ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე მშობლების მხრიდან საკმაოდ გავრცელებულ შეცდომაზე საუბრობს. საქმე ბავშვის გაჯეტებთან წვდომის აკრძალვას ეხება, რასაც მშობლები ზოგჯერ ისე უხეშად აკეთებენ, რომ ბავშვის ემოციურ მხარეს საერთოდ არ ითვალისწინებენ.
"ყველაზე მთავარი შვილის აღზრდისას იცით რა არის? მის მიმართ ემპათიის უნარი, თანაგრძნობა და მის ადგილას საკუთარი თავის დაყენება.
ბევრ მშობელთან მაქვს კომუნიკაცია და ხშირია, როცა კონკრეტული აღზრდის მეთოდების იმდენად ღრმად სჯერათ და იმდენად ცდილობენ წესების დაცვას (რომელიც უმეტესად ან მშობლებისგან დაისწავლეს ან ახლობლებისგან ან უბრალოდ ვიღაცისგან მოისმინეს, რომ ეგ არის კარგი მშობლობაო), საერთოდ ვეღარ ხედავენ ბავშვის ემოციებს, არ შეუძლიათ იმის აღქმა, თუ რას გრძნობს ახლა მისი შვილი...
აი თუნდაც, მაგალითად მოვიყვან გაჯეტებთან ურთიერთობას... რა თქმა უნდა, ეკრანთან დიდი დროის გატარება დაუშვებელია (აღარ ჩამოვთვლი იმ მთელ რიგ პრობლემებს, რასაც ეს იწვევს) და თავისთავად ამასთან დაკავშირებითაც აქტიურად გავცემ ხოლმე რეკომენდაციებს, თუმცა მშობლების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ასე ესმის:
ბავშვი უყურებს მულტფილმს ან თამაშობს მობილურში, მშობელი ამ დროს თავის საქმითაა დაკავებული (ან მუშაობს ან სახლის საქმეს აკეთებს ან თავადაც განტვირთვის დრო აქვს გაჯეტებთან), მერე ასრულებს თავის საქმეს და ამჩნევს თავის შვილს, მიდის და უთიშავს ეგრევე ტელევიზორს, ართმევს ეგრევე მობილურს და ეუბნება, რომ გეყოფა, საზიანოა ამდენი ყურება, თამაში და აყოლებს, მიდი სხვა რამით გაერთე ახლა (ან ამასაც არ აყოლებს).
შეცდომა, რომელსაც ამ დროს მშობელი უშვებს არის:
1. თავად მორჩა თავის საქმეს ან დაიკმაყოფილა სოცქსელის მიმართ ინტერესი და მხოლოდ მერე შეამჩია ბავშვი და გაახსენდა აღზრდის წესი, რომ გაჯეტები ცუდია. სულ აღარ აინტერესებს ამ დროს ბავშვი რამდენად ინტერესით უყურებს რაღაცას, რამდენად არის ჩაფლული ემოციებში, რამდენად დიდ " მუღამშია" თამაშისას... მისთვის მთავარია, იმ მომენტში კარგი მშობლის როლი მოირგოს...
აბა, წარმოვიდგინოთ, როცა ჩვენთვის საყვარელ სერიალს ან ფილმს ვუყურებთ ან როდესაც მთელი მონდომებით ვცდილობთ თამაშის მოგებას და ამ დროს უცებ ვიღაცა გვითიშავს ტელევიზორს, გვართმევს ტელეფონს.. როგორი შეგრძნებაა ? ალბათ, ბრაზი დაგვახრჩობს. ასეა, ბავშვიც და ამას ემატება უსუსურობის შეგრძნება ხშირ შემთხვევაში...
მე ასეთ დროს წინასწარ ვუთანხმდები და ვამზადებ ჩემს შვილს:"ლიზა, მაგის ყურებას რომ მორჩები, გამორთე ხო ტელევიზორი ან ეგ ხელიც დაასრულე თამაშში და მეტი აღარ, კარგი? " და ისიც მთანხმდება და ასრულებს გაჯეტთან ურთიერთობას უარყოფითი ემოციების ( და განსაკუთრებით, მშობლის მიმართ ბრაზის და უსამართლობის შეგრძნების ) გარეშე.
ამით ხაზს ვუსვამ, ურთიერთშეთანხმების და შვილის ემოციების გააზრების სიძლიერეს.
2. მოულოდნელად ასრულებინებს მშობელი გაჯეტებთან გატარებულ დროს და მორჩა. კარგი მშობლის როლი შესრულებულია....
განა ასეა მართლაც?
თითქოს ამით ვეუბნებით, ის რითიც ერთობოდი და სიამოვნებას იღებდი, აკრძალულია უკვე, აღარ გაძლევ ამის უფლებას, ახლა შენ მიხედე შენს თავს და როგორც გინდა ჩააანაცვლე. ბავშვი კი ხშირად ვერც პოულობს ჩამნაცვლებელს ან ძალიან უჭირს ან პოულობს, მაგრამ მთელი სიხალისე და ენთუზიამი ქრება...
მოდი, თავად შევთავაზოთ ალტერნატივა ამ დროს... თუ ერთ რამეს ვუკრძალავთ, აუცილებელია, რომ სხვა ვარიანტი გვქონდეს მზად, რითიც მის ყურადღებას გადავიტანთ, რითიც დავაინტერესებთ, რითიც კვლავ დაიკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნილებებს, რითიც კვლავ ისიამოვნებს. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ მხოლოდ გაჯეტების აკრძალვით კარგი მშობლები არ გამოვდივართ.
ეს სიტუაცია, უბრალოდ ერთ - ერთი ყველაზე აქტუალური მაგალითია, იმისა, რომ ბავშვის ემოციები ხშირად უგულებელყოფილია ზრდასრულების მხრიდან.
ხშირად წარმოვიდგინოთ მის ადგილას ჩვენი თავი, ხშირად ვკითხოთ თუ რას გრძნობს, ვასაუბროთ ემოციებზე.
როცა დასჯის მეთოდს მივმართავთ ან რამის აკრძალვას გადავწყვეტთ, გავიხსენოთ ჩვენი თავი წარსულში, ანალოგიურად როცა გვექცეოდნენ, თავს როგორ ვგრნობდით, რას ვითხოვდით რეალურად მშობლებისგან, რა გვჭირდებოდა მათგან ყველაზე მეტად. შვილებთან ურთიერთობისას გამუდმებით ვუსმინოთ ჩვენს შინაგან ბავშვს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დაგვეხმაროს გავიაზროთ და დაგვანახვოს ის, თუ რას გრძნობენ ჩვენი შვილები და აღზრდის მეთოდებიც გამოვიყენოთ ამის მიხედვით" - წერს ანა ცირიკიძე.