაკში ის ბაძავს ავტორიტეტს. ბავშვი მიბაძვით სწავლობს, მიბაძვა არის ერთ-ერთი მთავარი უნარი, რომელზედაც მერე შენდება ყველა დანარჩენი სხვა უნარები. ამიტომ, ჩვენ ვართ სარკე. მახსენდება ერთი მაგალითი. ბავშვმა ტრანსპორტში ნაგავი დაყარა, დედა ამაზე არ რეაგირებს. ან დაუკითხავად აიღო ვიღაცის ნივთი და არც ამაზე რეაგირებს მშობელი. დღეს თუ შენ ამაზე არ რეაგირებ, ხვალ ღიად დადებულ ნივთებს კი არა, სხვა ნივთებსაც აიღებს ეს ბავშვი, რაც მოეწონება. ჩვენს საზოგადოებაში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რასაც ქურდობას ვეძახით. საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ და ვიცით ძალიან კარგად, რომ მაშინ სამსახურიდან სახლში რაღაცის წამოღება ქურდობად არ ითვლებოდა. არავისი ქონების მითვისება არ ითვლებოდა ქურდობად. 90-იანი წლებიდან, როდესაც ძალიან მძიმე ვითარება იყო საქართველოში და რამაც დანერგა ძალიან ცუდი მორალი, მივეჩვიეთ, რომ იმასაც მივითვისებ, რაც სხვისია და მერქმევა ძლიერი, "კაი ტიპი", რაც მეტს მივითვისებ და რაც მეტს წავართმევ. ხანდახან მშობელს მოჰყავს ბავშვი და ამბობს : "ამ უბედურს რა ეშველება, უსუსურია, თავის დაცვა არ შეუძლია, ვერ დაარტყამს". გასაწვრთნელად მოჰყავთ იმისთვის, რომ ეს ასე ვერ იცხოვრებსო და იქნებ მუშტით გამკლავება ვასწავლოთო. ეს ცუდია თუ კარგი? ეს არის ჩვენი რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ზნეობა და ეთიკა ამოღებულია დღეს ჩვენი ცნობიერებიდან. სამწუხაროდ, ეს მთელ მსოფლიოში უკვე ასეა. ადამიანის ეგზისტენცია ეთიკური ურთიერთობების გარეშე ბუნებაში არ არსებობს და ჩვენ დღეს ვხედავთ ეთიკისგან გაშიშვლებას, გინდათ მედიასაშუალებებში, გინდათ ადამიანურ ურთიერთობებში და მერე გვიკვირს, ეს ბავშვები ვის დაემსგავსნენ ან რატომ იმეტებენ ერთმანეთს, ან რატომ არიან ასეთი გულგრილები, რატომ არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანს. ისინი ჩვენი სარკე არიან და ჩვენ ჩავდეთ ეს ინვესტიცია. ინვესტიციას, როგორც ჩადებ, შესაბამისად, იმას მიიღებ.
თამარ გაგოშიძე: - მე პირადად, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩვენგან ხედავს ბავშვი, როგორ ხდება მანიპულირება და ძალადობა. შესაბამისად, ყველა ადამიანთან და, მათ შორის, ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი - ეს არის თავისუფალი არჩევანი, ოღონდ კონკრეტულ პირობებში. კონრეტული პირობები არასოდეს არაა უსაზღვრო. მას ჩარჩო აქვს, ეს ჩარჩო ისედაც არსებობს დ მშობელი კიდევ ამატებს პირობას. მაგალითად, აკრძალვა არ ხდება. ჩვენ შევთანხმდეთ, რამდენი დრო სჭირდება გაკვეთილების მოსამზადებლად ან სხვა საქმისთვის და ამდენ ხანს შეიძლება გაატაროს დრო კომპიუტერთან. ეს უნდა შეთანხმდეს შვილსა და მშობელს შორის და ეს შეთანხმება დაცული უნდა იყოს. ცხადია, შეგვიძლია წავახალისოთ, თუ ეს ყველაფერი წერსიგში იქნება და დაიცავს პირობას, დასაჩუქრდება თუნდაც დამატებითი წუთებით. ჯილდო არ არის ცუდი ჩვენი ტვინისთვის და შესაბამისი ქცევის ალბათობას ზრდის. გარკვული პერიოდის შემდეგ ეს მას აღარ დასჭირდება. ჩვენი ქცევით, ფაქტობრივად, ვაჩვევთ ბავშვს იმას, რომ არაძალადობრივი გზით მან თავისი იმპულსის შეკავება, დაგეგმვა და შესაბამისად ქცევის მართვა მოახერხოს. მე ნეიროფსიქოლოგი ვარ და როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ემართება ჩვენს ტვინს. ზოგადად, ჩვენი ტვინი ძალიან სწრაფად განვითარებადია, მაგრამ რომელიღაც უნარები და ფუნქციები ძალიან გვიან ვითარდება. მაგალითად, მოტორიკა სწრაფად ვითარდება და ყველამ ვიცით, რომ ბავშვს 7 წლის ასაკში ზუსტად იგივე მოტორული უნარები აქვს, რაც შემდეგ 30 წლის ასაკში. მაგრამ, არსებობს ერთი ადამიანური უნარი, რომელიც ბევრი პროცესისგან შედგება და რომელიც ჩვენ ადამიანობას გვანიჭებს, ესაა ე.წ. აღმასრულებელი ფუნქცია იმისათვის, რომ ქცევა შევასრულო, ჩემს გარშემო ბევრი გამღიზიანებელი შევაკავო და კონკრეტული მიზანი, რაც გამაჩნია, იმის შესაბამისად ვიმოქმედო. უნდა გავფილტრო ყველა შესაძლო გამღიზიანებელი, არ ვეტაკო ყველას ერთად და ჩემი ქცევა დავგეგმო, რაღაცები გადავავადო, თუ საჭიროა, რომ მიზანს მივაღწიო და ასე შემდეგ. აღმასრულებელი ფუნქცია ჩვენთვის არის მიზნის მიღწევა, დასახვა, იმპულსის შეკავება, გადავადება, გადაწყვეტილების მიღება. ახლა შევხედოთ ჩვენს საზოგადოებას. ვიკავებთ იმპულს? ვავადებთ მოთხოვნილებას? გადაწყვეტილებას ადეკვატურად ვიღებთ თუ მიკერძოებული აზროვნებით? ადამიანი იმიტომ ხარ, რომ შენ შენი მენტალური მოდელის კრიტიკული ანალიზი მოახდინო. შენ შეგიძლია ყველაფერი მოაქციო შენს მენტალურ მოდელში, კოგნიტური დისონანსი რომ არ დაგემართოს, მაგრამ ეს არ იქნება რეალობა და არც სამართლიანი იქნება.
არასწორი კვება და ძილის დარღვევები, რაც ძალიან ხშირია ბავშვებში, კომპიუტერული და გაჯეტური გავლენები იწვევს ხოლმე ნერვული სისტემის კიდევ უფრო აგზნებას და შეკავება-აგზნების პროცესები ბუნებრივად ირღვევა, შესაბამისად, ჩნდება ასოციალური ურთიერთობები, ერთმანეთის დამამცირებელი ურთიერთობა, ბავშვი ხშირ შემთხვევაში გარბის სახლიდან, როდესაც ვერ იკავებს იმპულსს. მოთხოვნილება ახლავე, დაუყონებლივ უნდა დაიკმაყოფილოს და არ გადაავადოს. ამას მე არავინ მასწავლის, არავის მასწავლის სხვის გათვალისწინებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ჩვენი ტვინის, არავინ მასწავლის მიზნით განპირობებულ დაგეგმვას, მერე ამის კონტროლს, ანალიზსა და ჩემი ქცევების რისკის შეფასებას. განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში, ძალიან კარგად ვიცით, რომ სარისკო ქცევები ბევრი მიზეზის გამო მატულობს, მაგრამ მოზარდი კი არა ზრდასრული ადამიანიც კი ჩვენთან სრულიად დაუფიქრებლად, ავტომატურად და რისკიანად იქცევა და შედეგზე არ ფიქრობს. ეს იცით საიდან მოდის? ბავშვობიდან. როდესაც ჩვენ ჩარჩოზე ვსაუბრობდით, თავისუფალ არჩევანზე გავაკეთეთ აქცენტი. როდესაც მე თავად არ ვირჩევ რომელიღაც გზას, გამოდის, რომ ვერ ვაკონტროლებ და ვერ ვარეგულირებ ჩემს ყოფიერებას და არ ვფიქრობ, რა შედეგი მოჰყვება ამას იმიტომ, რომ მე უნდა ვაგო ჩემი ქცევის შედეგზე პასუხი და არა დედამ, მამამ, ბებიამ და ბაბუამ. მე უნდა ვაგო პასუხი იმაზე, არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავის მიმართ, ჩემი მეგობრებისა თუ ახლობლების მიმართ, რომ შედეგი, რაც დადგა, ჩემი ქცევის შედეგი იყო. ჩვენს საზოგადოებას შევხედოთ როგორია. გადაბრალების და თავის მართლების. არასოდეს არავინ ამბობს, რომ "მე შემეშალა". ეს არის ჩვენი საზოგადოება.
მარი მალაზონია:
-ეს არის ის, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა იფიქროს იმიტომ, რომ როდესაც მე ჩემი თანატოლი გავიმეტე და დავარტყი, უნდა ვიფიქრო, რა მოყვება ამას. როდესაც პოლიციაში არ დავრეკე ან უფროს არ ვთხოვე დახმარება, არ ვიფიქრე, რა მოყვება ამას. მერე როდესაც დგება შედეგი, შეიძლება იყოს ცხოვრების დამანგრეველი ამ ინცინდენტში მონაწილე ყველა ადამიანისათვის და არა მარტო. ეს არის ის მასშტაბები, რომელსაც ერთი შეხედვით ვერ მოვუვლით. საზოგადოებას სჭირდება მკურნალობა და უნდა ვთქვათ, რომ "ჩვენ გვჭირდება მკურნალობა". უფროსებმა შევხედოთ საკუთარ თავს სარკეში. ფეისბუკში ჩავიხედოთ, როგორ ვლანძღავთ ერთმანეთს.
თამარ გაგოშიძე: -ეს ძალიან გავრცელებული შედეგია. მეც თავად ასე ვიყავი და ვაღიარებ, გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. ადამიანური დაცულობის განცდა და კომფორტი რომ გაქვს, პატარა ნაბიჯია იქითკენ, რომ გუნება-განწყობილება დაგიქვეითდეს. უხეშად ვერ ვიძალადებთ ბავშვზე, მაგრამ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ძილის რეჟიმი უნდა მოუწესრიგდეს. კარგი იქნება, თუ კომპიუტერულ აქტივობაში მშობელიც ჩაერთვება. ერთად უყურებენ ფილმს ან სხვა რაიმეს გააკეთებენ და მერე დაწესდება გარკვეული გრაფიკი კომპიუტერზე. ალბათ პირველი ეტაპი აქედან უნდა დავიწყოთ და თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად ბავშვთა ფსიქოთერაპევტს უნდა მივმართოთ. შეიძლება სახლში სხვა აქტივობები დაგეგმონ და მერე ერთად გავიდნენ გარეთ. თქვენ, როგორც ექიმმა, ძალიან კარგად იცით, რომ თუ მე, როგორც პაციენტს, სურვილი არ მაქვს, თქვენ მე ვერ მიმკურნალებთ. არის კიდევ მკურნალობისადმი დამორჩილება. გავაკეთებ თუ არა იმას, რასაც დამინიშნავთ. ამიტომ, მე მგონია, რომ ჩვენ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. ამას 90-იანი წლებიდან ვხედავ, ეს არ არის დღევანდელი. უსაფრთხოების განცდა არ გვაქვს. ჩვენ არც ერთმანეთს ვაღიარებთ, არც ერთმანეთის ფასეულობას ვაღიარებთ, არც პატივს ვცემთ ერთმანეთს. რომ შევხედოთ მედიას, სოციალურ ქსელებს, ვნახავთ რამდენი დაგროვილი აგრესია გვაქვს, ფაქტობრივად, ეს არის ის, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი შვილები და აბა ახლა აქ ცუდ ქცევაზე როგორ უნდა ვისაუბროთ?