პანდემიას ჯანმრთელობის ფიზიკური დაზიანების გარდა, შფოთვისა და სტრესის მომატებული ფონიც ახლავს. როცა მოზრდილები ღელავენ, შეუძლებელია, საყოველთა შიშმა და დაძაბულობამ ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც არ იქონიოს გავლენა. ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" სწორედ იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლებიც ბავშვებში შფოთვის ფონზე ვლინდება და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ, ორგანულ დაზიანებებს.
"მომატებული შფოთვა ყველა სტრესულ სიტუაციას ახლავს თან და არც პანდემიაა გამონაკლისი. ბავშვი, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ქცევა ძალიან არის დამოკიდებული მოზრდილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ პანდემიის სტრესი ორმაგი დარტყმის ქვეშ აყენებს პატარას - თავადაც უჭირს შეცვლილ გამოფაქტორებთან ადაპტაცია და ამას ოჯახის წევრების შფოთვაც ემატება. ბავშვი თავადაც რომ ვერ აცნობიერებდეს არსებული მდგომარეობის სიმძიმეს, ირგვლივ მყოფი უფროსების ღელვაც მასზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს. წინა პანდემიებმა დაადასტურა, რომ ამ დროს შფოთვის დონე ბავშვებში ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
შფოთვა ყველა ბავშვში ინდივიდუალური სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ძილის დარღვევა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, საკვების მოცულობის შემცირება, კვებითი ჩვევების შეცვლა. სამწუხაროდ, ამ ჩამოთვლილი სიმპტომებს მშობლები არ უკავშირებენ სტრესს და რომელიმე დაავადების ძებნას იწყებენ.
ბუნებრივია, ექიმიც სამედიცინო პრობლემების გამორიცხვით იწყებს კვლევას, რათა არაფერი გამოგვეპაროს. როცა ყველა ორგანული ტიპის მიზეზი გამოირიცხება, ვთანმხდებით, რომ ეს არის სტრესის შედეგად გამოწვეული ფსიქოსომატური ჩივილები. სხვათა შორის, ეს გამოკვლევებიც, ანალიზები, თეთრხალათიანი ექიმებიც დამატებითი სტრესია ბავშვისთვის და ამძაფრებს იმ სტრესს, რაც ბავშვმა ერთხელ უკვე გამოსცადა" - ამბობს თამარ ედიბერიძე და დამამშვიდებელი პრეპარატების პრობლემასაც აღნიშნავს.
"მშობლების არათუ თხოვნა, ზოგჯერ მოთხოვნაა ხოლმე, რომ ბავშვს „რამე დამამშვიდებელი“ დავუნიშნოთ. ვცდილობთ, „ავისხლიტყოთ“ ხოლმე ეს მოთხოვნები, რადგან ამას შეიძლება დამატებითი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს: როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ წამალს სვამს, ავად არის, მკურნალობა სჭირდება - ეს კიდევ დამატებითი შფოთვაა, რომელიც მომავალშიც შეიძლება სადმე ამოტივდივდეს და დამატებითი ემოციური წინაღობა შეგვიქმნას. აღარფერს ვამბობ თავად წამლის შესაძლო გვერდით მოვლენებზე, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება აღმოცენდეს" - აცხადებს თამარ ედიბერიძე.
იხილეთ ჩანაწერი სრულად