როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციების მართვაში: "ნივთების სროლა, მსხვრევა, სხვების დაზიანება ემოციების შედეგად, მისაღები არ არის" ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება რთულია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ისინი უფროსების მსგავსად ხშირად არიან შეშინებულები, გაბრაზებულები, იმედგაცრუებულები, აღელვებულები. ხშირად პატარები ვერბალურად ვერ ახერხებენ გადმოსცენ, თუ რას გრძნობენ და სხვა გზით გამოხატავენ გრძნობებს - მაგალითად სახის გამომეტყველებით, სხეულის ენით და ქმედებით, რასაც უმეტეს შემთხვევაში მივყავართ არასასურველ ან პრობლემურ ქცევამდე. ასე რომ, ბავშვებს სჭირდებათ უფროსის დახმარება, რომელიც ასწავლის ემოციების მართვას.
რა უნდა გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს ემოციური უნარების განვითარებაში?
დაასახელეთ ემოციები
რთულია გაუმკლავდეთ ემოციებს, თუ მათი იდენტიფიკაცია, ამოცნობა არ შეგიძლიათ. წაახალისეთ და დაეხმარეთ ბავშვს, დაასახელოს ისინი და გადმოსცეს ემოციები სიტყვებით. პირველ ეტაპზე ეს შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, მაგალითად - "მე ვხედავ, რომ შენ გაბრაზებული ხარ, იმიტომ, რომ შენი სათამაშო გაფუჭდა." ან „შენ ნაწყენი იყავი, იმიტომ, რომ ვერ წავედით სასეირნოდ." იმავე პრინციპით გააკეთეთ აქცენტი პოზიტიურ ემოციებზეც - "შენ ახლა გიხარია, იმიტომ, რომ საჩუქარი მიიღე " და ა.შ. ეცადეთ, დაანახოთ ბავშვს კავშირი ქმედებასა და მის ემოციას შორის, ეს დაეხმარება მას, გაიგოს, რას და რატომ გრძნობს მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა, ამისთვის შესაფერისი დროის შერჩევაა საჭირო. საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როცა ორივე მშვიდად ხართ.
განსაზღვრეთ, რომელი ქცევაა მისაღები
ნებისმიერი ემოციის არსებობა ნორმალურია, თუმცა ყველა ქცევა არაა მისაღები, რომელიც შესაძლოა ამ ემოციის შედეგი იყოს. მაგალითად, ნივთების სროლა, მსხვრევა, სხვების დაზიანება. დარწმუნდით, რომ ზუსტად გაქვთ განსაზღვრული, რომელია მისაღები ქცევა და რომელი მიუღებელი. სხვების დაზიანება, საგნების მსხვრევა არაა მისაღები, მიუხედავად ნებისმიერი ვითარებისა.
ისუნთქეთ ნელა
ისევე როგორც დათვლა ეხმარება თქვენს შვილს დამშვიდებაში, ნელა სუნთქვასაც სწორედ იგივე ეფექტი აქვს. იმეცადინეთ ნელა სუნთქვაში სხვა დროსაც, რაც ხელს შეუწყობს თქვენს შვილს, მიხვდეს, როგორ გამოიყენოს ეს უნარი ნეგატიურ ემოციებთან გასამკლავებლად. ჩასუნთქვა 4-მდე დათვლით და ამოსუნთქვა 4 -მდე დათვლით. ეს ასევე დაეხმარება მას გააცნობიეროს, რა ხდება მის სხეულში იმ მომენტში და დააკავშიროს ეს ემოციასთან. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, მას ახასიათებს ზედაპირული სუნთქვა, რომელიც უნარჩუნებს მას აღელვებულ მდგომარეობასა.
დათვალეთ 5-მდე
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ დაითვალოს 5-მდე, სანამ ნებისმიერ ქმედებას ჩაიდენს. ეს მას მცირე დროს მისცემს დასამშვიდებლად და ხელს შეუწყობს ყურადღების გადატანას, სანამ სიტუაცია უკონტროლო გახდება.
დახმარებისთვის თხოვნა
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ დახმარების თხოვნა ნორმალურია, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება.
ფსიქოლოგი მარიამ მეტრეველი