როგორ ბავშვს გაზრდის დედა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს მას, ეს დამოკიდებულია კრიტიკის სიხშირესა და კონსტრუქციულობაზე.
"რას ჰგავს ეს! ისევ არასწორად გააკეთე ყველაფერი!","არაფერი არ გამოგდის", "ყველაფერი შენი ბრალია!" - დაიმახსოვრეთ! ეს საშინელი ფრაზებია. ასეთი აღზრდის მეთოდი მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენი შვილისაგან ჩამოყალიბდება მეამბოხე, რომელიც შეეწინააღმდეგება ყველას და ყველაფერს, ან სუსტი ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ვერ შეძლებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას. დაგვეთანხმებით, კრიტიკის მოსმენა ძნელია.
აი პატარა ცხოვრებისეული მაგალითიც:
პატარა ნიკა თავის დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად ცეკვავდა. ამით ის ძალიან ბედნიერი იყო. ამ დროს დედამ ხმამაღლა მისცა შენიშვნა: "ძალიან მოუქნელი ხარ, უფრო მეტად მოინდომე"... ნიკასთვის მაშინვე დამთავრდა დღესასწაული.
დედა იმდენად არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ უბრალოდ არ იცის, როგორ იმხიარულოს მაშინ, როდესაც სხვა ბედნიერია. რა თქმა უნდა, მას ნიკასთვის კარგი უნდა, აქვს სურვილი, რომ მან კარგად იცეკვოს და დარწმუნებულია თავის სიმართლეში. ნიკამ კი სამუდამოდ დაკარგა ცეკვის ხალისი. იგი კვლავ ისეთივე მოუქნელი დარჩება და ყოველთვის ემახსოვრება დედის სიტყვები. ასეთ დედას უნდა დაუსვათ კითხვა: მას ნამდვილად სჭირდება ის, რომ მისი შვილი მოხდენილად ცეკვავდეს? რატომაა ეს მისთვის ასე მნიშვნელოვანი? ნუთუ ღირდა ცეკვა იმად, რაც განიცადა ბავშვმა? იქნებ ჯობდეს ბოდიშის მოხდა? ან ამ ყველაფრის სხვა დროს თქმა, უფრო კორექტულად?
ბავშვის კონსტრუქციული კრიტიკა:
შეაფასე ადამიანის მხოლოდ კონკრეტული ქმედება და არა მისი პიროვნება;
მოერიდეთ სუბიექტურ შეფასებას: "მე ვთვლი, რომ...", "მე უკეთ ვიცი რა არის საჭირო!" იგივეს შერბილებული ვარიანტია: "იქნებ ასე ჯობდეს","მოდი ვცადოთ ერთად", "ჩემი გამოცდილებით იქნებ...", "მეჩვენება, რომ..."
ნებისმიერი კრიტიკა უნდა იყოს დოზირებული და ქებაც გაურიოთ იმისთვის, რაც შესაქებია. გამუდმებული კრიტიკისაგან ბავშვებს უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება, ისინი თვლიან თავს წარუმატებლად, ეს კი ასაკის მატებასთან ერთად ახალ პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ ჯობს, კი არ აკრიტიკოთ მუდმივად, არამედ ეურთიერთოთ. როცა აშავებს რამეს ან რაღაც არ მოგწონთ, იმ კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისად აუხსენით, როგორ ჯობია, რა არის უკეთესი, მოერიდეთ მის დამცირებას, სარკაზმს. აკრიტიკეთ, ოღონდ არა ხშირად და აუცილებლად, ჯანსაღად და კორექტულად. ჯანსაღი და დროული კრიტიკა კარგია, მაგრამ მუდმივი და დაუსრულებელი - არა.