ზაფხულის შემდეგ ბევრ ბავშვს უჭირს სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტაცია, განსაკუთრებით პირველკლასელებს. ადრე გაღვიძება, მეცადინეობა, წესების მიმხედვით ცხოვრება - პატარებისთვის რთული შესასრულებელია. სერიოზულ დატვირთვას განიცდის ინტელექტი, გარშემო უამრავი ახალი სახეა. თანაკლასელებსაც უნდა დაუმეგობრდეს და პედაგოგებსაც. მასწავლებელი ახლა სოციალურად მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვისთვის. მასთან საქმიანი ურთიერთობა უნდა ააწყოს. ამასთან უამრავი შთაბეჭდილება და ვალდებულება აქვს. ასეთ სიტუაციაში პირველკლასელი კი არა, მოზრდილიც კი შეიძლება დაიბნეს.
დუმილი - ოქროა... თუ ბავშვი პედაგოგზე წუწუნებს, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს და ნუ შეეცდებით პედაგოგის დაკნინებას და შეურაცხყოფას ბავშვის თვალში. მასთან ერთად კი სკოლისაც. ბავშვს აღარ მოუნდება არც დამცირებულ პედაგოგთან სწავლა და არც სკოლაში სწავლის მოტივაცია ექნება.
ჩვეულებრივი საქმე
როგორც წესი, მშობელი პირველკლასელის ცხოვრებას პირველი თვის განმავლობაში აკვირდება და ცვლილებებსაც ადვილად აღმოაჩენს. ბავშვი შეიძლება სწრაფად იღლებოდეს. თუ ადრე 23 საათზე ძლივს აძინებდით, ახლა შეიძლება 20:00-ზე გაითიშოს. ზოგიერთი ბავშვი დუნდება, დაღლილს აღარაფრის თავი არ აქვს. ზოგიერთი ბავშვი კი დაღლას ჭირვეულობით და აღგზნებით გამოხატავს. უფრო ხშირად გთხოვთ, რომ დაეხმაროთ - ჩაცმაში, ღილების შეკვრაში, თქვენ აჭამოთ. ეს ბუნებრივიცაა. სკოლაში ბავშვი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს, სახლში კი მოდუნება და დასვენება სურს.
ზოგიერთი მშობელი დაკვირვებულია, რომ ბავშვი მარტოობას ითხოვს. თუ ადრე სტუმრად ან სხვადასხვა ჯგუფში ხალისით დადიოდა, ახლა სახლიდან გასვლაზე უარს ამბობს. ან თუ სკოლისკენ მიმავალი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ახლა ოთახში განმარტოება ურჩევნია. ესეც ნორმაა. პირველკლასელი სკოლაში ძალიან ბევრს ურთიერთობს, ფსიქიკას კი აღდგენა სჭირდება. ახალ წლამდე შეიძლება დაუქვეითდეს ინტერესი სიახლეებისადმი. თუ ადრე ენციკლოპედიით ინტერესდებოდა ახლა შეიძლება, პრიმიტიულ თამაშებზე გადაერთოს და მსუბუქი წიგნები იკითხოს.
ნათელი წერტილი
7 -წლიანების კრიზისს მოთმინებით უნდა შევხვდეთ. ბავშვს სოციალური სტატუსი შეეცვლა, ახლა ის სკოლის მოსწავლეა. შეიძლება მისგან გაიგონოთ ამაყი ფრაზები: "მე უკვე დიდი ვარ", "ჩვენ ასე დაგვავალეს" "მე თვითონ გადავწყვეტ". თუ შეეწინააღმდეგებით, გაჯიუტდება და კამათს დაგიწყებთ.
არსებობს კიდევ ერთი სიმპტომი - თვითშეფასების დაქვეითება. ბავშვი შეიძლება სერიოზულად განაწყენდეს, თუ მიხვდება, რომ მოწოდების სიმაღლეზე არაა. სკოლის სიმკაცრე მასზე განსაკუთრებულად მოქმედებს. მართლია, პირველ კლასში ნიშნებს არ უწერენ, მაგრამ საკუთარ თავს სხვა მოსწავლეებს ადარებს, ხვდება, რომ მას სხვებზე ცუდად გამოსდის და თვითშეფასება უქვეითდება.
თუ პირველ თვეებში ბავშვი ცუდად სწავლობს, რეპეტიტორებს ნუ დაუქირავებთ. ბავშვები სირთულეებით სავსე გზას დაადგნენ და ეს ბუნებრივიცაა.
7 წლის ბავშვმა უკვე უნდა გაითვალისწინოს გარშემო მყოფების მოსაზრებები და საკუთარი სურვილების ასრულება უნდა შეზღუდოს, ასევე უნდა დაიმკვიდრა ადგილი უფროსების სამყაროში და გარკვეული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აიღოს საკუთარ თავზე. 7 წლის ბავშვს დამოუკიდებლად ამდენის გააზრება შეიძლება გაუჭირდეს, ამიტომ, თქვენ უნდა მიეხმაროთ. ეს წესები არა მხოლოდ პირველკლასელების მშობლებს, ყველა მოსწავლის მშობელს დაეხმარება:
სასწრაფო დახმარებები
გაიხსენეთ საბავშვო ბაღის ტრადიცია - თუ ბავშვს შუადღის ძილი ესაჭიროება, გამონახეთ დრო, რომ შუადღეს წაუძინოს. ნუ ეჩხუბებით სისუსტის გამოვლენისთვის. გაამხნევეთ, "ვხედავ, რომ დაიღალე, ცოტა დაისვენე". თუ დაძინება არ გამოსდის, მიეცით უფლება, ის საქმე შეასრულოს, რას სიამონებას ანიჭებს. ესეც დასვენებაა. ჭირვეულობაზე ნუ ეჩხუბებით - უმჯობესია მოეფეროთ, "ვიცი, რომ ადვილი არაა და დაიღალე. ჩვენც ვიღლებით და ვღიზიანდებით. ასეთ დროს ცოტა უნდა დავისვენოთ". ბავშვის სურვილებს ნუ უგულებელყოფთ - თუ ბავშვი თხოვნით მოგმართავს, ყურადღება მიაქციეთ. დაეხმარეთ,, რითიც შეგიძლიათ, მაგრამ მის მაგივრად ყველაფერს თქვენ ნუ გააკეთებთ. "პირველ ღილს მე შეგიკრავ და მერე შენ გააგრძელე" ან "მე საჭმელს დაგიდებ, პურს დაგიჭრი და შენ თვითონ შეჭამე". სანამ პედაგოგზე თქვენს აზრს გამოთქვამდეთ, ნახეთ როგორ გრძნობს თქვენი შვილი თავს კლასში. რა არ მოსწონს ან რა ახარებს. დაიცავით დღის რეჟიმი - დატვირთვას რომ გაუძლოს, ბავშვს 10 საათი უნდა ეძინოს. შეამცირეთ დატვირთვები დღის მეორე ნახევარში - ამ პერიოდში ბავშვს ძალების აღდგენის საშუალება მიეცით. თუ დღეს თავის რესურსებს ამოწურავს, ხვალ სასკოლო რუტინასთან გამკლავება გაუჭირდება. თუ გარშემო ყველა გიმტკიცებთ, რომ ბავშვი მისთვის სასარგებლო წრეებზე უნდა ატაროთ, დაუტოვეთ ერთი, რომელიც მისთვის ყველაზე სასარგებლოა. გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულითა და სხვადასხვა ჯგუფში სიარულით მისი გაწამება არაჰუმანური საქციელია. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო - ამ დროს თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს. თუ თავისუფალი დრო არ ექნება, ყველაფერისადმი ინტერესი სწრაფად დაეკარგება, სწავლისადმიც. საღამოს განიხილეთ დღის ამბები - გამოჰკითხეთ ბავშვს როგორ გაატარა დღე. რას აკეთებდა, რამ დააინტერესა. ეცადეთ, არ გააწყვეტინოთ და არც შეაფასოთ მისი ქცევა. ის, რაც თქვენთის მარტივია, მისთვის შეიძლება რთული იყოს. ნუ მოუწყობთ დაკითხვას. თუ ბავშვი დუმს და პასუხს არ გცემთ, საკუთარ თავზე მოუყევით. ასე უფრო სწრაფად აგყვებათ საუბარში. ასწავლეთ სამუშაო ზონის ორგანიზება - პირველკლასელის სტასუსთან ერთად ბავშვს ახალი, დიდური ნივთებიც უჩნდება. ეს შეიძლება იყოს: საწერი მაგიდა, საკანცელარიო ორგანაიზერი, კარადა, პლანშეტი... ასწავლეთ მათთან მოპყრობა, რა უნდა ჩადოს მაგიდის უჯრაში, რამდენი საათი შეუძლია ტელეფონით თამაში. ასწავლეთ წესრიგის დამყარება კარადასა და მაგიდაზე. გაითვალისწინეთ ბავშვის მოსაზრება - ბავშვებს ჰგონიათ, რომ უფროსები თავად იღებენ მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ბავშვებს აზრს არც კი ეკითხებიან. და მართლებიც არიან. პირველკლასელმა უფროსებთანაც უნდა ისწავლოს საქმიანი ურთიერთობა და თანაკლასელებთანაც. იმავეს ითხოვს საკუთარი თავის მიმართაც. დღის განრიგი, უქმეების გეგმა, მუზეუმსა და სტუმრად წასვლა მასთან უნდა შეათანხმოთ. თვითშეფასების ასამაღლებლად ხშირად შეაქეთ - მხოლოდ კარგი შედეგისთვის. ეცადეთ, რომ ყველა ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს, საქმეები ნახევარ გზაზე არ მიაგდოს. უნდა დაანახოთ პროგრესი, ამით მოტივაცია გაუძლიერდება. ირწმუნებს საკუთარ ძალებს და ეცოდინება, რომ ყველაფერი გამოუვა. შეიძლება ცოტა მოგვიანებით, მაგრამ გამოუვა. ხშირად გაამხნევეთ: "ვხედავ, რომ ცდილობ და აუცილებლად გამოგივა". გაახსენეთ დაძლეული სირთულეები. როგორ ისწავლა პირველი ასოს/ციფრის მოხაზვა და ა.შ. გამონახეთ სწორი სიტყვები - ხშირად გაუმეორეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახისთვის ბავშვის ახალი სტატუსი. "აი, მე ვმუშაობ, შენ კი სწავლობ. შენ უკვე დიდი ხარ". გამოხატეთ პატივისცემა ქცევით - თუ ბავშვი გაკვეთილებს მეცადინეობს, ტელევიზორს ხმა ჩაუწიეთ და ნურც თქვენ იხმაურებთ. ამით მიახვედრებთ, რომ ბავშვი სერიოზულ საქმიანობაშია ჩართული და მის საქმეს პატივს სცემთ. აღნიშნეთ სკოლის პლუსები - თქვენი პოზიტიური განწყობა მასაც მისცემს სტიმულს განათლების მიღებისკენ, სწავლისადმი. სწორი სტიმული კარგად სწავლისთვის მნიშვნელოვანია.
"თუ ბავშვი იტყვის "დავიღალე", მშობელი ფხიზლად უნდა იყოს"- ყარამან ფაღავა ბავშვებში საერთო სისუსტეზე