ბავშვები ძალიან ხშირად თამაშობენ სხვადასხვა ონლაინ თამაშს, ინდივიდუალურად თუ თანატოლებთან ერთად. დროის აღქმის პრობლემაც აქვთ და თუ მშობელმა არ შეაწყვეტინა, შესაძლოა მთელი დღე იყვნენ პროცესში ჩართულნი. რეალურად კი უჩნდებათ დამოკიდებულება, რაც თავის მხრივ, მათი ფსიქოემოციური განვითარებისთვის საფრთხის შემცველია. რა იწვევს ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებას და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.
- დამოკიდებულების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი დიდი ხნით თამაშია, როდესაც მშობლები ბავშვებს დროს ვერ უკონტროლებენ ხოლმე. თან თამაში მათ ასაკში ინტერესის სფეროს წარმოადგენს, კმაყოფილების გრძნობა ეუფლებათ. გარდა ამისა, თამაშზე დამოკიდებულები ხდებიან, როდესაც ბავშვები რეალური ცხოვრებისგან ემოციების, ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდიან. როცა სხვა სიამოვნების მიღების საშუალება არ აქვთ, მას უთმობენ ყველაზე მეტ დროს. მდგომარეობა პანდემიის დროს კიდევ უფრო გამძაფრდა იმიტომ, რომ ბავშვების უმეტესობა სახლშია, გასართობი სივრცეები, სკოლა, საბავშვო ბაღები აღარ ფუნქციონირებს.
სწორედ თემასთან დაკავშირებით საინტერესო მასალაა მომზადებული "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტების (თეონა ტურაშვილი, გვანცა ნიკურაძე) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის"(P4E) პროექტის "მშობლობა იზოლაციის შემდგომ" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ. გიზიარებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, თუ რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ვიდეო თამაშებს:
თამაში იყოს ძალადობრივი შინაარსის. თამაშისას გამოყენებული იყოს მიუღებელი ლექსიკა, რომელიც ემოციურად დააზიანებს ბავშვს / მოზარდს. უცნობმა ან ნაცნობმა მოთამაშეებმა შეურაცხყონ, დაამცირონ და დააშანტაჟონ ერთმანეთი (კიბერბულინგი). მოზარდისთვის საზიანო აღმოჩნდეს არასასურველი კონტაქტი. მშობლის ბარათიდან, რომელიც მიბმულია თამაშის ანგარიშს, ავტომატურად ჩამოიჭრას თანხა, რაც არასასურველი ფინანსური დანაკარგია.
დავრწმუნდეთ, რომ ვიდეო თამაში ბავშვის / მოზარდის ასაკისთვის შესაფერისია. ამისათვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროპული პლატფორმა PEGI. საძიებო ველში მივუთითებთ თამაშის დასახელებას და მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას თამაშის სრული დასახელების, გამოშვების თარიღის, ასაკის შესაბამისობის და სხვა მონაცემების შესახებ.
პლატფორმა PEGI დაგეხმარებათ გაარკვიოთ რამდენად შესაბამისია კონკრეტული თამაში თქვენი შვილისათვის
გავეცნოთ თამაშის ინსტრუქციასა და წესებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რამდენად არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამოყენების და ძალადობის შემცველი მასალის გავრცელების და სხვა საკითხები?
ჩვენც ვითამაშოთ შვილებთან ერთად. ასე შევძლებთ უფორ მეტი გავიგოთ, თუ რა ტიპის თამაშია, ვისთან ერთად თამაშობს ბავშვი, რა ლექსიკას იყენებს, ვინ ცდილობს მასთან საუბარს და ა.შ.
შევთანხმდეთ და დავიცვათ ვიდეო-თამაშების დროის ლიმიტი.
გავააქტიუროთ ე.წ. მშობლის კონტროლის (Parental control) ფუნქცია, ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ბავშვი ვიდეო თამაშებისთვის იყენებს. ამგვარად შევძლებთ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო და წვდომა თამაშებსა თუ სხვა პროგრამებზე.
ხშირად ვესაუბროთ შვილს ონლაინ თამაშებისა და ინტერნეტის თავისებურებების შესახებ. მაგალითად, რომ სასურველი არაა უცნობ ადამიანებთან დაკონტაქტება, რადგან შესაძლოა ცალკეული ანგარიშის უკან არაკეთილსინდისიერი ადამიანი იმალებოდეს. ასევე, რომ სასურველი არაა ყველა თამაშის პირდაპირ გადმოწერა, რადგან შეიძლება ზოგიერთი მათგანი შეიცავდეს მისთვის საზიანო შინაარსს.
დავრწმუნდეთ, რომ მოწყობილობაზე წაშლილია ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ყველა სახის ინფორმაცია.
პერიოდულად გადავამოწმოთ ის ვებგვერდები, რომელსაც ჩვენი შვილი ათვალიერებს და საიდანაც ვიდეოებსა თუ აპლიკაციებს იწერს.
დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშზე ბავშვს ხელი არ მიუწვდება.
ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტ თეონა ტურაშვილის ვებინარი.
თამარ იაკობაშვილი