ფსიქოლოგიააქტუალური
რა არ უნდა განიხილოთ ბავშვებთან ერთად: 5 აკრძალული თემა და ფრაზა
რა არ უნდა განიხილოთ ბავშვებთან ერთად: 5 აკრძალული თემა და ფრაზა
შვილთან საუბარი აუცილებელია. თუმცა, არსებობს თემები, რომელთა განხილვაც ბავშვებთან ერთად არ შეიძლება. დედა და მამა ხომ შვილის მეგზურები არიან ამ ცხოვრებაში, მრავალი მიმართულებით აძლევენ გზას, "ფთებს", თავდაჯერებულობასა და ძალას, რომ მომავალში მომზადებული შეხვდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. შესაძლოა, ყველა ჩვენგანს ახსოვდეს ფრაზები, რომლებსაც მშობლები ბავშვობაში გვეუბნებოდნენ.

რა თქმა უნდა, მშობლები შვილებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებენ. თანამედროვე ფსიქოლოგიაც ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი თემის განხილვა შეგვიძლია ბავშვებთან ერთად. თუმცა მთავარია, სწორად შევარჩიოთ კონტექსტი, მაგალითები და ასაკის შესაბამისი ენით ვესაუბროთ. არსებობს გარკვეული თემები,
რომლებსაც ტაბუ ადევს და შვილებთან ერთად არ ღირს, რომ განვიხილოთ ან ფრაზები, რომლებიც მათთან არ უნდა ვთქვათ.

"მამაშენს არაფერი ახსოვს და ადარდებს!"

წარმოიდგინეთ, დედა და მამა ჩხუბობენ. ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტს, რომ დაილაპარაკონ და გაარკვიონ პრობლემა. გვერდით კი შვილები აღმოჩნდებიან. ბავშვის ფსიქიკა ზრდასრულების ამგვარი პრობლემების და მათი დაძაბულობის მოსასმენად არ არის მზად. როდესაც ერთი მშობელი ცუდად საუბრობს მეორეზე, ამგვარად ის:
  • ძირს უთხრის ორივეს ავტორიტეტს შვილების თვალში
  • კლავს ნდობას სამომავლოდ
  • იწვევს შფოთვასა და გაბრაზებას
  • ამახინჯებს ნორმალური ურთიერთობის სურათს
ამიტომაც, ნუ დააყენებთ შვილებს არბიტრის პოზიციაში. თქვენი კონფლიქტი და დამოკიდებულებები თქვენ ორის პრობლემაა და ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ. ნუ დატვირთავთ მათ ოჯახური პრობლემებითა და ემოციებით. გახსოვდეთ, რომ ბავშვი თქვენი პირადი ფსიქოლოგი არ არის და
ბავშვს ორივე უყვარხართ, სურს, ორივე იდეალურად ჰყავდეს წარმოდგენილი. ნუ დაძაბავთ და ნუ დააკნინებთ ერთმანეთს ბავშვის თვალში, მით უმეტეს, მეორე დღეს თქვენ ჩვეულებრივ რიგდებით და გვარდებით, ბავშვს კი ეს განცდები ხშირად მთელი ცხოვრების სტრესად ექცევა.

"როგორ დამღალეს ამ მჩხავანა არსებებმა!"

არასდროს არ უნდა უთხრათ თქვენს შვილს, რომ არ გიყვართ და თავს გაბეზრებთ. ან კიდევ, არ უთხრათ ბავშვებს, რომ მათი გაჩენა არ გსურდათ, მშობიარობა განსაკუთრებით გაგიჭირდათ და მტკივნეულიც იყო. ამ კონტექსტში მშობელი უკვე უარს ამბობს ბავშვის უპირობო სიყვარულზე და მთელ პროცესში მას აკისრებს პასუხისმგებლობას. დაბადების ფაქტი უკვე არსებობს და ბავშვი ვერ გამოისყიდის თქვენს შეცდომებს, ვერც საკუთარ თავზე აიღებს იმ ფაქტს, რომ მშობიარობისას ტკივილს განიცდიდით. ამიტომ, მსგავსი ფრაზები არასდროს გამოიყენოთ. შვილებს ნუ აგრძნობინებთ თავს დამნაშავედ.

"მასთან ერთად მხოლოდ შენ გამო ვცხოვრობ!"

ბავშვს ზედმეტ პასუხისმგებლობას ანიჭებთ და აგრძნობინებთ, რომ მსხვერპლია, რაღაც მიზნებისთვის. არ აჩვენებთ, რომ ამაყი და ბედნიერი ხართ მხოლოდ იმის გამო, რომ დაიბადა და არსებობს ამ ქვეყნად. სულ სხვა დატვირთვას სძენთ მის არსებობას ამ ფრაზით, თითქოს, გადამრჩენელის როლი აქვს.

"რას აკეთებს?"

ზოგიერთი მშობელი შვილს "აგენტის" როლს ანიჭებს და სთხოვს, დეტალურად გაეცნოს მეორე მშობლის (ბებიის, პაპის და ა.შ.) ურთიერთობებს, რას აკეთებს, ვისთან ერთადაა და ასე შემდეგ. ამ გზით, მშობელი ცდილობს, ემოციური ტვირთი შვილზე გადაიტანოს, გარკვეული პასუხისმგებლობა ააღებინოს და სრულიად არასაჭირო და უინტერესო აქტივობით დააკავოს მაშინ, როცა მოზარდობის ასაკი ნებისმიერი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია.

"ნახე, როგორი კარგები არიან!"

მუდმივად იმის აქცენტირება, რომ გაცილებით მეტად მოგწონთ სხვა ოჯახი, სხვისი შვილი, სხვისი ქმარი ან ცოლი და ბავშვთან ამის ხშირი გამეორება, სრულიად დამღუპველია მისთვის მრავალი კუთხით. არც შვილის შედარება შეიძლება სხვა ბავშვებთან და არც საკუთარი ოჯახის თუ ოჯახის წევრის დაკნინება ბავშვის თვალში. ოჯახი მისი საყვარელი ადგილი უნდა იყოს, სადაც ყოველთვის სიმშვიდე, მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული ელოდება.

რაზე შეიძლება ბავშვებთან საუბარი?

რა თქმა უნდა, ბავშვთან უნდა ისაუბროთ იმ თემებზე, რაც ოჯახს აღელვებს, რაც მის მომავალს შეეხება, მტკივნეულ თემებზეც, როგორიცაა დაავადებები, სიკვდილი, განქორწინება და ა.შ., თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასაკი და საუბრის ენაც შესაბამისი შეარჩიოთ, ტონიც და ბავშვისთვის არასტრესულად უნდა გააკეთოთ ეს.
ბეჭდვა