ბაკურ კოტეტიშვილი ჭირვეულ ბავშვებზე: "ათჯერ გითხარი და მაინც იგივეს აკეთებ" - ბავშვისთვის ეს შენიშვნები ყურადღებაა, მას ეს "აწყობს"

ბავშვები ხშირად იმეორებენ უფროსების ქცევას. შენიშვნის შემთხვევაში კი ჭირვეულობენ, აპროტესტებენ და ისევ აპირებენ გამეორებას. თავის მხრივ, მშობელთა მუდმივი აკრძალვა ამ ქცევას ახალისებს. ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რას ნიშნავს ჭირვეული ბავშვი და რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვების ქმედებაზე უფროსების ქცევა:

- ბავშვის ქმედებები აბსოლუტურად თავისუფალია. ჩვენი, უფროსების ქმედებები შეზღუდულია უამრავი კლიშით, სტერეოტიპით, კანონით, რომელიც ჩვენ თავად მოვიფიქრეთ. ძალიან მკაცრ ჩარჩოებში ვარსებობთ, ამას ვერ ვატყობთ, მაგრამ ასეა. ბავშვი ამ ჩარჩოებისგან აბსოლუტურად თავისუფალია, ამიტომ მისი ქმედებები ლაღია ისევე,
როგორც უნდა ხდებოდეს ღია სისტემაში, ბუნებაში. ვეუბნებით ბავშვს: "არ შეიძლება სტუმრად წასვლა", "არ შეიძლება ბაღში წასვლა", " არ შეიძლება სათამაშოდ წასვლა" და ასე შემდეგ, ეს "არ შეიძლება" მკაცრი აკრძალვაა განმარტების გარეშე იმიტომ, რომ ვერ განუმარტავ, რა არის კორონავირუსი, რას ნიშნავს პანდემია, როგორ ხდება ვირუსის გადაცემა, რატომ არ უნდა ჩაეხუტოს ბაბუს, რატომ არ უნდა გაიქცეს და ჩაეხუტოს მეორე ბავშვს ეზოში და ასე შემდეგ. თავდაცვითი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სხვადასხვა ფორმით იწყებს ყურადღების მიპყრობას. შესაბამისად, ეს ყურადღების მიპყრობა ჩვენ უკვე აღარ გვსიამოვნებს იმიტომ, რომ როგორც კი გააკეთებს ისეთ ქმედებას, რომელიც ჩემი წინა ნათქვამის საწინააღმდეგოა, იმაზე შენიშვნას ვაძლევთ. შენიშნვნა მას აწყობს იმიტომ, რომ ყურადღება მიიქცია. ჩვენ კიდევ ვბრაზდები და
ვეუბნებით: "ათჯერ გითხარი და მაინც იგივეს აკეთებ". შენიშვნა, ამ შემთხვევაში, მისთვის ყურადღებაა.

- ერთ მხარესაა მორჩილი, დამყოლი ბავშვი, მეორე მხარეს ჭირვეული, ბავშვი, რომელიც წინააღმდეგობრივია და არ ემორჩილება უფროსის ნებას. მშობელი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ გულისხმობს იმას, რომ ურჩენია იყოს ბავშვი მორჩილი, დამყოლი და არა ჭირვეული? თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ჭირვეული ბავშვი ძალიან ფარდობითი ცნებაა. ვერავინ დაადგენს საზღვარს, ჭირვეულ და არაჭირვეულ ბავშვს შორის. ეს ტერმინი მშობლების შეფასების შედეგია. ბავშვი არასდროს არის მარტო და მის ქცევაზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვიხილოთ ოჯახის სისტემა და მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ფორმები. ბავშვი ინსტიქტურად ეძებს დაცულობას, რაც ლაღად ცხოვრების საშუალებას იძლევა. როცა მისი მცველი, ანუ მშობელი, თავად ნერვიულობს, ბავშვს უარესი შფოთვა ემართება. ყველაზე პატარა ოჯახშიც კი აუცილებლად არის იერარქიული სისტემა, ვინ ვინ არის, ყველას თავისი ადგილი აქვს. არც ერთ სისტემას არ აწყობს ამბოხი. ბავშვი თავისი ბუნებით აბსოლუტურად ლაღი და თავისუფალია, მეამბოხეა, მაგრამ ჩვენ, ზრდასრულები, უშუალოდ ოჯახი თუ მთლიანად, საზოგადოება, ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გადმოვიყვანოთ ბავშვი ჩვენს წეს-ჩვეულებებზე, რომ იყოს უფრო მართვადი და, შესაბამისად, ნაკლები პრობლემა შექმნას. ამიტომ, ვიგობენთ უამრავ სისტემას და ვამბობთ: "ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე, რა იქნება". ეს, რა თქმა უნდა, არასწორია და აგრესიულ ფორმას ბადებს ბავშვებთან ურთიერთობისას. პირველი მდგომარეობა, რაც ძალიან გვიფუჭებს ურთიერთობებს, ოღონდ, ამას არ ვუფიქრდებით, ისე ვასრულებთ, ეს არის აკრძალვების ფენომენი. ძალიან მარტივი მაგალითი, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გაივლის, სახლში, ბინის პირობებში, ოჯახის წევრებს, და მათ შორის, მისთვის ყველაზე ახლობელ და ღრმად მიჯაჭვულ ადამიანს, დედას ხედავს. დედამ დღის განმავლობაში ვერც კი დავთვლით, რამდენჯერ გამოაღო კარადა, აიღო რაღაც ნივთი, ჩადო, გარკვეული მანიპულაცია გააკეთა და დახურა ისევ. იმდენად ბევრჯერ გაიმეორა და აჩვენა, რომ ბავშვს აღარც აქვს სურვილი, კითხვა დასვას, ეს შეიძლება თუ არა. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, თუ დედა აკეთებს, ესე იგი შეიძლება. ამიტომ, გაიარა თუ არა, ერთ-ერთი პირველი კარადასთან მივიდა. დახურული სივრცე უნდა გამოიკვლიოს, აინტერესებს, შიგნით რა არის. ამიტომ, გამოაღო კარადა და დაიწყო იქიდან რაღაცების ამოღება. რა თქმა უნდა, მას არ შეუძლია, რომ სისტემატიზაცა გააკეთოს ანუ დაალაგოს. ამიტომ, ამოალაგა, რომ ნახოს, რა არის. ვამბობთ, რომ ყველაფერი აურია, სინამდვილეში გაეცნო. მივდივართ და ვეუბნებით "არ შეიძლება", "ნუ აღებ". ამ დროს ვასწავლეთ, რომ გაეღო. ასეთი უამრავი ქმედებაა, თუნდაც შიგნით, პატარა ოჯახში, აღარ ვლაპარაკობ გარეთ. ბავშვები ძალიან მარტივად ბაძავენ ჩვენს ქმედებას. მაგრამ, როცა იმას აკეთებენ, რასაც ჩვენ, შენიშვნას ვაძლევთ. ამიტომ ხდება ძალიან რთული დამოკიდებულება.

1106
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნოდარი
0
ვერ გავიგე ბავშვს შენიშვნა მივცეთ თუ არ მივცეთ? რა ბუნდოვანი სტატიაა, გორბაჩოვის გამოსვლა გამახსენდა როცა დასკვნას ვერ გამოიტანდი მისი ხანგრძლივი ლაპარაკიდან.
11:54 / 26-02-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი