ხშირად ხდება, რომ ბავშვებს სხვადასხვა კომპლექსი აწუხებთ და ამის გამო ძალიან უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა - მაგალითად, გაკვეთილის მოყოლა, რომელიც სინამდვილეში იციან; თანატოლებთან გულღია ურთიერთობა, საჯარო გამოსვლა და ა.შ. საიდან მოდის კომპლექსები და როგორ უნდა გადავლახოთ ისინი, ამაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე:
- კომპლექსები, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ყველას აწუხებს ან აწუხებდა. თუმცა ზოგ შემთხვევაში იმდენად სერიოზული ფორმით ვლინდება, რომ ადამიანს საშუალებას არ აძლევს ნორმალურად თვითრეალიზდეს. საინტერესოა რა იწვევს მათ, რადგან კომპლექსების წარმოქმნის მიზეზების გათვალისწინებით, შევძლებთ, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ მათგან.
ბავშვებიც, ისევე როგორც ზრდასრულები, ცდილობენ, რომ სხვებისგან არ გამოირჩეოდნენ რამე უსიამოვნო ნიშნით. თუ ეს მაინც მოხდა, ისინი განიცდიან ძალიან ინტენსიურ შეგრძნებებს, რომლებიც შესაძლოა კომპლექსებში გადაიზარდოს.
კომპლექსები, რომლებიც დაკავშირებულია გარეგნულ მახასითებლებთან, შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი დაუდევარი ფრაზის, ხუმრობის ან შენიშვნის საფუძველზე. ამ მხრივ ყველაზე მეტად მოზარდები იტანჯებიან - ისინი ძალიან დიდ ყურადღება აქცევენ თავიანთ გარეგნობას და მასთან დაკავშირებულმა კომპლექსებმა შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ჩაკეტილობა, დეპრესია და გარე სამყაროსთან ფიზიკურ კონტაქტზე უარის თქმაც კი. იმისთვის, რომ თქვენს შვილს მსგავსი განცდები შეუმსუბუქოთ, ესაუბრეთ მის განსხვავებულობაზე, მაგრამ არა როგორც პრობლემაზე. დაეხმარეთ, იქცეს მისი „ნაკლი“ (რომლისაც რცხვენია) მის სიძლიერედ. მაგალითად, თუ ბავშვი სათვალის ტარების გამო ხდება დაცინვის საგანი, მოარგეთ თანამედროვე დიზაინის მქონე სათვალე, რომელიც უხდება და ის ნამდვილად გადაიქცევა ერთ-ერთ მიმზიდველ აქსესუარად. აჩვენეთ ცნობილი და წარმატებული ადამიანები სათვალით და ა.შ.
ხშირად კომპლექსები ჩნდება იმის გამო, რომ ბავშვის ინტერესები განსხვავებულია უმრავლესობის ინტერესებისგან. არადა ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება, მიეკუთვნებოდნენ თანატოლთა ჯგუფებს, იყონ მათ მიერ აღიარებულნი. მაგრამ ხდება ისეც, რომ ჯგუფის შეხედულება ხანდახან ზედმეტად რადიკალურია ცალკეული ბავშვის შეხედულებისგან. ასეთ დროს, კარგი იქნება თუ აუხსნით, რომ სხვებისგან განსხვავებულობა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება და უპირატესობაა. მოუყვანეთ ისეთი ადამიანების მაგალითები, რომლებიც ყველას და ყველაფრის მიუხედავად შეუპოვრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, იცავდნენ თავიანთ შეხედულებას, სჯეროდათ საკუთარი ძალების და საბოლოოდ მიაღწიეს გასაოცარ შედეგებს.
ბავშვებს კომპლექსებს ისიც უჩენთ, რომ შეიძლება ოჯახს არ ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და შესაბამისად, თანატოლების მსგავსად არ ფლობდნენ ახალგამოშვებულ მობილურ ტელეფონს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად აღზარდონ მშობლებმა თავიანთი შვილები, ჩამოუყალიბონ სწორი ღირებულებები. ბავშვი თავს ვინმეზე მაღლა მდგომად არ უნდა თვლიდეს, რადგან ფინანსურად შეძლებული ოჯახიდანაა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია მოდელი, რომელსაც ბავშვი ოჯახიდან იღებს. ბოლო გამოშვების ტექნიკა ან მოდური ტანსაცმელი უპირატესობა არაა და ეს ბავშვმა ოჯახიდან უნდა ისწავლოს. ანალოგიურად, უნდა აღვზარდოთ ისე, რომ სიღარიბე სირცხვილი არაა, მაგრამ არც ისე უნდა მოხდეს, რომ სიღარიბეს შევაჩვიოთ და არ გავუჩინოთ სურვილი წინსვლის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების.
ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრულებმა (განსაკუთრებით მასწავლებლებმა) სწორად მოახდინონ ბავშვის შეფასება საჯაროდ. დაიცვან ბალანსი, რათა ქება არ იყოს ზედმეტად გადაჭარბებული (რადგან ბავშვი დაისწავლის მისი ელემენტარული ქმედებების მსგავსად გადაჭარბებით შეფასებას და არ მიიღებს უბრალო კომპლიმენტებს ან შექებას) და ამავდროულად, შენიშვნაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილად შერჩეული, რადგან ბავშვს არ გავუჩინოთ სერიოზული კომპლექსები. სასურველია, როდესაც ბავშვს რამეს ვუსწორებთ, ხაზი გავუსვათ იმასაც, თუ რა გამოუვიდა კარგად, რა რესურსი აქვს, რა პოტენციალი აქვს, წავახალისოთ, მხარი დავუჭიროთ და მივცეთ მოტივაცია, რომ უკეთ შეასრულოს რამე.
კატეგორიულად აკრძალულია ბავშვის შედარება თანატოლთან. ამით ვაჩენთ კონფლიქტს, ვუქვეითებთ ბავშვს თვითშეფასებას, განვაწყობთ ნეგატიურად იმ თანატოლის მიმართ და ამ ყველაფერმა შესაძლოა მიგვიყვანოს სერიოზულ კომპლექსებამდე, რომლებმაც ზრდასრულობაშიც კი შეიძლება შეუშალოს ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში.