ბავშვის აქტიური მოძრაობა მისი ინტელექტუალური განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ყოფილა. ასე მიიჩნევს ნეიროფსილოგთა ერთი ნაწილი და მშობლებს ურჩევს, ბავშვების განვითარება ამ მეთოდით 2 წლიდან დაიწყონ.
ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ მოძრაობა ინტელექტს ავითარებს, ესე იგი, ყველა მოძრავი და ცელქი პატარა მომავალი ეინშტეინია? აი, რას ამბობს უკრაინელი ნეიროლოგოპედი ელენა ტიმოშენკო:
„მოძრაობით-განვითარებითი პროგრამა ორი წლიდან იწყება. საუბარია ხელების, ფეხების აქტიურ მოძრაობაზე, ასევე კიდურების გადაჯვარედინებულ მოძრაობებზე. ეს ყველაფერი ტვინის ჰემოსფეროთა ურთიერთქმედებაზე ახდენს გავლენას. ტვინში დაწყებული ეს პროცესები კი სამომავლოდ ბავშვის სასწავლო უნარებს გააძლიერებს“.
როგორ და რით დავიწყოთ? უნდა დაიწყოთ ყველაზე ადრეული ასაკით და ყველაზე მარტივი მოძრაობებით. 2 წლისა კიბეზე უნდა ადი-ჩამოდიოდეს, ვიწრო ზედაპირზე წონასწორობას ინარჩუნებდეს, მაგალითად, ტროტუარის ბორდიურზე გაიაროს. 3 წლისა ბუქნაობდეს და პატარა სივრცეებში დაძრომიალობდეს.
ბავშვი უნდა იმახსოვრებდეს ამ მოძრაობებს, ასრულებდეს სწორად და თანმიმდევრულად - ეს ყველაფერი ტვინის იმ უჯრედების ფორმირებაში მონაწილეობს, რომლებიც მოტივაციასა და ქცევის რეგულირებაში ეხმარება ბავშვს.
5 წლის ასაკისთვის ბავშვები უკვე იდეალურად ასრულებენ მოძრაობათა მთელ პროგრამას. უნდა იცოდნენ ცურვა და სწავლობდნენ თხილამურებზე, გორგოლაჭებზე დგომას.
თუმცა ეს არ ნიშნავს ბავშვის ერთდროულად რამდენიმე სპორტულ სექციაზე ტარება. ჯობია, პროგრამით გათვალისწინებული მოძრაობები სახლში შეასრულოს.
მიაქციეთ ყურადღება, ბავშვის მოძრაობები მიზანმიმართული უნდა იყოს და არა ქაოტური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქტივობა შედეგს არ მოგვცემს, მხოლოდ დაღლის ბავშვს.
„მოძრაობის შეთავსება მეტყველებასთან ძალიან კარგად ავითარებს ბავშვის ტვინს. ამიტომ ხშირად ვურჩევთ მშობლებს, ბავშვები ატარონ ისეთ მუსიკალურ სექციებში, სადაც ცეკვას სიმღერას თანხლებით სწავლობენ“ - ამბობს ელენა ტიმოშენკო.
სცადეთ ბავშვთან ერთად წარმოთქვათ და შეასრულოთ ეს კომბინაციები:
ხელები მაღლა ორჯერ ტაში ჩაჯდომა ადგომა
„ბავშვები ასოებს მალე სწავლობენ, მაგრამ მათი მარცვლებად ქცევა უჭირთ. სასკოლო მომზადებას გარკვეული დრო უნდა დაუთმოთ, თუმცა ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ. ასეთი შესვენებები ტვინს ინტელექტუალური ამოცანებიდან მოძრაობით შესასრულებელ ამოცანებზე გადართავს, რაც გონებისთვის საუკეთესო ვარჯიშია“ - ამბობს უკრაინელი ექპერტი.