ხშირად ბავშვები სურვილების ვერშესრულების შემთხვევაში აგრესიას გამოხატავენ, წვებიან იატაკზე ან იყენებენ თვითდაზიანებებს. ზოგჯერ, შესაძლოა აგრესია საერთოდ არ უკავშირდებოდეს სურვილებს. როგორი უნდა იყოს ამ დროს მშობლის ქცევა და რა უ8ნდა გაითვალისწინონ ბავშვებთან ურთიერთობისას, ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრება:
- როცა ბავშვების ასეთ ქცევაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ასაკი. პირველ რიგში, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ პერიოდი, როდესაც ბავშვები მანიპულირებას სწავლობენ და ძალიან უჭირთ უარის მიღება, იწყება ხოლმე 3 წლიდან. როგორც წესი, ამ დროს ბავშვებს ძალიან უჭირთ ხოლმე საკუთარ სურვილებზე უარის თქმა და ნებისმიერი "არას" გაპროტესტებას ცდილობენ. პროტესტს კი სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, მაგალითად, იატაკზე გაწოლით, ტირილით, თვითდაზიანებით. მშობელს ძალიან ხშირად ეშინია ხოლმე ბავშვის ცრემლების და იწყებს მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლას. არ უნდა შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ უკვე ნათქვამი აქვს. მაგალითად, იყოს სურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც შეიძლება, მაგრამ, თუ მშობელმა თქვა "არა", მტკიცედ უნდა იდგეს საკუთარ პოზიციაზე. ბავშვი იკივლებს, იტირებს თუ სხვა ფორმით გამოხატავს აგრესიას, თუ მშობლის "არა" რჩება "არად", შემდეგ წლებში ნათქვამი "არა" გასაგები ხდება ხოლმე. ამ ასაკში რომელი ბავშვიც მოახერხებს თავისი მანიპულირებით, "ნიანგის ცრემლებითა", ჩხუბითა და თვითდაზიანებით სურვილის შესრულებას, ასაკის მატებასთან ერთად, საქმე უფრო რთულდება. გარდატეხის ასაკში, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს არ გაექცეს შვილი, მშობლის სიტყვას ძალა აღარ აქვს და ავტორიტეტს კარგავენ ხოლმე. ამიტომ ფაქტზე ყურადღების მიქცევა იწყება ადრეული ასაკიდანვე, როცა მშობელი კარგად იაზრებს სინამდვილეში რისი უფლება უნდა მისცეს შვილს და რა უნდა აუკრძალოს. როცა ამბობს "არას", ტირილისა და პანიკის მიუხედავად, უნდა დარჩეს "არად". სანაცვლოდ კი ბავშვი უნდა დააწყნაროს, აუხსნას, რატომ ეუბნება უარს. რა თმა უნდა, ჩხუბით არა. შეიძლება ხელი მოჰკიდოს, თვალებში ჩახედოს, ჩაეხუტოს რამდენიმე წუთის განმავლობაში და როგორც წესი, ამ ფორმით მშვიდდებიან ხოლმე. ამით ნებისყოფაც უვითარდებათ, რომ ყველა სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია და თვითონვე უმარტივდებათ სხვა ასაკში.
- სად გადის ყველა სურვილის შესრულებასა და მეორე უკიდურესობას შორის ზღვარი?
- ზღვარი თავად მშობელმა უნდა გაავლოს, ინდივიდუალურად. მაგრამ, ამ მაგალითებით ბავშვებს ჩვენ უარის მიღებას ვსწავლით. მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ყველა კაპრიზისა და სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუნდაც ფინანსური პრობლემები არ აწუხებდეს. როცა ბავშვს ყველაფერი აქვს, რაც უნდა, ინტერესს ვუკარგავთ. როცა ყველაფერი ხელმისაწვდომია, მოტივაცია აღარ რჩებათ, რომ სხვა მიზნები დაისახონ. უნდა განსაზღვროს მშობელმა, რის ყიდვას აპირებს. შეიძლება მას ჰქონდეს ფინანსური შესაძებლობები, მაგრამ არ უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის ყველა სურვილი და კაპრიზი. თუ ითხოვს ისეთ რაღაცას, რაც დიდი ხანია არ ჰქონია, ან შეპირებული იყავით, ესეთი სურვილები უნდა შეუსრულდეთ, მაგრამ როდესაც მშობელი ხვდება, რომ არ შეუძლია, ვერ მისცემს თავს კონკრეტული ნივთის ყიდვის უფლებას, აქაც უნდა თქვას " არა", აუხსნას შვილს, რატომ ეუბნება უარს და დარჩეს თავის სიტყვაზე. ზოგჯერ მშობლებს რცხვენიათ ხოლმე, როდესაც ბავშვი მაღაზიაში ტირის, ხმაურობს და ითხოვს რაღაცის ყიდვას. ამ დროს უნდა მოჰკიდოთ ხელი მშვიდად და გამოიყვნოთ მაღაზიიდან. მშობლის სიმტკიცესა და თავდაჯერებულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- როდიდან უნდა მიაჩვიოს მშობელმა ბავშვი უარის თქმას და როგორ უნდა გააკეთოს ეს უმტკივნეულოდ?
- ადრეული ბავშვობის პერიოდიდან, 2 წლის შემდგომ. ამ პერიოდიდან იწყებს მშობელი ყურადღების მიქცევას. 3 წლიდან უკვე აშკარად მოდის მანიპულირება. ბავშვი რომ ტირის, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ცუდადაა. მშობლებს ცრემლების ეშინიათ ხოლმე. უმტკივნეულო იქნება, რამდენადაც მშობელი იქნება მტკიცედ და თავად ექნება გააზრებული. შეიძლება თქვას მტკიცე "არა", მაგრამ ამავდროულად ბავშვის მხარდამჭერი იყოს, კატეგორიული და დამსჯელი კი არა. იქვე ემოციური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ. თუ ტირის, უნდა ჩაიხუტოთ, მოეფეროთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, "არა" უნდა დარჩეს "არად". ნახოს შვილმა, რომ არას ვეუბნებით სურვილის შესრულებაზე, მაგრამ თავად მასზე არ ვამბობთ უარს. ამ დროს უარი მატრამვირებელი აღარ არის.
- რა უნდა გააკეთოს მშობელმა მაშინ, როდესაც ბავშვი პატარა ასაკისაა და ახსნილი და ნათქვამი არ შეუძლია კარგად გაიაზროს?
- არ არის ბევრი ლაპარაკი საჭირო. ემოციური მხარდაჭერა ბავშვებთან ძირითადად ამართლებს. 2 წლის ბავშვსაც ესმის "არა". შეიძლება ახსნა არ დაუწყო, უბრალოდ ამბობ არას და ხელს უშლით იმ ქმედების განხორციელებაში, რომელსაც მშობელი თვლის, რომ იმ მომენტში არ შეიძლება, ისევ ემოციური მხარდაჭერის ფონზე. ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
- ბავშვები მხოლოდ არშესრულებული სურვილების გამო არ გამოხატავენ აგრესიას. ამ დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?
- ბავშვები უმიზეზოდ არასდროს არიან აგრესიულები. თუ აკვირდება მშობელი და ამჩნევს ტენდენციას, რომ ბავშვი უფრო მეტად აგზნებული, აგრესიულია და თავად ვერ ხსნის მიზეზს, საჭიროა კომპეტენტური ფსიქოლოგის ჩართვა. სხვადსხვა მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, ოჯახში ნეგატიური ფსიქო-ემოციური ფონი, შეიძლება კბილები ამოსდიოდეს და ამიტომ იყოს აგრესიული ან ძილი ჰქონდეს დარღვეული. უფრო დიდ ასაკში, შეიძლება საბავშვო ბაღში სტრესული გარემო იყოს გაღიზიანებული. გამოსაკვლევია და თუ მშობელი მიზეზს ვერ ხვდება, აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა. ძალიან ხშირად ოჯახის რომელიმე წევრის არეკვლასაც აკეთებენ ხოლმე, თუ ვინმე გაბრაზებულია ან ცუდ ხასიათზეა. გარდა ამისა, თუ ბავშვებს აკლიათ ემოციური ყურადღება, მაგ დროს აგრესიულები ხდებიან, რომ ცუდი ქცევით ყურადღება მიიქციონ. გამოსაკვლევია მთლიანად გარემო.
- მშობლები აღნიშნავენ, რომ როდესაც ბავშვები გაჰყავთ ქუჩაში, მოულოდნელად უსხლტებიან ხელიდან, გარბიან მანქანებისკენ ან გზის მოპირდპირე მხარეს. როგორი უნდა იყოს ამ დროს მშობლის ქცევა?
- ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. ხშირად ესეთი მშობლები ბავშვების დაბადებიდანვე ჰიპერმზრუნველობით და გადამეტებული შფოთვით გამოირჩევიან. თავიდანვე აქვთ შიში, რომ თუ ხელს გაუშვებენ, შეიძლება ბავშვები ქუჩაში გაიქცნენ. იმპულსებს უზღუდავენ და დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევენ. ცდილობენ, ქცევა გაუკონტროლონ, რომ უსაფრთხო გარემოში ჰყავდეთ. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, როდესაც არაფრის უფლებას არ აძლევენ ბავშვებს, როგორც კი თავისუფლებას იგრძნობენ, გარბიან ისე, რომ ვერ აცნობიერებენ, რა საფრთხეში შეიძლება ამოყონ თავი. თუ სკოლამდელ ბავშვზეა საუბარი, მშობელმა უნდა გააცნობიეროს, მანამდე როგორ აღზარდა და რამდენად აძლევდა თავისუფლებას. ხშირი შენიშვნები, რომ არ წაიქცეს, მანქანას არ გადაუდგეს წინ, ქუჩა არ გადაკვეთოს, არასწორია. მშობელს ბავშვი ქუჩაში რომ მიჰყავს, მსუბუქად უნდა მოკიდოს ხელი და გზაზე რომ გადაჰყავს, უნდა აუხსნას, რატომ უნდა იყოს ფრთხილად. უსაფრთხო გარემოში, მაგალითად, სათამაშო მოედანზე, თავისუფლება მისცეს. ბავშვების მსგავსი ქცევა ხშირად მშობლის არასწორი მიდგომის ბრალია.
თამარ იაკობაშვილი