"მოზარდებს ურღვევენ პირად სივრცეს და მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე" - საშიშროება ფეისბუქში და ტიკ-ტოკზე, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
"მოზარდებს ურღვევენ პირად სივრცეს და მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე" - საშიშროება ფეისბუქში და ტიკ-ტოკზე, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
ბავშვებისთვის სოციალური სივრცე საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად გადაიქცა. ზოგიერთი აზიარებს ტიკ-ტოკის ვიდეოებს, ზოგი ლაივ ჩართვით საუბრობს მისთვის საინტერესო თემაზე და ასე შემდეგ. ხშირად კი უჩნდებათ სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიმეგობრონ და გამომწერთა სია გაზარდონ. თუმცა, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი სოციალურ სივრცეში ყოველთვის მოწონებას არ იმსახურებს და თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი ხდებიან. რა საფრთხეს შეიცავს ასე უკონტროლოდ, ძალიან ბევრი ადამიანის დამატება და რატომაა განსაკუთრებით სახიფათო სოციალურ სივრცეში ბულინგი, ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრება:

- ბევრი ადამიანის დამატების მოთხოვნილება უჩნდებათ იმიტომ, რომ
ბავშვებისთვის, და განსაკუთრებით მოზარდებისთვის, თანატოლებისგან მიღებული აღიარება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რაც მეტი თანატოლი ეყოლებათ გვერდით, უკუკავშირიც ენებათ და აღიარების მოთხოვნილებასაც დაიკმაყოფილებენ. მათთან ურთიერთობა აინტერესებთ, ასევე, აინტერესებთ, სხვა რას როგორ აკეთებს, შედარების მომენტი უჩნდებათ. საფრთხე არის იმიტომ, რომ კიბერბულინგი დღეს აქტუალური პრობლემაა. შეიძლება ყალბი ანგარიშით დაამატონ მოძალადეებმა, ზრდასრულმა ადამიანებმა, გასცენ პირადი ინფორმაცია და მერე დააშანტაჟონ. ამიტომ, კიბერბულინგი და კიბერშანტაჟი ერთ-ერთი პირველი საშიშროებაა, რომელიც ასეთ ინტენსიურ სოციალურ კონტაქტებსა და ურთიერთობებს მოჰყვება ხოლმე. გარდა ამისა, ცუდია იმიტომ, რომ რეალობასთან კონტაქტს კარგავენ. სოციალური სივრცე ხომ ნამდვილი არ არის და იქ რასაც აჩენენ, ზოგჯერ რეალობას აცდენილია. მაგალითად, ლამაზ ფოტოებს დებენ, ცხოვრებას ლამაზად წარმოაჩენენ. სხვა ბავშვს, რომელსაც არ აქვს ანალოგიური შესაძლებლობები, უფრო
მეტად უვითარდება ბრაზი და უსამართლობის განცდა, რომ მას არ შეუძლია ისე ცხოვრება, როგორც მის თანატოლს. ამ დროს შეიძლება მისი რეალობაც არ იყოს ისეთი ლამაზი, როგორიც ფოტოებშია და საკუთარი რეალობის მიღება უჭირთ.

- იგივე შეიძლება ითქვას ალბათ მოწონებებისა და სხვა რეაქციების გამოხატვაზე ფოტოებსა და ვიდეოებზე.

- თვითშეფასებისთვის და თავდაჯერებულობისთვის სჭირდებათ. მათთვის ერთ-ერთი ინდიკატორი ეს არის, რამდენად მეტი ადამიანის ყურადღებას მიიქცევენ იმიტომ, რომ თითოეული მოწონება აღიარებაა. დადებით უკუკავშირს იღებენ, რაც, როგორც გითხარით, თავდაჯერებულობისთვის სჭირდებათ.

- ბულინგი სოციალურ სივრცეში, სხვადასხვა ჯგუფში, ხშირია. აკრიტიკებენ ერთმანეთის ტიკ-ტოკ ვიდეოებს, ფოტოებს... პირველ რიგში, რატომ სჭირდებათ ბავშვებს საჯაროდ ვიდეოს სახით გადაღებული ამბების გამოჩენა?

- ისევ იმიტომ, რომ აღიარება და დადებითი უკუკავშირი მიიღონ სხვა ადამიანებისგან. საკუთარი თავის აღქმა გარემოდან მიღებული უკუკავშირით ხდება. თუმცა, აქ ერთი ხაფანგია. ადამიანებს რეალური მტკიცე თავდაჯერებულობისთვის ძლიერი თვითრწმენა გვჭირდება. თვითრწმენა ვითარდება წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადალახვის შედეგად. რეალურ ცხოვრებაში არსებული წინააღმდეგობების გადალახვის შედეგად მიღებული კმაყოფილების განცდა მყარ თვითრწმენას აშენებს. როდესაც ვიდეოებს სხვებს უზიარებენ, იქ ბოლომდე გულწრფელები ვერ იქნებიან და ისეთ მხარეს წარმოაჩენენ, რომელიც მისაღებია და ჰგონიათ, რომ სხვასაც მოეწონება. მეორე ნაწილი ჩრდილში რჩება, შესაბამისად, რის გაზიარებასაც ეჩვევა მოზარდი, იმაზე იღებს დადებით უკუკავშირს და ამისთვის სჭირდებათ ვიდეოები და საკუთარი თავის დადებით ჭრილში წარმოჩენა. ამ დროს მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ ამაზეც არ გახდეს დამოკიდებული იმიტომ, რომ ამით რეალურად მოზარდი თავდაჯერებული ვერ გაიზრდება. როგორც კი წამოვა ნეგატიური შეფასება ან იმხელა უკუკავშირს ვეღარ მიიღებს, ეს მასზე ცუდად იმოქმედებს.

- რატომ ვერ აკონტროლებენ მშობლები, რას დებენ მათი შვილები სოციალურ ქსელში?

- ერთი, ალბათ იმიტომ, რომ არ მიაჩნიათ იმდენად მნიშვნელოვნად და ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს. ჰგონიათ, რომ ეს სერიოზული რამ არ არის. მეორე, შეიძლება თავადაც იგივეს აკეთებდნენ და ამ ცხოვრების სტილით ცხოვრობდნენ. მესამე, შეიძლება ისედაც არ აქცევენ შვილებს ყურადღებას და არ ინტერესდებიან, რას საქმიანობენ ისინი.

- ბულინგსა და ნეგატიურ უკუკავშირს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მით უმეტეს, მოზარდობის ასაკში?

- ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს. პირველ რიგში, ეს არის პირადი სივრცის რღვევა. მოზარდებს ურღვევენ პირად სივრცეს და მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე. ბულინგის დროს ხდება ნეგატიური აზრის შემცველი კომენტარებით მათი მოხსენიება. იარლიყების მიწებება, მაგალითად, "როგორი მსუქანი ხარ", "როგორი გამხდარი ხარ", "რამხელა ცხვირი გაქვს", "რა ცუდად გაცვია". მით უმეტეს, როდესაც მოზარდობის ასაკში თანატოლისგან მიღებული უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რომ მშობელი როგორც არ უნდა შეეცადოს მის დაწყნარებასა და დამშვიდებას, მათ მაინც ძალიან უჭირთ მშობელზე დაყრდნობა იმიტომ, რომ ნეგატიური აზრი უკვე მიღებული აქვთ. პროცესი იწვევს პიროვნულ ტრავმებს. არასტაბილური თავდაჯერებულებულობა აქვთ, ხელოვნურად, მოწონებებზე აშენებული თავდაჯერებულობა არ არის რეალური. საკუთარ თავში საყრდენს კარგავენ. შეიძლება ჩაიკეტონ, აღარ მოუნდეთ თანატოლებთან ურთოერთობა და კომუნიკაცია. ეგონოთ, რომ ყველა უღალატებს, ბოროტად გამოიყენებს მის ნათქვამს. ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.

- თუ უფროსები აკონტროლებს, ზოგჯერ ბავშვები ყალბ ანგარიშებს ქმნიან, რომ ის გამოიყენონ ნეგატიური კომენტარებისთვის. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- ყალბ ანგარიშებს ხშირად იყენებენ სხვისი ჩაგვრისთვის. როგორც წესი, თავად არიან უკმაყოფილო, გაბრაზებული მოზარდები და ეს უკვე ნიშნავს, რომ ოჯახიდან და იმ სოციალური გარემოდან გამომდინარე, რომელშიც უწევთ ცხოვრება, აქვთ სტრესი, რაც მათზე ნეგატიურად მოქმედებს. მერე სჭირდებათ სივრცე, რომ დაიკმაყოფილონ და გამოხატონ აგრესია. ძირითადად ამიტომ აკეთებენ ხოლმე. ან კიდევ იმისთვის, რომ უფრო გულწრფელები იყვნენ. ზოგს იდენტიფიცირებადი ექაუნთით გულწრფელი, დადებითი კომენტარების გაკეთებაც კი უჭირს. ესეც იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასცინონ, თუ მშობელმა აღმოაჩინა, რომ ბავშვს სხვა ანგარიშიც აქვს, რამდენადაც შესაძლებელია, დანიშნულება უნდა გამოარკვიოს. ამის შემდეგ ჰქონდეს უკვე რეაგირება. თუ თავად გაუმკლავდა და შედგა დიალოგი, ხომ კარგი, თუ არა მერე უკვე სპეციალისტის ჩართულობაზეც უნდა იფიქროს.

- მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვებს ამხელა აგრესია უჩნდებათ, სურვილი, რომ ვიღაც დაამცირონ, ნაკლზე მიუთითონ, რატომ ყალიბდება მათში ყველაზე ხშირად ბრაზი და ამ ფორმით რატომ გამოხატავენ სოციალურ სივრცეში?

- ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ერთგვარი ფორმაა, რომელსაც ახორციელებენ. პირველი და ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ის, რომ თავად არიან მსხვერპლი. შეიძლება სოციალური ქსელით არ ხდებოდეს, არამედ პირად ურთიერთობებში იჩენდეს თავს. შეიძლება ოჯახის წევრებისგან იღებენ ნეგატიური აზრის მატარებელ კომენტარს და როცა მოძალადე ჰყავს, ალბათობა, რომ თავადაც მჩაგვრელად გადაიქცეს, ძალიან დიდია. აკლიათ დადებითი ემოციები და შეიძლება ითქვას, რომ ხდება მათ ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რის გამოც მათ ეს ბრაზი უჩნდებათ.

იმისათვის, რომ მშობლებმა შვილები სოციალურ სივრცეში ბულინგისგან დაიცვან, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტების (თეონა ტურაშვილი, გვანცა ნიკურაძე) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის"(P4E) პროექტის "მშობლობა იზოლაციის შემდგომ" ფარგლებში მომზადებულ ინფორმაციას გიზიარებთ. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.
მშობლებს ბავშვების სოციალური ქსელის კონტროლი შეუძლიათ. Facebook-მა სპეციალურად ბავშვებისთვის აპლიკაცია Messenger Kids შექმნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბავშვის მიერ აპლიკაციის გამოყენება ვმართოთ.

ჩვენ შეგვიძლია შვილის ანგარიში საკუთარ Facebook ანგარიშთან დავაკავშიროთ და Parent Dashboard-ის მეშვეობით ვაკონტროლოთ:

  • საკონტაქტო სია და მიმოწერის ისტორია;
  • მიმოწერის დროს გაგზავნილი და მიღებული ფოტოები (შესაძლებელია მიუღებელი მასალის წაშლა და დარეპორტება);
  • ბავშვის მიერ დაბლოკილი და დარეპორტებული პირების სია;
  • ბავშვის მიერ აპლიკაციის გამოყენების დრო (ამისათვის საჭიროა ლოდინის რეჟიმის – Sleep Mode ფუნქციის გააქტიურება, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეულ ერთსა და იმავე დროს აქტივობის სტატუსს ლოდინის რეჟიმზე გადაიყვანს);
  • ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება (ყველა იმ ელექტრონულ მოწყობილობას ვხედავთ, რომლითაც ბავშვი აპლიკაციაში შედის).

Instagram

მოზარდის Instagram ანგარიშის კონტროლისთვის აუცილებელია:

  • დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის პროფილი არის დახურული (private);
  • თავად გვქონდეს ანგარიში, რომლითაც შვილის პროფილის გამოწერას და თვალყურის დევნებას შევძლებთ;
  • სასურველია ვიცოდეთ ჩვენი შვილების ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რათა შეტყობინებებისა და გაგზავნილი/მიღებული მასალის დათვალიერება შევძლოთ;
  • გავხდეთ შვილის მეგობრების გამომწერები და თვალი ვადევნოთ მათ მიერ გაზიარებულ მასალას, კომენტარებს და ა.შ.
  • პარამეტრებში არსებული კომენტარების სექციის მეშვეობით შეგვიძლია შევზღუდოთ მიუღებელი, ან/და ბავშვისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამოყენება ფოტოზე კომენტარის დაწერის დროს (Settings > Privacy > Comments > Hide offensive Comments). გარდა ამისა, არსებობს დამატებითი ფუნქცია Manual Filter, სადაც შეგვიძლია თავად მოვნიშნოთ ის სიტყვები, რომლის გაფილტვრაც გვსურს.

TikTok

რეალურად TikTok ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი აპლიკაციაა სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, დადგინდა, რომ პლატფორმა არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე მოზარდების პირად ინფორმაციას, მათ შორის სახელებსა და გვარებს, ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს.

ასეა თუ ისე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ TikTok-ზეც არსებობს კონტროლის მექანიზმი მშობლებისთვის – Family Pairing. მისი მეშვეობით შეგვიძლია:

  • ვნახოთ კომენტარები, რეაქციები, შეტყობინებები და ის მასალები, რომელზეც ჩვენს შვილს ჰქონდა წვდომა;
  • განვსაზღვროთ, თუ ვის შეუძლია ნახოს ჩვენი შვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა, კომენტარები და რეაქციები;
  • ვაკონტროლოთ TikTok-ზე გატარებული დრო;
  • Family Pairing ფუნქციის გასააქტიურებლად თავად უნდა შევქმნათ TikTok ანგარიში და დავუკავშიროთ ის შვილის მობილურს/პლანშეტს/ლეპტოპს. ამისათვის, საჭიროა პარამეტრებში მოვძებნოთ Digital Wellbeing სექცია, შემდგომ კი დავასკანეროთ მოზარდის აპლიკაციაში მოთავსებული სპეციალური QR კოდი.
ზოგადად, მეგობრულად ვესაუბროთ შვილებს და შევთანხმდეთ როგორი ტიპის ვებგვერდები, აპლიკაციები, ვიდეოები, თამაშები შეუძლია გამოიყენოს და როგორი – არა. ვიყოთ მათი ციფრული მეგობრები, რომლებთანაც ღიად ისაუბრებენ, თუ რა ნახეს დღის მანძილზე, რა მოეწონათ, რამ გააბრაზათ. ეს ბევრად გაგვიმარტივებს პროცესის მართვას და მათთვის რელევანტური რჩევების მიცემას.

ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტ თეონა ტურაშვილის ვებინარი.

თამარ იაკობაშვილი

500
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები