თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა საკითხი, თუ როგორ უნდა გაზარდო ბავშვი, რომ მომავალში არა მხოლოდ წარმატებული იყოს, არამედ ყველამხრივ რეალიზებულიც, არც მჩაგვრელად იქცეს და არც ჩაგრულად. განსაკუთრებით ჩაგრულობის თემა ქალებს ეხებათ, რადგან ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენი ქალი იქცა მამაკაცების მსხვერპლად.
ფსიქოლოგები ხშირად ფიქრობენ იმ თემაზე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ გოგონა, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მომავალში შანსი, ის იქცეს ვინმეს მსხვერპლად, მორჩილად, ვერ რეალიზდეს, როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი. სწორედ მათ მიერ არის შედგენილი ეს რჩევები, იმ მავნე სტერეოტიპების გათვალისწინებით, რაც ხშირად ხელს უშლის გოგონებს განვითარებაში და მიზნებისკენ სწრაფვაში.
"გოგო აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს"
სამწუხაროდ, საზოგადოებაში პირველ რიგში სწორედ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას. გოგონას გარეგნობა კი ლამის ლუპით განიხილება და მისგან მუდმივად მოითხოვენ სრულყოფილებას. პირველი სიტყვაც, რაც გოგონას კომპლიმენტში ან სურვილებში ისმის, არის "ლამაზი". მოთხოვნები იმატებს გოგონას ასაკის მატებასთან ერთად: უნდა იყოს ქალური, ყოველთვის მოწესრიგებული, მაკიაჟიც ჰქონდეს, გამოაჩინოს ლამაზი ადგილები... საბოლოოდ ხშირად ისე ხდება, რომ გოგონები ამ ტერეოტიპის მსხვერპლად იქცევიან და სულ ცდილობენ, ამ ეტალონს მოერგონ - იყვნენ ლამაზები, სრულყოფილები, მოსაწონები. ამას მოჰყვება მუდმივი დიეტები, რომლებსა ხშირად ანორექსიამდე მიჰყავს მოზარდი გოგონები, ან - პლასტიკური ოპერაციების უსაზღვრო რაოდენობა, რომელიც ხანდახან სილამაზის მადევარი ადამიანების სიცოცხლესაც კი იწირავს ხოლმე.
ამიტომ არ არის საჭირო აქცენტების გაკეთება სილამაზეზე, არ არის საკმარისი და აუცილებელი, გოგონა იყოს ლამაზი, მას მომავალი ცხოვრებისთვის ბევრი სხვა უნარი, ნიჭი და თვისება სჭირდება და ხელი შეუწყვეთ მათ განვითარებას, აქცენტების გადატანას, რომ მხოლოდ გარეგნობაზე არ იყოს დამოკიდებული მისი ცხოვრება.
"მოწესრიგებული იყავი და სუფთა, შენ ხომ გოგო ხარ!"
რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავია, და მშობლებიც ხშირად უვითარებენ გოგონას წესრიგისა და სისუფთავის სიყვარულს. თუმცა ხაზგასმა იმის, რომ ეს მხოლოდ გოგონას მოეთხოვება, არასწორია. ბიჭიც ისევე უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც გოგონა და ოჯახშიც ეს მხოლოდ გოგოს საქმე არ არის. გარდა ამისა, აქცენტის კეთება მხოლოდ დიასახლისურ უფლება-მოვალეობებზე, ფსიქოლოგების თქმით, ასევე მცდარია. მას ისევე უნდა შეუწყოთ ხელი სხვა მხრივ განვითარებაში და სხვა ბევრი უნარის საკუთარ თავში აღმოჩენაში.
"გოგონა დამჯერი და მორიდებული უნდა იყოს"
ამ ფრაზის მუდმივმა გამეორებამ წინა თაობების ბევრი ქალი აქცია ქმრის მონად და ბევრი ქალი სრულიად ვერ რეალიზდა სხვა მხრივ, გარდა იმისა, რომ ადრეულ ასაკში გათხოვდა და მთელი ცხოვრება მხოლოდ "დამჯერი და მორიდებული" იყო. პირიქით, უნდა ასწავლოთ საკუთარი თავის და მოსაზრებების დაცვა, თავისი იდეებისა და მიზნებისთვის ბრძოლა, რომ იყოს განათლებული, რეალიზებული და დამოუკიდებელი და არ იყოს მუდამ დამოკიდებული სხვის ნება-სურვილებზე და მოაზრებებზე. იყოს წარმატებული და ბედნიერი, იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს, და არა იქცეს იმად, რაც დაუწესა საკუთარმა თუ შემდეგ - ქმრის ოჯახმა. იყოს ბედნიერი ადამიანი, რის უფლებაც ყველას აქვს, სქესის განურჩევლად.
"მორჩი სირბილს და ხტუნაობას, ნუ იქცევი ბიჭივით!"
წიგნის "მითები სისუსტის შესახებ" ავტორი კოლეტა დოულინგი ამბობს, რომ წარმოდგენები გოგონების ფიზიკური სისუსტის შესახებ გადაჭარბებულია და ხშირად ფიზიკურ საკითხებშიც ბევრი გოგონა ჯობნის ბევრ ბიჭს. გოგონებს საკმაოდ იშვიათად უწყობენ ხელს სპორტულ ცხოვრებაში, ნაკლებად უწყობენ ხელს, რომ იმოძრაონ და ფიზიკურად გაძლიერდნენ, ამიტომაც არ არიან ფიზიკურად ძლიერები. არადა, თანამედროვე სამყაროში ბევრი თანხმდება, რომ გოგონებისთვისაც აუცილებელი გახდა ფიზიკური ძალა, თავდაცვის ცოდნა და მოწინააღმედეგესთან შებრძოლების უნარი, რომ არ გახდნენ თავდამსხმელების მსხვერპლნი და ელემენტარულად, სიცოცხლე გადაირჩინონ. გოგონაც შეიძლება, ისეთივე აქტიური იყოს ფიზიკურად, მოძრავი და სპორტითაც დაკავდეს, როგორც ბიჭი. და თუ ამის სურვილი, უნარები და მიდრეკილებები აქვს, მით უმეტეს, ნუ შეუშლით ხელს მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა. ბავშვობაც ისეთივე მხიარული და აქტიური უნდა ჰქონდეს, როგორც ბიჭს და არა უშავს, თუ წაიქცევა, ფეხები დაულურჯდება...
რაც მთავარია, ბავშვს უნდა მისცეთ უფლება, იყოს უბრალოდ ბავშვი, დატკბეს ბავშვობით და რაც მთავარია, გოგოსაც და ბიჭსაც შეუწყოთ ხელი საკუთარი თავის, უნარების, ნიჭების რეალიზებაში. გოგომაც უნდა ისწავლოს, იყოს ბედნიერი და არა "კარგი", "დამჯერი" და "კომფორტული" გარშემო მყოფებისთვის.