"ჩვენი შვილები ვერასდროს იქნებიან კარგად, თუ დაძაბული მშობლები ეყოლებათ"- ფსიქოლოგი ბავშვებში არსებულ პრობლემებზე და მშობლების როლზე
"ჩვენი შვილები ვერასდროს იქნებიან კარგად, თუ დაძაბული მშობლები ეყოლებათ"- ფსიქოლოგი ბავშვებში არსებულ პრობლემებზე და მშობლების როლზე
პანდემიის პირობებში, როცა ბაღები დაიხურა და სკოლებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობები შეეზღუდათ. ვეღარ ხვდებოდნენ თანატოლებს, უწევდათ დიდი დროის ეკრანთან გატარება და ისმენდნენ სხვადასხვა ინფორმაციას. ყოველივე ამან კი მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა მათ, დაირღვა ძილისა და კვების რეჟიმი, გაუჩნდათ აკვიატებული შიშები და სხვა. უფრო კონკრეტულად, რა პრობლემები გამოიწვია პანდემიამ ბავშვებში და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სპეციალისტის დახმარება სჭირდება, ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- პანდემიის პერიოდში მომართვიანობა გაზრდილია იმიტომ, რომ ბავშვებშიც და მოზარდებშიც ფსიქოლოგიური მდგომარეობა გართულდა. პირველ რიგში,
მიზეზია ის, რომ შემცირდა ფიზიკური აქტივობა, სოციალური ურთიერთობები. დაგროვილი ენერგია კი ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად აისახება მათ ქცევაზე. იმის გამო, რომ დაიკეტა ბაღები და სკოლები, ყველა სახლში აღმოვჩნდით, მშობელი იძლებული იყო, გამოსავალი მოეძებნა. გამოსავლად კი ისევ ინტერნეტსივრცე მოგვევლინა. ვერანაირად ვერ განვიკითხავ მათ ამის გამო, თავადაც მუშაობდნენ, ბაღში ვერ მიჰყავდათ შვილები და რაღაცით ხომ უნდა დაეკავებინათ. ეს იყო იძულებითი გამოსავალი. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმიტომ, რომ მათი ფსიქიკა გადაიღალა ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციის გადამუშავებით. ვერ ნახულობდნენ თანატოლებს, ვერ თამაშობდნენ და ვერ უცვლიდნენ ემოციებს ერთმანეთს, რამაც საბოლოოდ, გამოიწვია ის, რომ ბავშვები უფრო გაღიზიანებულები გახდნენ.

ასევე, კიდევ ერთი პრობლემა, რაც მომართვიანობის თვალსაზრისით აქტუალური იყო, გამძაფრებული შიშებია.
ბავშვებს ირგვლივ მყოფთაგან სულ ესმოდათ პანიკა, შიში, გაურკვევლობა. ეს, რა თქმა უნდა, მათზეც აისახა. გართულდა მოზარდების მდგომარეობაც. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ინტერნეტსივრცე ყველაზე კომფორტული სივრცეა და მშობლები და ფსიქოლოგები სულ ვცდილობდით, იქ დახარჯული დრო შეგვემცირებინა, პანდემიის პირობებში ისინი მთლიანად აღმოჩნდნენ ამ სივრცეში. სწავლა, მეგობრებთან ურთიერთობა, თამაში და გართობა ინტერნეტით ხდებოდა. ამ პერიოდში, ძალიან ხშირად მოგვმართავდნენ ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევის გამო იმიტომ, რომ ბავშვებს დღისა და ღამის რეჟიმი ერთმანეთში არეული ჰქონდათ. დღის რეჟიმის დარღვევამ მათ ფსიქიკაში დაძაბულობა გამოიწვია იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოსაა მზის ამოსვლასთან ჩვენი გაღვიძება და რაც უფრო ახლოსაა მზის ჩასვლასთან დაძინება, მით უფრო მშვიდია ფსიქიკა და ბიოლოგიური საათიც მოწესრიგებულია. ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტი მომართვიანობა აკვიატებულ შიშებსა და რიტუალებს უკავშირდება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ნიშნები ძალიან გახშირდა, მოზარდებში განსაკუთრებით. მაგალითად, ჩამოყალიბებული აქვთ რიტუალი და ფიქრობენ, რომ თუ არ გააკეთებენ, რამე ცუდი დაემართებათ. რა თქმა უნდა, ხელების ხშირი დაბანვა და ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ისინი შეიძლება გამძაფრებულად აკეთებდნენ. "თუ კარის სახელურს რამდენჯერმე არ ჩამოვწევ და სახლიდან ისე გავალ, რაღაც დამემართება" - მსგავსი დათქმები აქვთ საკუთარ თავთან, რაც დამატებით შფოთვას იწვევს.

- რა პრობლემები შექმნა ონლაინსწავლებამ?

- ონლაონსწავლებამ ზოგიერთ ბავშვს სერიოზული პრობლემა შეუქმნა, ზოგიერთს კი - პირიქით. ბავშვები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ და კლასის წინაშე წარდგენის ეშინოდათ, ეკრანთან ბევრად უფრო თამამები და თავდაჯერებულები გახდნენ, რადგან უშუალოდ ადამიანების წინაშე გამოსვლა არ სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლა აკადემიურ წელს ჯობდა, თუმცა, ძალიან ბევრ ბავშვს გაზარმაცებისკენ უბიძგა. თუ ჰქონდათ საშუალება, რომ ეცუღლუტათ, შანსს იყენებდნენ. სწავლების ამ ფორმატმა ბევრ ბავშვს გზა მისცა, რომ კრეატიულობა გამოემჟღავნებინა, შეექმნა მრავალფეროვანი დავალებები და პრეზენტაციები. მეორე მხრივ, ახალი რაღაცების გამოგონებაც დაიწყეს. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, ბავშვმა პროგრამით გააკეთა ისე, თითქოს მასწავლებელს უსმენდა, სინამდვილეში კი სულ არ ესწრებოდა გაკვეთილს. ამიტომ, ონლაინსწავლებას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა უარყოფითი უფრო მეტია. უშუალო ურთიერთობები და სოციუმში ყოფნა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ინტერნეტსივრცეშიც გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა პრაქტიკულ ურთიერთობებს გამორიცხავს.

- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება? არის გამოხატული ნიშნები, რა დროსაც სპეციალისტს უნდა მიმართონ?

- თუ ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა დაირღვა და მშობელს უჭირს შვილთან ურთიერთობის დალაგება, ძალიან კარგი იქნება, ჯერ მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს და გარკვეული რეკომენდაციები მიიღოს. ახლა მშობელთა განათლების ბევრი შესაძლებლობაა, ინტერნეტშიც უამრავი კარგი რესურსია, ტარდება სხვადასხვა ტრენინგი და მათ შეუძლიათ, მოიძიონ ბავშვებთან ურთიერთობის გასამარტივებლად გზები. თუ ბავშვს აქვს გამძაფრებული შიშები, დარღვეული ქცევა, პროვოკაციული ქცევები - ესაა, რა დროსაც შეიძლება ფსიქოლოგთან ვიზიტზე ვიფიქროთ. ასევე, თუ ვხედავთ, რომ ჩვენი შვილი დაითრგუნა, თამაში აღარ უნდა, აქტივობა ძალიან შეიზღუდა, თავს არიდებს ოჯახის წევრებს, ბავშვებს, სოციუმს, ასეთ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია. პანდემიის პირობებში გამძაფრებული შიშები და ბავშვების საკუთარ თავში ჩაკეტვა ყველაზე დიდი პრობლემა გახდა. აღარ ხდება ენერგიის გარდაქმნა, რაც საბოლოოდ მათ დარღვეულ ქცევასა და დარღვეულ დღის რეჟიმში ამოიფრქვევა.

- ადრეულ ასაკში თანატოლებთან ურთიერთობის შეზღუდვა ბავშვის განვითარებაზე რამდენად სერიოზულ კვალს ტოვებს და ამ პირობებში, როგორ შეიძლება ამის ანაზღაურება?

- 3-დან 5 წლამდე კრიტიკული ასაკი გვაქვს. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვს ნებისყოფა უყალიბდება. ამ პერიოდში თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ უფროსები მუდმივად ვაძლევთ შენიშვნას, ვეწინააღმდეგებით იმ სურვილებზე, რაც აქვს, თავს დაჩაგრულად იგრძნობს. მეორე მხრივ, თუ ყველაფრის ნებას მივცემთ და ყველაფერი შეუსრულდებათ, ნებისყოფა ვერ ჩამოყალიბდება. როდესაც თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა, ეს ბუნებრივად ხდება. სწავლობენ დათმობას, ურთიერთპატივისცემას, რაც ნებისყოფას აყალიბებს. საუკეთესო გამოსავალია, რომ ახლა, ამ პირობებში, პატარა, მიკროსოციუმი მოვძებნოთ. მაგალითად, დავგეგმოთ, რომ შაბათ-კვირას 3-4 ბავშვი ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით, ერთმანეთს შევახვედროთ. შევთანხმდეთ მშობლები, რომ კონკრეტულ დროს ერთად გავიყვანოთ შვილები პარკში, სკვერში, სადმე, ღია სივრცეში. ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რომ ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა მივცეთ.

- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისთვის ახლა, კვლავ პანდემიის პირობებში?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები და მოზარდები ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, შეეზღუდათ განვითარების შესაძლებლობები, ურთიერთობები, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამძიმებს, მშობლებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები ჩვენი ტოლები არასდროს ყოფილან, ჩვენ კი ვიყავით მათი ტოლი. ამიტომ, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ. მესმის მშობლების, მათ ხშირად უწევთ ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მუშაობა, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, ყველაფრის გამოსწორება, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ გაბზარული ფსიქიკა ძალიან რთულად კორექტირდება. თუ ბავშვის ფსიქიკაში დაილექება რაღაც, შედეგი როდის იჩენს თავს, ვერასდროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადოთ, ხელი შევუწყოთ. ონლაინსწავლება მოტივირებული ბავშვებისთვის ძალიან რთულია იმ მხრივაც, რომ ეკრანთან დაძაბულები არიან, ცდილობენ, არაფერი გამორჩეთ, მეგობართან არ აქვს კომუნიკაცია. უფრო მეტი კონროლი გვჭირდება იმ ბავშვებთან, რომლებიც არ არიან მონდომებულები. მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამას დირექტივებისა და ბრძანებების სახით ვაკეთებთ, შესაბამის შედეგს ვერ მივიღებთ. ხშირად მივიდეთ ხოლმე შვილთან, შევეხოთ, მოვეფეროთ, ვაგრძნობინოთ ფიზიკური თანადგომა, რომ მასთან ერთად ვართ და შეგვიძლია დავეხმაროთ, თუ გაუჭირდება. როდესაც პანდემია დაიწყო, ფსიქოლოგების მთავარი რჩევა იყო, რომ ადამიანებს დღის განმავლობაში მუდმივად არ ეყურებინათ ნეგატიური ამბებისთვის. დღეში ერთხელ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება საკმარისია. ნეგატიური ამბები მუდმივად არ უნდა ტრიალებდეს. ეს გამძაფრებული ფსიქოლოგიური ფონის ჩამოყალიბებას იწვევს როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში. შვილების თანდასწრებით პანიკას ნუ წარმოვაჩენთ, ნუ ვაჩვენებთ, რომ ძალიან გვეშინია. ბავშვებისთვის უფროსები ვართ საყრდენი და როდესაც ისინი ჩვენს უსუსურობას ხედავენ, მათი ემოციური მდგომარეობა მძიმდება. ყოველთვის ვეცადოთ, რომ დავინახოთ სინათლე, იმედი და ბავშვებსაც ეს ვაჩვენოთ. ჩვენი შვილები ვერასდროს იქნებიან კარგად, თუ დაძაბული მშობლები ეყოლებათ.

თამარ იაკობაშვილი

2260
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი