ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლები ზედმეტად ცდილობენ შვილების ცხოვრების "დალაგებას", ზედმეტად ერევიან მათ, თუნდაც ბავშვურ, არჩევანში და ამის შედეგებს საკმაოდ გვიან იმკიან. ამერიკელი მწერალი ესტერ ვოიჟიცკი ამ თემას თავის წიგნებში ხშირად ეხმაურება.
რატომ ხდება, რომ მშობელი თავს არ ზოგავს შვილის წარმატებისთვის. შედეგად კი პასიურ, არათავდაჯერებულ, უსუსურ პიროვნებას იღებს, რომელსაც დამოუკიდებელი ცხოვრების ძალა არ შესწევს.
საქმე იმაშია, რომ მშობლები ხშირად აიდეალებენ თავიანთ შვილს, ოცნებობენ ნათელ და აუცილებლად წარმატებულ მომავალზე. მისი ბედის დაგეგმვას ლამის დაბადებიდან იწყებენ. რაც მეტად იზრდება ბავშვი, მით უფრო მატულობს მშობლების ამბიციები.
ბავშვის უცილობელი და ყოველმხრივი წარმატებისკენ დაუცხრომელი სწრაფვის საწყისები თვით მშობლების ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. როცა დედა ან მამა პატარები იყვნენ, ოცნებობდნენ ვირტუოზ მუსიკოსობაზე, კოსმონავტობაზე ან გამომგონებლობაზე. თუმცა სამწუხაროდ, ბავშვური ოცნებები არ აუხდათ. ან კიდევ, სურდათ ბევრი რამ, ბევრ წრეზე სიარული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხეს. ახლა კი, როცა წამოიზარდნენ, მშობლები ცდილობენ, თავიანთი არარეალიზებული
ოცნებები შვილების მეშვეობით განახორციელონ. თუ დედა ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრაზე ოცნებობდა, აუცილებლად ატარებს ბავშვს მუსიკალურ სკოლაში. მით უმეტეს, თუ ეს მოდურიც არის.
შესაძლოა, ამ დროს ვერც კი ხვდებოდეს, რომ მის შვილს მუსიკა საერთოდ არ მოსწონს, ან დედის ძალდატანების წყალობით შესძულდა. სულაც, ხატვა უნდა, მაგრამ არავის სურს ამის გაგონებაც კი. თუ დააკვირდებიან, დაინახავენ, რომ მას სხვა, თავისი ნიჭი აქვს სხვა სფეროებში, მაგრამ თავიანთ აკვიატებულ აზრებში გახლართულ მშობლებს ამის
დანახვაც არ უნდათ.
დროთა განმავლობაში ამას ის შედეგი მოაქვს, რომ ბავშვი პასიური ხდება, უინიციატივო. მშობლები მის ნაცვლად წყვეტენ, ვის ემეგობროს, ვინ დაპატიჟოს სტუმრად, რომელი გამოცდები ჩააბაროს და რა პროფესია აირჩიოს - შესაბამისად, მას სრულიად უკარგავენ ინდივიდუალურობას და დამოუკიდებლობას.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი ზიანი ადგება მის ფსიქიკას. მით უმეტეს, თუ მას ბევრ წრეზე დაატარებენ და სინამდვილეში აქედან არც ერთიც არ მოსწონს. გარდა იმისა, რომ ელემენტარულად იღლება, ემოციურადაც ვერანაირ კმაყოფილებას ვერ იღებს. ხდება ნერვიული, ჩაკეტილი, ზოგიერთს ენურეზიც კი უვითარდება (შარდის გაპარვა). სკოლაშიც უინიციატივონი ხდებიან, სწავლა აღარ აღელვებთ, ხშირად ავადმყოფობენ. თუ გარდატეხის ასაკში არიან, იწყებენ ამბოხებას, სკოლის ან წრეების გაცდენას - ერთი სიტყვით, კარგი არაფერი მოსდევს ამას. არადა, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ემოციები, სიხარული, საკუთარი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით ტკბობა - ჩვენ მას ბავშვობას ვართმევთ.
რას ურჩევენ ამ დროს ფსიქოლოგები მშობლებს? პირველ რიგში, საკუთარი ქცევები გააანალიზონ, იქნებ მეტისმეტი მოსდით, ობიექტურად დაფიქრდნენ, რამდენად აქვს ბავშვს იმის ნიჭი, რასაც აკეთებინებენ და რამდენად მოსწონს. გულწრფელად დაელაპარაკეთ, გაიგეთ, რა სურს, რა მიმართულებები მოსწონს. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ბავშვების ინტერესები ხშირად იცვლება, ეს ნორმალურია. მთავარია, რომ ესა თუ ის საქმიანობა მისი არჩევანი იყოს, და არა მხოლოდ თქვენი. დაეხმარეთ, მხარი დაუჭირეთ თავის მისწრაფებებში - თუ ეს მისი მოწოდებაა, ამასაც მიხვდებით, თუ არადა, მოისურვილებს, ინტერესს დაკარგავს და ახლა სხვა საქმიანობაზე გადავა. ესეც სავსებით ნორმალური რამაა და ბავშვის ზრდისა და განვითარების უცილებელი პროცესი. ფეხი აუწყვეთ მის სურვილებს, ემოციებს, მის ფიქრებს და იყავით მისი მეგობარი და არა "პატრონი" და "ხელმძღვანელი".