მარტვილში მომხდარ საზარელ ფაქტს, 8 წლის გოგონას გაუპატიურებას, მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა. როგორ დავიცვათ შვილები მსგავსი უბედურებისგან, როგორ ავუხსნათ პატარას, რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მიხვდეს, როდის ემუქრება საფრთხე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელიც სწორედ ბავშვებზეა მორგებული.
"დაახლოებით ხუთიდან ერთი ბავშვი ხდება სექსუალური იძულების, ან ძალადობის მსხვერპლი. ეს ხდება ნებისმიერი ასაკის, სქესის, კანის ფერის, სოციალური კლასის და აღმსარებლობის მქონე ბავშვთან. ხშირად დამნაშავეა ხოლმე ადამიანი, რომელსაც ბავშვი იცნობს და ენდობა. ასევე დამნაშავე შესაძლოა იყოს ბავშვი. მშობელს შეუძლია ბავშვს თავიდან აარიდოს სექსუალური ძალადობა თუ ასწავლის რამდენიმე ოქროს წესს „ქვედა საცვლების შესახებ“. ეს წესები ძალიან ეფექტურია სექსუალური ძალადობის პრევენციაში. პრევენცია და დაცვა კი არის უფროსის პასუხისმგებლობა. ბავშვი არასოდესაა პატარა ამ წესების სასწავლებლად, რადგან ძალადობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. ერთი შეხედვით მარტივი, თანმიმდევრული და საჭირო წესები ეხმარება მშობლებს, როგორ უნდა აუხსნან შვილებს, თუ სად არ უნდა შეეხონ სხვები, როგორ დაიცვან საზღვრები და სად უნდა ეძებონ დახმარება.
#წესი 2. არსებობს კარგი შეხება და ცუდი შეხება.
ბავშვები ყოველთვის ვერ ასხვავებენ მისაღებ და მიუღებელ შეხებას. არ შეიძლება ვინმე შეეხოს ან უყუროს სხეულის ისეთ ნაწილზე, რომელიც დაფარულია ქვედა საცვლებით და არც თვითონ უნდა შეეხოს სხვა ადამიანს სხეულის ამ ნაწილებზე. ეს წესი ეხმარება ბავშვებს დაიხსომონ ადვილად აღსაქმელი აშკარა საზღვარი: ქვედა საცვლები.
#წესი 3. კარგი საიდუმლოები და ცუდი საიდუმლოები. საიდუმლოება სექსუალური მოძალადეების ძირითადი ტაქტიკაა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს განასხვავონ კარგი და ცუდი საიდუმლოები. ნებისმიერი საიდუმლო, რომელიც მათში შეშფოთებას, დისკომფორტს, შიშს ან სევდას იწვევს, არ უნდა შეინახონ; უნდა გაუმხილონ ეს საიდუმლო იმ პირს, ვისაც ენდობიან (მშობელი, მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმი).
#წესი 4. პრევენცია და დაცვა არის უფროსის პასუხისმგებლობა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან სირცხვილის, დანაშაულის და შიშის შეგრძნებას. სექსუალურობის ტაბუიზირება არც თუ ისე კარგი სტრატეგიაა და უნდა ასწავლოთ, ვის უნდა მიმართონ, როცა აღელვებულები, სევდაში, გლოვაში და დარდში არიან. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, ღიაობას და ნდობას, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ ლაპარაკი მშობლებთან მსგავს საკითხებზე.
#წესი 5. ნაცნობი და უცნობი დამნაშავეები და დახმარების მოთხოვნა. პატარა ასაკის ბავშვებისთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რომ მასზე შეიძლება იძალადოს ნაცნობმა ადამიანმა. ამიტომ მშძობელმა უნდა იცოდეს, ხშირად ვინ ჩუქნის ბავშვს საჩუქრებს, სთხოვს საიდუმლოს შენახვას ან ცდილობს მარტო გაატაროს დრო ბავშვთან ერთად, უნდა იყოს დადგენილი წესები და საზღვრები. ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი წესები უცხო ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაში: არასოდეს ჩაუჯდეს მანქანაში უცხო ადამიანს, არასოდეს მიიღოს საჩუქრები და დაპატიჟება უცხო ადამიანისგან.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ პროფესიონალები, (მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, ომბუნდსმენები, სკოლის ფსიქოლოგები, პოლიცია) რომლებიც დაიცავენ, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება, და ასევე დახმარების სატელეფონო ხაზები, სადაც მათ შეუძლიათ დარეკვა და რჩევის თხოვნა.