რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების გაცნობიერება და რეგულაცია ბავშვებში, შეგვიძლია თუ არა ამ ემოციების სწორად წარმართვა და როგორ ვასწავლოთ საუთარ თავზე დაკვირვება - ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თამარ ჭინჭარაული "აზროვნების აკადემიაში" საუბრობს:
„ხშირ შემთხვევაში უფროსები ვერ ვითავისებთ, და შესაბამისად, ბავშვებსაც არ ვასწავლით საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე დაკვირვებას, ანუ თვითრეფლექსიას.
თვითრეფლექსია საშუალებას გვაძლევს კოკრეტულ სიტიაციაში გვიკარნახოს, რა არის მისაღები და რა არის სწორი. მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციების გაცნობიერება.
აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გიკითხავთ ბავშვისთვის, რას გრძნობს ის?
კი, შესაძლოა, თვალსაჩინოა ბავშვის მოქმედება, მისი ქცევით ვიგებთ, რომ ის გაბრაზებულია, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ, „მესმის, რომ გაბრაზებული ხარ“, გადავდივართ პირდაპირ მოწოდებაზე: „დაწყნარდი“! „დამშვიდდი“! „ასე არ იქცევიან“, „ასე არ აკეთებენ“, რაც არასწორია.
აღმოჩნდა, რომ თვითრეფლექსია და ემოციური კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში. ეს გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების გაცნობიერებასა და მათთვის შესაბამისი სახელის დარქმევას, ემოციების დარეგულირებას.
რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, როცა ბავშვი ტირის, წუწუნებს, ცუდ ხასითზეა, არ ჭამს იმ საჭმელს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არ უნდა დაძინება. ჩვენ მაშინვე ვიწყებთ ჩარევას და მიზეზის ძებნას, თუმცა, ხშირად ბავშვის ეს ქცევა სხვა არაფერია, თუ არა სიგნალი, ერთგვარი მოწოდება, რომ „მომეფერე, ცუდ ხასიათზე ვარ, დამეხმარე!“.
ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების გაცნობიერება და მათი რეგულაციის სწავლება.
დავფიქრდეთ, რამდენჯერ გვქონია იმის ფუფუნება, რომ ხმამაღლა გვეთქვა ჩვენი ემოციების შესახებ, რომ ცუდ ხასიათზე ვართ, გაბრაზებულები ვართ და ასე შემდეგ.
ვცდილობთ, ნეგატიური ემოცია ჩვენს თავშივე ჩავახშოთ და ბავშვიც იღებს მაგალითს, რომ თითქოს ემოციებზე საუბარი არ შეიძლება.
ძალიან საინტერესოა პატარების ნახატებში გამოკვეთილი სურათი, მათ ჰგონიათ, რომ როდესაც არიან ბედნიერები, კარგ ხასიათზე, ისინი არინ კარგები, ხოლო, თუ ცუდ ხასიათზე არიან, მაშინ -ცუდები. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ხდება პიროვნების გახლეჩა.
როდესაც ვსაუბრობთ ბედნიერი და ჰარმონიული ადამიანის განვითარების ხელშეწყობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მქონდეს საკუთარი თავის მიმღებლობა მიუხედავად ჩემი ემოციური მდგომარეობისა.
როცა მე ვსწავლობ რეგულაციას და ვიცი, რომ ჩემი ემოციები ჩემი შემადგენელი ნაწილია გაბრაზებული ვარ, მიხარია, თუ მძულს რაღაც, ეს გვასწავლის, რომ ყველა ემოცია მისაღებია.
თუმცა მნიშვნელოვანი ის, როგორ გამოვხატავ და ვუმკლავდები ამ ემოციებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის მისაბაძი მოდელი არის მშობელი“.