"ჯერ შვილს გავაჩენ, შემდეგ კი ქმარს მოვძებნი"- რას ფიქრობენ ფსიქოლოგები "ახალი თაობის" ოჯახებზე - მშობლები

"ჯერ შვილს გავაჩენ, შემდეგ კი ქმარს მოვძებნი"- რას ფიქრობენ ფსიქოლოგები "ახალი თაობის" ოჯახებზე

2021-07-05 07:38:27+04:00

ძალიან ბევრი ქალი გეგმავს, რომ გათხოვდება, შემდეგ შვილებს გააჩენს და ბედნიერად იცხოვრებს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო გეგმა აქვთ - ჯერ შვილს გააჩენენ და შემდეგ მოძებნიან ოცნების მამაკაცს.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ბავშვი ჩნდება ქორწინების გარეშე. ქალებს კი მარტოხელა დედებს აღარ ეძახიან, როგორც 20-30 წლის წინ ხდებოდა. მათზე არც ზურგს უკან ჭორაობენ, რადგან ქალები, როგორც წესი, ამას სრულიად დაგეგმილად და გაცნობიერებულად აკეთებენ. ისინი თვლიან, რომ შვილთან ერთად მარტო ცხოვრება იდეალური ოჯახის მოდელია, ასე უფრო დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობენ თავს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მაინც გადაწყვეტენ ხოლმე ქმრის პოვნას. მიუხედავად ამისა, თითოეული ისტორია მაინც განსხვავებული და ინდივიდუალურია, მიზეზიც სხვადასხვაა. მაგალითად:

ქალი აცნობიერებს, რომ ადამიანთან, რომელიც უყვარდა, ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, სურს, რომ მისგან შვილი ჰყავდეს. შემდეგ კი ცხოვრებას უფრო რეალისტურად და პრაგმატულად უყურებს. ფიქრობს, რომ ბავშვს ნორმალური მამა, მას კი შესაფერისი ქმარი სჭირდება. ქალი იმდენად დაკავებულია საკუთარი კარიერის მოწყობით, რომ მისთვის სრულფასოვანი ოჯახი, ცოლის როლი ზედმეტი ტვირთია. ამის არც დრო აქვს და არც სურვილი. თუმცა, შვილი უნდა. მისი ნება რომ იყოს, ამ პროცესსაც ათეული წლები გადადებდა, თუმცა, ბუნების კანონზომიერებას წინ ვერ აღუდგება. ან კიდევ ქალს არ აქვს გრძნობა მამაკაცის მიმართ. ლოდინი, თუ როდის მოვა ნამდვილი სიყვარული, არ შეუძლია. თან, ამ დროს გამუდმებით ეკითხება დედა, როდის გახდება ბებია. მეგობრებს კი ყველას შვილი ჰყავს და მათთან ერთად დადიან. ამიტომაც, იმ არგუმენტით, რომ შეიძლება სიყვარული სულ არ ეწვიოს, ბავშვის გაჩენას ოფიციალური ქმრის გარეშე გადაწყვეტს.

ოჯახში ბედნიერება უნდა იყოს!

ბავშვები ოჯახში არსებულ სიტუაციას მარტივად ეჩვევიან. ამიტომაც, მათთვის არაბიოლოგიურ მამასთან ცხოვრება პრობლემა არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ბედნიერად იქნებიან და ცხოვრება ცუდისკენ არ შეიცვლება. ამიტომაც, ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, რომ ამის გამო დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდეთ მაშინ, როცა ბავშვი თბილ გარემოში იზრდება და ვითარდება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შვილებს სტაბილურობა სჭირდებათ. ამიტომაც, პირადი "ექსპერიმენტების" ჩატარება არ არის სასურველი. თუ ურთიერთობა გაქვთ მამაკაცთან, ჯობს ახლობლებს როგორც მეგობარი, ისე წარუდგინოთ და დაქორწინებისას არ იჩქაროთ. რა თქმა უნდა, ოჯახში რომ მამაკაცია, კარგია, მაგრამ თუ ყოველ წელს შეიცვლება ერთი მეორეთი, ბავშვის ნორმალურ განვითარებას საფრთხე შეექმნება.

mshoblebi

რა უნდა ქნას მამინაცვალმა? ის, რაც მამას ევალება, ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე, დედასთან ერთად ჩართული იყოს აბსოლუტურად ყველა პროცესში, რადგან თუ აღზრდაში მხოლოდ დედა მონაწილეობს, მამინაცვალთან შეგუების პროცესი კიდევ უფრო გართულდება. ამიტომაც, სთხოვეთ მამაკაცს, რომ თქვენს შვილთან ერთად საყიდლებზე წავიდეს, გაისეირნოს, ერთად ისაუბრონ და აზრები გაუზიარონ. თუმცა, მზად უნდა იყოთ, რომ შესაძლოა, ბავშვის მხრიდან მანიპულაციები წამოვიდეს. "ახლა აღარ გეყვარები, რადგან ახალი ქმარი გყავს" - მსგავს ფრაზებს მშვიდად შეხვდით. არ მისცეთ ნება, რომ ამგვარი დამოკიდებულებით თქვენი მართვა შეძლოს. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, შვილი ნამდვილ მამაზე კითხვებს დაგისვამთ და მის ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეთ. ბავშვმა სიმართლე უნდა იცოდეს. თუმცა, ნეგატიური აზრებით ნუ დატვირთავთ. აუხსენით, რომ ცხოვრება ასეთია, ზოჯგერ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ, ურთიერთობები იცვლება და გრძნობაც ქრება.

ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მაშინ, როცა უკვე ახალ მამაკაცთან საერთო შვილი გაგიჩნდებათ. რა თქმა უნდა, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, მაგრამ არც მარტო უნდა იგრძნოს თავი. დაუთმეთ დრო, ახალი რაღაცები აღმოაჩინეთ და ემოციური სიახლოვე არ დაკარგოთ. სხვათა შორის, ეს პერიოდი მამინაცვალთან დასაახლოვებლადაც კარგია, რადგან მამაკაცები მარტოსულად გრძნობენ თავს სახლში, როცა იქ ახალშობილია.