"მშობლებს ჰგონიათ, რომ ძალიან გონიერია ბავშვი, რომელმაც პატარაობიდან იცის, როგორ ჩართოს ეკრანი და იპოვოს სასურველი თამაში... სინამდვილეში ეს ილუზიაა და ინტელექტთან საერთო არაფერი აქვს"
 "მშობლებს ჰგონიათ, რომ ძალიან გონიერია ბავშვი, რომელმაც პატარაობიდან იცის, როგორ ჩართოს ეკრანი და იპოვოს სასურველი თამაში... სინამდვილეში ეს ილუზიაა და ინტელექტთან საერთო არაფერი აქვს"
ყველა მშობელს უნდა, რომ ბავშვი დამოუკიდებელი გაიზარდოს. თუმცა რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა, რით იზომება ის, როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი, ბევრისთვის გაუგებარია. ამ საკითხებზე ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობის განმტკიცება და წახალისება ბავშვს ყველა ასაკში სჭირდება.
„დამოუკიდებლობა ძალიან მძლავრი უნივერსალური იარაღია, რათა მომავალში ადამიანი ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და მათ მიმართ ემოციურად გამძლე იყოს.
„შეიძლება მშობლებს გაუკვირდეთ, მაგრამ ბავშვის დამოუკიდებლობაზე საუბარს ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ, ჩვილობიდანაც კი. ბავშვს რომ მოსწონს მის წინაშე მდებარე
სათამაშო, მისკენ ხელს გაიწვდის და თავად ცდილობს მოიპოვოს, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ. მან მოინდომა და შეცვალა გარემო მის სასარგებლოდ - ეს პირველი აგურია მისი მომავალი დამოუკიდებლობისკენ.
როგორ გამოიყურება 3 წლის დამოუკიდებელი ბავშვი?
უნდა შეეძლოს საკვების დამოუკიდებლად მიღება, რა თქმა უნდა, მისის ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობების პირობებში.
ტიპიური განვითარების პირობებში, 3 წლის ასაკში მეტყველება უკვე საკმაოდ განვითარებული უნდა ჰქონდეს. გააჩნდეს სიტყვათა კარგი მარაგი. ამ დროს ფრაზული მეტყველებაც განვითარებულია და დიალოგის წარმოება შეუძლია. გადმოსცემს თავის სურვილებს, არგუმენტირებულად გ
ამოთქვამს აზრს, წარმოაჩენს თავის მოლოდინებს. ანუ მხოლოდ „მინდას“ კი არ გამოხატავს, არამედ იცის, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, რა ვითამაშოთ. ანუ დაგეგმავს თავის აქტივობას და იტყვის, როგორ გააკეთებს ამას, მოიძიებს ამ გზებს. 3 წლიდან თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ თავისუფალი თამაში ბავშვს უნდა შეეძლოს. ჩვენი მეთვალყურეობა აქ არის მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით. მივცეთ საშუალება, მარტომ გააკეთოს სათამაშოს არჩევანი და მარტომ დაგეგმოს თამაში. მაგალითად, ამ თოჯინას ამას ჩააცმევს, ამ საწოლში დააძინებს, მეორე თოჯინას აჭმევს, ჩააცმევს, გახდის და ა. შ. აქ მარტო შემეცნებითი დამოუკიდებლობა არ ვლინდება. ამ მოქმედებებით ის მოტორულ დამოუკიდებლობასაც ეჩვევა. როცა თოჯინას ხდის და აცმევს, ღილებს ხსნის, წვრილი დეტალებით თამაშობს, ის მოტორულ უნარებსაც ივითარებს. იგივე ხდება ხატვის დროს - თვითონ არჩევს ფლომასტრის ფერს, მათი გამოყენების თანმიმდევრობას, სივრცეში გადაანაწილებს ნახატს - ეს უკვე მისი დამოუკიდებელი აზროვნების შედეგია. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა წახალისდეს. ბავშვის ინიციატივას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ და წავახალისოთ. მშობლების მთავარი პასუხისმგებლობა ის არის, რომ სივრცე, სადაც ბავშვი თამაშობს, მისთვის უსაფრთხო უნდა გავხადოთ. უჯრა კი არ უნდა დაუკეტოთ, ის იმ ნივთებით უნდა გაავსოთ, რაც ბავშვისთვის დასაშვები და საინტერესოა. ფეხზე მოსიარულე ბავშვის აწეული ხელის სიმაღლეს რომ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი დავამატოთ, ამ სიმაღლის ფარგლებში გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მისთვის. მსხვრევადი და სახიფათო ნივთები მის ტეროტორიაზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ წამს თვალი ვადევნოთ ან ყველფერი აუკრძალოთ. აკრძალვები მას აფიქრებინებს, რომ ინიციატივა აღარ უნდა გამოიჩინოს. ან პირიქით, მოსწრებაზე იქნება, რომ თვალს მოაშორებთ თუ არა, ზუსტად ის აიღოს, რასაც უშლით, ზუსტად ის უჯრა გააღოს, რომელიც თქვენ აუკრძალეთ. პირიქით, ხელი შეუწყვეთ, რომ რაიმე საინტერესო იპოვოს, გაგიზიაროთ და ერთად მოიფიქროთ, როგორ გამოიყენოთ ის. ამით ეჩვევა სწორედ გადაწყვეტილებების მიღებას, დასკვნების გაკეთებას, დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგრამ სულ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიაროს. ვიღაცას აუცილებლად უნდა ეცალოს ბავშვისთვის, რომ ეს ახალი აღმოჩენა, ეს ემოცია გაიზიაროს“ - განაცხადა თამარ ედიბერიძემ და რამდენიმე რჩევა შესთავაზა მშობლებს, თი როგორ გამოვიყენოთ ზაფხული, რომ მეტად შევუწყოთ ხელი ბავშვის დამოუკიდებლობას და შემოდგომიდან, ახალ სასწავლო წელს მომზადებული უნარებით შეხვდეს. 
„ამისთვის საუკეთესო მეთოდია, ბავშვი ჩავრთოთ ოჯახის ყოველდღიურ აქტივობებში. დავამკვიდროთ კარგი ტრადიცია, რომ ყველაფერი, რაც ოჯახს ეხება, ერთად გავაკეთოთ. რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, მაინც შეიძლება რაღაც ფუნქცია გავუნაწილოთ. ანუ ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. მეორე ნაბიჯია მაგალითის მიცემა - ის ჩვენს საქციელზე პასიური დაკვირვებითაც ბევრ რამეს სწავლობს. მესამე არის ჰიპერმზრუნველობაზე უარის თქმა. უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ ამან არარაციონალური სახე არ უნდა მიიღოს. საფრთხის შიში და ჰიპერმზრუნველობა ხშირად გვიშლის ხელს დროულად მივანიჭოთ ბავშვებს დამოუკიდებლობა და მივცეთ საჭირო უნარების გამომუშავების საშუალება. ვაღიაროთ და შევუქოთ ის, რაც მან თავად, დამოუკიდებლად გააკეთა. ამით გახარებაც უნდა ვასწავლოთ" - განაცხადა ედიბერიძემ და ტექნიკისა და ეკრანის თემასაც შეეხო. „ოჯახებში იქმნება ბავშვის დამოუკიდებლობის ილუზია. ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამში თუ მულტფილმი“ - სინამდვილეშ ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოთ. ყოველი ზედმეტი წუთი ეკრანთან გატარებული უფრო ზიანის მომტანია, არათუ სარგებლის“ - განახცადა თამარ ედიბერიძემ.

25498
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი