"ამ უნარ-ჩვევების გარეშე ბავშვს არა მხოლოდ სკოლაში, ყოველდღიურობაშიც ძალიან გაუჭირდება ცხოვრება" - ფსიქოლოგი სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე
"ამ უნარ-ჩვევების გარეშე ბავშვს არა მხოლოდ სკოლაში, ყოველდღიურობაშიც ძალიან გაუჭირდება ცხოვრება" - ფსიქოლოგი სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე

ჯანმრთელობის შემდეგ ძალიან ბევრი მშობლისთვის მთავარი საზრუნავია, შვილმა კარგად ისწავლოს და წარმატებული იყოს. თუმცა, სურვილის მიუხედავად, ზოგჯერ ბავშვებს არ უყვართ სწავლა, რაც უფროსებისა და პედაგოგების უკმაყოფილებას იწვევს. ამბობენ, რომ არიან ზარმაცები, არ ცდილობენ ახლის გაგებას. სინამდვილეში, რატომ არ უყვართ ბავშვებს სწავლა, რატომ სწავლობენ ხოლმე ცუდად ის ბავშვებიც, ვინც საკმაოდ გონიერია - აქტუალურ საკითხზე ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი გვესაუბრება:

- ყველაზე გავრცელებული შეცდომა ისაა, რომ ჩვენ ვფიქრობთ - ბავშვი სწავლას სკოლაში იწყებს. რეალურად, თითოეული ბავშვი იბადება ცნობისმოყვარეობითა და შემეცნების
სურვილით და როგორც უნდა ვეცადოთ, ვერ შევაჩერებთ მათ მცდელობას, შეიმეცნონ სამყარო. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვების სწავლის მოტივაცია გარეგანია და განპირობებულია გარშემომყოფებით როგორც მშობლების, ისე პედაგოგების მხრიდან. რეალობა სხვა რამეს გვიჩვენებს. კვირების ბავშვსაც კი თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მისი მოტივაცია - შეიმეცნოს სამყარო, შინაგანია და არაა დამოკიდებული გარშემომყოფებზე. თვეების ბავშვი, როცა შემთხვევით სათამაშო ყუთს გადმოაგდებს და დაინახავს, როგორც იყრება კუბიკები, როგორ ხმას გამოსცემს ამ დროს, როგორ იბნევა იატაკზე, ამას კიდევ და კიდევ აკეთებს, ყოველ ჯერზე მეტი ხალისით. ეს არის სწავლის პროცესი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი სწავლას სკოლის ასაკში კი არა, გაცილებით ადრე, დაბადების პირველივე დღეებიდან იწყებს. ამ დროს ბავშვს
არავინ აძლევს ჯილდოს, არავინ აქებს, არავინ უწერს ნიშანს და არც არაფერს ჰპირდება. საკმარისია, ყუთიდან სათამაშოების გადმოყრა ისწავლოს, მას უჩნდება კომპეტენტურობის განცდა, რომ შეუძლია გააკეთოს ის, რაც აქამდე არ შეეძლო. ცხადია, ეს განცდა არაა გააზრებული და გაცნობიერებული. მაგრამ, სურვილი, შევძლო იმის კეთება, რაც არ შემეძლო, წყურვილი, ვისწავლო რაღაც ახალი ამ ასაკში, შინაგანია. რაკი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს ვინმე უყურებს ბავშვს თუ არა, აქებენ თუ არა, ჰპირდებიან სანაცვლოდ რამეს თუ არა. მისი ჯილდო ახალი უნარი და შესაძლებლობებია. მაშინაც, როცა ბავშვს სათამაშო ყუთს შორს დაუდებენ, ან დაუმალავენ, ის ცდილობს, მას მისწვდეს, ცდილობს იპოვოს, მარტივად არ ეპუება გამოწვევას და სირთულეს. იმიტომ, რომ მიღწევის მოტივაცია, სურვილი, რომ იყოს კომპეტენტური, ყველა ბავშვს აქვს და ამის შეძენა არ სჭირდება. დაბადებიდანვე ჩვენ ამ სურვილით ვიბადებით.

მშობლის და მთლიანად გარშემომყოფების მთავარი ფუნქცია ადრეული ასაკიდანვე ისაა, რომ შეუქმნას ბავშვს ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო, სადაც თავის ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს და ბუნებრივ გარემოში მოახერხებს აღმოაჩინოს, დააკვირდეს, ცდა-შეცდომის მეთოდით შეისწავლოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება. სამწუხაროდ, ადრეული ასაკიდანვე ბავშვის ცნობისმოყვარეობა ითრგუნება, ხშირი საყვედურით, დასჯით, აკრძალვით, ან ჰიპერმზრუნველობით, როცა ბავშვს, ერთი მხრივ, არ ეძლევა საშუალება დამოუკიდებლად აკეთოს, რაც სურს და შეუძლია. მეორე მხრივ კი, ხშირი კრიტიკა და საყვედური იწვევს დანაშაულისა და საკუთარი თავით უკმაყოფილების, არასრულფასოვნების განცდას. შესაბამისად, ბავშვი ამგვარ გარემოში სწავლობს, რომ სხვები მასზე უკეთ უმკლავდებიან ყოველდღიურ აქტივობებს და რაც ყველაზე დრამატულია, წყვეტს ინიციატივის გამოვლენასა და მცდელობას, თავად აღმოაჩინოს რაღაც ახალი, ან თავად გაუმკლავდეს სირთულეებს - რის გარეშეც დასწავლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი, არსებობს მოტივაციადაკარგული ბავშვი, რომელიც წყვეტს ინიციატივის გამოვლენას და ეგუება გარემოს, სადაც ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება.
მოტივაცია უმნიშვნელოვანესია სწავლის პროცესში. ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც აიძულებს ბავშვს, იმუშაოს და ეცადოს მიაღწიოს მიზანს, მაშინაც, როცა უჭირს, ერთულება, ან მისთვის უინტერესოა გარკვეული დავალებების შესრულება. მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ გარეგანი ჯილდო აიძულებს ბავშვს მიაღწიოს მიზანს. კმაყოფილების, მიღწევის, განვითარების, კომპეტენტურობის განცდა ყველაზე დიდი ჯილდოა, რასაც ბავშვი სწავლის პროცესში იღებს. თუმცა, სამწუხაროდ, თავიდანვე ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ბავშვს გარედან შევუქმნათ მოტივაცია, რამეს დაპირებით, ყიდვით, გარიგებითა და მოსყიდვით და ბავშვი კარგავს განცდას, რომ ის თავისი თავისთვის ცდილობს, საკუთარი კმაყოფილების შეგრძნებისთვის სწავლობს. ორიენტირებული ხდება გარშემომყოფებზე და გარეგან ჯილდოზე და როცა ჯილდო ფასს კარგავს და უმნიშვნელო ხდება, ბავშვი აღარ ცდილობს, აღარ სწავლობს, აღარ მეცადინეობს. ამ დროსაა მშობელი რომ ამბობს - რასაც უნდა დავპირდე, რაც უნდა ვუთხრა, რაც უნდა ვუყიდო - აზრი არ აქვს, არ უნდა და არ სწავლობს.
mshoblebi
სკოლა ბავშვისთვის ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც ეცნობა ახალ ადამიანებს, იძენს ავტორიტეტებს, იჩენს მეგობრებს, შორდება მშობელს და იძენს ავტონომიურობას, სწავლობს ბევრ ახალ, მისთვის საინტერესო რამეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში წასვლის შემდგომ, მოლოდინები და მოთხოვნები ბავშვის მიმართ ძალიან გაზრდილია. მუდმივად ხდება კრიტიკის ობიექტი, ეუბნებიან, რომ რასაც უნდა აკეთებდეს და როგორც უნდა ცდილობდეს, ეს არაა საკმარისი, რომ უნდა აჯობოს ყველას. უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც ეუბნებიან, ისიც კი, რისი გაკეთებაც არ უნდა. მსგავს სიტუაციაში თქვენ რას იგრძნობდით? როგორ აისახებოდა ეს თქვენ თვითშეფასებასა და თვითეფექტურობაზე? რა დამოკიდებულება გაგიჩნდებოდათ სკოლისა და ზოგადად სწავლის მიმართ?
კარგად უნდა გვესმოდეს, მშობლებსაც და პედაგოგებსაც, რომ ბავშვები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, როგორც უნარებისა და შესაძლებლობების, ისე პიროვნული ნიშნებისა და ინტერესების მხრივ. თუ მიდგომა, მოთხოვნა და მოლოდინი ყვველა ბავშვის მიმართ ერთნაირია, დიდია შანსი იმისა, რომ მოლოდინები ბავშვმა ვერ გაამართლოს და დაკარგოს სწავლის ის მოტივაციაც, რაც გააჩნია.

- სკოლაში შესვლამდე მშობლებს სხვადასხვანაირი მიდგომა აქვთ: ზოგიერთი უზის ბავშვს და უკითხავს, ლექსებს ასწავლის, აფერადებინებს, წიგნებსა და ჟურნალებს სთავაზობს, თუ ბავშვი ინტერესს იჩენს, ასოებს და ციფრებსაც ასწავლის. ზოგი პირიქით - ფიქრობს, რომ ბავშვმა მთავარია, ითამაშოს, ჰაერზე იყოს და წიგნებსა და სწავლას სკოლაშიც მოასწრებს. ეს მიდგომები სინამდვილეში მოქმედებს შემდეგ სკოლაში ბავშვის სწავლის ხარისხზე?

- ადრეული ასაკიდან ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სწავლება და ცოდნის მიღების ხელშეწყობა არ გამორიცხავს იმას, რომ ბავშვს ჰქონდეს თავისუფალი დრო, თამაშობდეს და ატარებდეს დღეს სუფთა ჰაერზე. წინასასკოლო ასაკში ბავშვის სწავლა-სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლა მხოლოდ წერა-კითხვისა და ანგარიშის ცოდნა არაა. წინასასკოლო ასაკის ბავშვის რესურსი არ უნდა დაიხარჯოს აკადემიურ უნარებზე და აკადემიურ მოსწრებაზე. სასურველია, ბავშვმა სკოლაში წასვლამდე საერთოდ არ იცოდეს წერა-კითხვა და ანგარიში. ეს კიდევ ერთი მიზეზია დაიკარგოს მოტივაცია, რაკი მასალა, რომელსაც სკოლაში აწვდიან, მისთვის უკვე ნაცნობი და მოსაწყენია, არაა ახალი და რამის მომცემი.

წინასასკოლო ასაკში ბავშვმა უნდა დაიმაყოფოლოს თავისი ინტერესები. ამ ასაკში ძალიან ბევრ კითხვას სვამენ, ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერი უნდათ იცოდნენ. მნიშვნელოვანია ამ კითხვებს ვუპასუხოთ, მისთვის გასაგებ ენაზე, გამოვიყენოთ ილუსტრაციები ან პატარა ისტორიები და ამბები, რომლის მოგონებაც თავად მშობელსაც შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, ამ ბავშვური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ ხდება, რაც შესაძლოა ბევრ მშობელს გაუკვირდეს, მაგრამ საკუთარ თავს თუ დავაკვირდებით, ბავშვის ბევრ კითხვას უპასუხოდ ვტოვებთ, იმ სიტყვებითა და განცდით, რომ ამის ცოდნისთვის ბავშვი ძალიან პატარაა. ადრეულ ასაკში ბავშვმა უნდა ისწავლოს ზოგადი ცნებები, ამას კი სწორედ მის კითხვებზე პასუხის მიღებით ახერხებს.
ბავშვმა უნდა შეძლოს ფაზლის, მოზაიკის აწყობა, გაფერადება, მარტივი ფიგურების დახატვა და კოპირება - ესაა უნარები, რომელიც საფუძვლად უდევს წერის უნარს.
უნდა ისწავლოს სურათის აღწერა, ამბის მოგონება, ნანახი მულტფილმის სხვებისთვის მოყოლა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა არა მხოლოდ მოუსმინოს მოყოლილ ან წაკითხულ ზღაპარს, არამედ თქვას მისი მოსაზრება, მოიფიქროს გაგრძელება ან სხვაგვარი დასასრული, გასცეს პასუხები კითხვებს, რომელსაც მშობელი კითხვის პროცესშივე უსვამს- ესაა კითხვისა და შინაარსის გაგების, ასევე თხრობის წინასასკოლო უნარები, რაც ბავშვს ყველა საგანში სჭირდება.
როცა ბავშვი სათამაშოს აჭმევს, საჭმელს "ვითომ ამზადებს", თოჯინას აცმევს ან აბანავებს, ეს უბრალოდ თამაშს ჰგავს, თუმცა ასე სწავლობს დამოუკიდებლობას, სხვაზე ზრუნვას. ასე იძენს ყოველდღიურ ადაპტურ უნარ-ჩვევებს, რის გარეშეც არა მხოლოდ სკოლაში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ზოგადად ძალიან გაუჭირდება ცხოვრება.
ჩვენ ბავშვისთვის განათლების მიცემა მხოლოდ აკადემიურ უნარებზე მუშაობა გვგონია და სათანადოდ არ ვაფასებთ თავისუფალ თამაშსა და მასთან კომუნიკაციას, რის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია ის სკოლაში წარმატებით სწავლობდეს. საფუძველს აკადემიურ უნარებს, სწორედ მსგავსი აქტივობები უყრის.

- რას ურჩევთ მშობლებსა და მასწავლებლებს, როგორ უნდა შეუწყონ ხელი ბავშვებს, რომ მათ სწავლა არ ეზარებოდეთ?

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სწავლა სკოლაში არ იწყება. ადრეულ ასაკში ბავშვი თამაშით შეიმეცნებს სამყაროს. ეს სწავლა-სწავლების საუკეთესო გზაა, რაკი ის ნაკლები ძალისხმევითა და დიდი ხალისით იძენს ცოდნას. აქედანვეა მნიშვნელოვანი ამის მხარდაჭერა და წახალისება. ბავშვების უმეტესობას უყვარს, როცა მშობლები ზღაპრებს უკითხავენ, დასურათებულ წიგნებს ათვალიერებინებენ და უხმოვანებენ, აჩვენებენ და უყვებიან ახალ ისტორიებსა და თავგადასავლებს. წიგნიერება და წიგნის სიყვარული აქედან იწყება და ბავშვს, რომელსაც ძალიან მცირე ასაკიდან აქვს გამოცდილება წიგნთან ამგვარი ურთიერთობის, სხვაგვარი, ბევრად უფრო პოზიტიური დამოკიდებულება უყალიბდება სწავლის მიმართ. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ ზღაპრების წაკითხვისა და დასურათებული წიგნების თვალიერებისას, არ არსებობს არც მოლოდინები, არც მოთხოვნები და არც ჯილდო. ამას მშობელიც და ბავშვიც სიამოვნებით აკეთებს და სასიამოვნო არა ბოლოს მიღებული შედეგი, არამედ პროცესია. ასე უნდა წარიმართოს ბავშვის სწავლება სასკოლო გარემოშიც.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც მშობლებისთვის ისე მასწავლებლებისთვის:
  • პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შეუძლებელია ერთნაირი მიდგომითა და მეთოდებით მათი დაინტერესება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიცნოთ ბავშვი და მას მოვარგოთ სწავლის სტრატეგიები და გარემო. მას გარემოსთან მორგების ამხელა რესურსი არ აქვს.
  • მნიშვნელოვანია ბავშვი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ - გარემო იყოს მშვიდი, მხარდამჭერი, შეცდომებისა და წარუმატებლობის მიმართ მომთმენი და ტოლერანტი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის გამო არ დაისჯება, არ მიიღებს უხეშ კრიტიკისა და შენიშვნას. შეცდომების გარეშე ვერავინ სწავლობს, ვერც ერთ ასაკში.
  • ბავშვები არასდროს უნდა შევადაროთ ერთმანეთს. ყველა ბავშვს თავისი შესაძლებლობები აქვს და სხვასთან შედარება, მით უფრო ნეგატიური კუთხით, არაფერს ეუბნება მას გარდა იმისა, რომ სათანადოდ კარგი არაა. ასე ბავშვი სწავლობს, რომ ის მცდელობის მიუხედავად, სხვაზე ცუდია და წყვეტს მცდელობას.
  • ბავშვს უნდა დავეხმაროთ საკუთარი კომპეტენტურობისა და მიღწევის განცდის ჩამოყალიბებაში. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ახლა გაცილებით უკეთ გამოსდის დავალებების შესრულება, ვიდრე 1 კვირის წინ გამოსდიოდა. ასე ის ხედავს, რომ შრომას აზრი აქვს.
  • ორიენტირებულები უნდა ვიყოთ პროცესზე და არა შედეგზე. უნდა შევაქოთ ბავშვის მცდელობა იმეცადინოს, შეასრულოს მითითება, მიაღწიოს მიზანს, მაშინაც, როცა საბოლოო შედეგი იდეალური არაა. ასე ბავშვი ფიქრობს, რომ მისი მცდელობა შედეგიანია და ყოველ ჯერზე მეტ ძალისხმევას დებს შესასრულებელ დავალებებში.
  • ორიენტირებულნი და მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ არა საბოლოო, მიღებულ ნიშნებსა და ქულებზე, არამედ იმაზე რას სწავლობს ბავშვი. თუ ბავშვს მცდელობის მიუხედავად არც ისე სახარბიელო ნიშნები აქვს და სკოლაც და ოჯახიც ამაზე აპილერებს, ის იწყებს ფიქრს, რომ მცდელობას აზრი არ აქვს, მხოლოდ ნიშანია მნიშვნელოვანი, ნიშანს მაინც ვერ იღებს ისეთს, რაც სხვებს სურს. მაშინ რატომ უნდა იწვალოს? მაგრამ თუ მას ვეუბნებით, რომ გაცილებით უკეთ ასრულებს დავალებას, გაცილებით უკეთ კითხულობს, გაცილებით უკეთ პასუხობს კითხვებს, ის ხედავს და თავადაც ხვდება რომ მის შრომას შედეგი აქვს.
  • აუცილებლად საინტერესო და სახალისო უნდა გავხადოთ სწავლის პროცესი. გამოვიყენოთ სხვადასხგვარი მეთოდები და სტრატეგიები, სხვადასხვაგვარი, მრავალფეროვანი მასალა და რესურსი, რათა ყველა ბავშვმა თავისი ინტერესისა და შესაძლებლობის გამოვლენა და დაკმაყოფილება შეძლოს.
  • არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ ვსწავლობთ, როცა არ ვიცით, რომ ვსწავლობთ.

თამარ იაკობაშვილი







7385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები