ფსიქოლოგიააქტუალური
უნდა ავუკრძალოთ თუ არა ბავშვებს ფილმებში სექსუალური მომენტების ყურება: "ამ დროს ოთახიდან შვილი არ უნდა გავაგდოთ და არც თვალზე უნდა ავაფაროთ ხელი"
ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" მშობლებისთვის საინტერესო თემაზე საუბრობს და მათ აძლევს რეკომენდაციას, უნდა აუკრძალონ თუ არა ბავშვებს ფილმებში კოცნის და მსგავსი სცენის ყურება და ზოგადად, როგორ უნდა მოიქცნენ ფილმების შერჩევისას:

"ფილმებს ხომ სპეციალური ნიშნულები აქვთ. გააჩნია სექსუალურ სცენას. თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ბავშვი 9 წლისაა და ფილმში კოცნის სცენაა, რაც ასევე სექსუალური სცენაა, მე ვფიქრობ, ამ დროს ოთახიდან შვილი არ უნდა გავაგდოთ და არც თვალზე უნდა ავაფაროთ ხელი. ეს ჩემი თინეიჯერობის დროს ხდებოდა და ახლა მეცინება. 21-ე საუკუნეში
ვცხოვრობთ, ბავშვებმა ისედაც იციან ეს ყველაფერი. თუ ფილმში კოცნის სცენას ვერ დაინახავს, ჩვენი ქალაქის ნებისმიერ პარკში შეხვდება. უბრალოდ, ინფორმირებული უნდა იყოს, რა არის კოცნა. თუ არის ისეთი სცენა, რომელიც ეროტიულს ან კიდევ პორნოგრაფიულს უკავშირდება, მშობელმა, ვიდრე შვილთან ერთად ეკრანთან დაჯდება, უნდა იცოდეს, რა ტიპის ფილმის ყურებას აპირებს. თუ პორნოგრფიაზეა საუბარი და სავარაუდოდ, იქ შეიძლება ისეთი რამ გამოჩნდეს, რაც მისი შვილის ასაკს არ შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელმა არ იფიქრა, იყო თუ არა მისაღები ამ ტიპის ფილმი მისი შვილისთვის. მერე ვიშვიშის ატეხვას აზრი აღარ აქვს. არსებობს სპეციალური ნიშნულები: 12 წლამდე, +18, ისეთ ფილმებსა და ანიმაციებს, რომლებიც საშიშია, საკუთარი ნიშანი აქვთ. ამიტომ, მშობლებო, ამ მხრივ განათლება
ძალიან მნიშვნელოვანია. თავად გვჭირდება ცოდნა, ინტერნეტში რა შეზღუდვები ჰქონდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვს. თუ ფილმს ერთად უყურებთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, რას უყურებთ ამა თუ იმ ასაკის შვილთან ერთად. ამას თუ მოვამზადებთ და დავფიქრდებით, მაშინ ეკრანზე უნებლიე ამოხტომები და ბავშვის დასტრესვა აღარ იქნება."

ნატა მეფარიშვილი კიდევ ერთ საინტერესო თემას ეხება. მისი თქმით, მოზარდმა უნდა იცოდეს, როგორ შეიკავოს თავი და უარი თქვას არასასურველ სქესობრივ ურთიერთობაზე:

"მოზარდმა უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს, თუნდაც, პოტენციურ პარტნიორთან, როდესაც გარდატეხის ასაკშია. როგორ შეიძლება სწორად გადავავადო სექსუალური ქცევა, სქესობრივი აქტი და ვიცოდე, როდისაა ჩემთვის ამის დრო. ბავშვი თუ ინფორმირებული არ არის, მას შეიძლება ეგონოს, რომ თუ 15-16 წლსი ასაკში სექსი არ ექნება, ეს სამარცხვინოა იმიტომ, რომ თანაკლასელმა უთხრა, რომ მას ჰქონდა. მაგრამ, თუ ჩვენ მათ ინფორმირებულებს გავხდით და ეცოდინებათ, როგორ ვითარდება მათი სხეული, რას ნიშნავს სქესობრივი განვითარება, რომ ამას თავის დინამიკა აქვს, უკავშირდება განვითარების ემოციურ-სოციალურ პლანს, ასეთ შემთხვევაში, მას უარის თქმა შეეძლება. შეძლებს იმაზე დაფიქრებასაც, თუ როდის იწყებს ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას. ადრეული სქესობრივი კონტაქტის პოპულარიზაცია, რომელსაც ბევრი არასასურველი შედეგი მოჰყვება, ამ კუთხით, ვფიქრობ, დარეგულირებული იქნება. ახლა ეს დარეგულირებული არ არის. ამაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა როგორც პრაქტიკოსი, გეტყვით, რომ ეს ხდება, ოღონდ ჩუმად. წახალისებული ტენდენციაა იმიტომ, რომ დაფარულია. ჩუმად აკეთებენ ისე, რომ შეიძლება, მშობელმაც არ იცოდეს ამის შესახებ. აკეთებენ იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ და თავად ეძებენ ცნობებს. ზღვა მასალაში რას იპოვნიან, არავინ იცის და მშობელსა და შვილს შორის ბარიერი იქმნება. თუ მშობელი თავად არ არის ინფორმირებული და არ აქვს საკმარისი განათლება, ბუნებრივია, კომუნიკაციის პრობლემა აქვთ, ერთგვარი უხერხულობა ჩნდება. ვფიქრობ, ზოგადად, საზოგადოებას სჭირდება სქესობრივი განათლების თვალსაზრისით განათლება. განსაკუთრებით, მშობლებს სჭირდებათ, რადგან ბევრი მშობელია, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ შვილს დაეხმარნონ. უნდა იცოდნენ, რა ინფორმაცია მიაწოდონ 5, 10 ან 15 წლის ასაკში შვილებს."

ბეჭდვა