რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საგანგაშო შემთხვევა მოხდა - რუსეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონები უცხო მამაკაცმა მოტყუებით წაიყვანა და ცოტა ხანში ისინი მოკლულები იპოვეს... კამერის ბოლო ჩანაწერებზე ჩანს, როგორ ყიდულობდა მამაკაცი გოგონებისთვის მაღაზიაში კანფეტებს, მერე კი მათთან ერთად გაუჩინარდა...
რა უნდა იცოდეს აუცილებლად ბავშვმა, რომ არასოდეს აღმოჩნდეს მსგავს საფრთხეში და არ მიენდოს უცნობ ადამიანებს?
უსაფრთხოების წესების შესახებ არა მხოლოდ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს, არამედ უნდა ასწავოთ ამ წესების გამოყენება და აუხსნათ, რომ შესაძლოა მათი უგულებელყოფა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვები და საგანმანათლებლო საუბრები მას შემდეგ იწყება, რაც ტრაგედია მოხდება. ხშირია პედოფილიის შემთხვევები, მოძალადეები სხვადასხვა გზას იყენებენ, რომ პოტენციური მსხვერპლი გაიტყუონ, სთავაზობენ კონკრეტული ნივთისა თუ ტკბილეულის მაღაზიაში ყიდვას, ეუბნებიან, რომ მათ ნათესავებს იცნობენ, რის შედეგადაც, ბავშვებიც მარტივად ენდობიან.
პრაქტიკოსი ფსიქოლოგები აყალიბებენ იმ საკითხებს, რაზეც აუცილებლად უნდა ესაუბროთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვათ მოძალადეებისაგან მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ფსიქოლოგების თქმით, ეს წესები ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ სრულწლოვნებამდე.
მარშრუტი და კავშირი
ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებმა ქალაქში უფროსის გარეშე არ უნდა იმოძრაონ. ან უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული მარშრუტი, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებიან და სხვაგან არსად მოუწევთ გადახვევა. სპეციალისტების თქმით, კარგი იქნება, თუ ბავშვების ტელეფონებს განგაშის ღილაკებით აღვჭურვავთ. ახლა ამის გაკეთება სხვადასხვა პროგრამით ძალიან მარტივია. საფრთხის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სასწრაფოდ მიაწვდინოს ვინმეს ხმა. კარგი იქნება, თუ შვილების სმარტფონებში ჩართავთ ტრეკერს, რომლითაც მათ ადგილსამყოფელს დაადგენთ. კიდევ ერთი ვარიანტია სამაჯური ან საათი GPS ნავიგატორით. შვილებსაც უნდა აუხსნათ მკაფიოდ და გარკვევით, რატომაა ეს ყველაფერი საჭირო, რომ თავიდან აირიდოთ კამათი ან კიდევ შეუთანხმებლად მოწყობილობების გამორთვა.
წესი ნომერი პირველი:
"არ გავუბათ საუბარი უცნობებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კაცი იქნება, ქალი, ბებია, ბაბუა თუ სხვა ბავშვი" - განმარტავენ ფსიქოლოგები. უცნობი შეიძლება ყოველთვის იყოს საშიში. ბუნებრივია, არაფერი უნდა გამოართვან მათ და შვილებს უნდა აუხსნათ, რომ შეიძლება ტკბილეული იყოს მოწამლული, ან კიდევ გამოიყენონ გასატყუებლად. არ გამოართვან საჩუქრები და არ გაჰყვნენ სხვა ადგილას. ფსიქოლოგების აზრით, შეიძლება მშობლებმა შვილებთან გაითამაშონ კიდეც შესაძლო სცენარი, რომ ბავშვს ჰქონდეს არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც. მაგალითად, უთხარით თქვენს შვილს, რომ წარმოიდგინოს, ვითომ უცნობი დეიდა ხართ და სთავაზობთ ტკბილეულს. მერე კი განუმარტეთ, რომ მისი პასუხი აუცილებლად უნდა იყოს შემდეგნაირი: "მე უცნობებისგან არაფერს ვიღებ".
რა ხდება, თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც თქვენ ასწავლეთ?
შესაძლოა ბავშვის პასუხზე "უცნობებისგან არაფერს ვიღებ" მოძალადე არ გაჩერდეს და მაინც გააგრძელოს დაჟინებით მოთხოვნა, რომ გაეცნოს, გამოართვას კონკრეტული ნივთი თუ ტკბილეული. ასეთ დროს, ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ უცნობს უთხრას: "ახლავე დავურეკავ მშობელს/პოლიციას/ ვიყვირებ იმიტომ, რომ მეშინია". ბავშვმა უნდა იცოდეს, რა გააკეთოს, თუ სიტუაცია უცნაურია და არც ყვირილის მოერიდოს. ეს განსაკუთრებით უნდა ავუხსნათ ისეთ პატარებს, რომლებიც სითამამით არ გამოირჩევიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ასეთ დროს დაყვირება კი არ შეიძლება, აუცილებელიცაა.
შიში - ეს ნორმალურია
თუ უცნობთან საეჭვო შეხვედრა გაიმართა, თუმცა ბავშვმა წარმატებულად დატოვა ადგილი ისე, რომ თავიდან აირიდა მასთან კონტაქტი, მაინც უნდა დაურეკოს მშობელს. თუ საფრთხემ ახლა გაიარა, არ ნიშნავს, რომ უნდა დაგვავიწყდეს და მშობელი არ ჩავაყენოთ საქმის კურსში.
პასუხი პირველივე ზარზე
ეს გაფრთხილება უფრო მშობლებისთვისაა. თუ მიჩვეული ხართ ტელეფონის გათიშვას, შემომავალი ზარების გადადებას, გადახედეთ თქვენს პოლიტიკას. ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ როდესაც ურეკავს დედას ან მამას, აუცილებლად უპასუხებენ. შვილებსაც უნდა აუხსნათ, რომ საფრთხის დროს დარეკვა აუცილებელია და არ შერცხვეთ.
უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გადაარჩენს ბავშვის სიცოცხლეს