თანამედროვე ბავშვების დღის განრიგი დიდი კომპანიის დირექტორის დატვირთულ გრაფიკს არ ჩამოუვარდება. სკოლის პარალელურად რეპეტიტორები, სპორტი, სასკოლო ღონისძიებები, სახელოვნებო წრეები თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაშია ჩართული.
დასვენების დღეებიც გაწერილია - წრეებსაც უფრო ხშირად დასვენების დღეებს უმთხვევენ მშობლები. მოკლედ, ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვებს მოწყენილობის და უქმად ჯდომის დრო არ დარჩეთ. არცერთ მშობელს არ უნდა, რომ ბავშვი მოწყენილი იყოს. ამ დროს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მოწყენილობა მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული განწყობაა ბავშვის განვითარებისთვის.
ყველამ ვიცით, რომ დრო ძალიან ძვირფასია და ყველა მშობელი კმაყოფილია, როცა ხედავს, რომ ბავშვს დრო მაქსიმალურად აქვს გაწერილი - მეცადინეობა, გართობა, თანატოლებთან კონტაქტი... საბოლოოდ იზრდებიან ბავშვები, ვისთვისაც თავისუფალი დრო ნამდვილი კოშმარია. თუ აღმოჩნდებიან გარემოში, სადაც არც გაჯეტებია და არც წინასწარ გაწერილი აქტივობა, სასოწარკვეთილები აწყდებიან კედლებს და უფროსებს ეკითხებიან, რა გააკეთონ და რით გაერთონ.
ბავშვების ცხოვრების ჰიპერორგანიზებულობა - ასე აღწერენ ფსიქოლოგები იმ მშობლების მცდელობებს, რომლებიც ისტერიულად ცდილობენ ბავშვს მოწყენის საშუალება არ მისცენ. სწორედ ამ შიშს, რომ ბავშვმა არ მოიწყინოს, შვილების ცხოვრების ჰიპეორგანიზებისკენ მივყავართ. „რით გავართო“ ისეთივე პრობლემაა მშობლისთვის, როგორც „რა ვაჭამო“ ან „როგორ მივცე კარგი განათლება“. ბავშვიც ეჩვევა, რომ გასართობი მუდამ მზადაა, ამიტომაც როგორც კი ყურადღება მოაკლდება იწყება წუწუნი, ჩივილი, რომ მოწყენილია, კალთაზე ჩამოკიდება. სინამდვილეში ეს ყველაფერი ნორმალურია, ბავშვმა მოწყენილობასთან გამკლავებაც უნდა ისწავლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია მომავალი ცხოვრებისთვის, რომელიც ასწავლის, როგორ გაანაწილოს დრო.
ყველაფრისგან თავისუფალი მომენტები აუცილებელია ჯანსაღი და ჰარმონიული ზრდისთვის. ეს სიცარიელე გვეხმარება ჩავურღმავდეთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, გაგვიჩნდეს ბუნებრივი ინტერესი და სიამოვნება მივიღოთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენით.