შიშები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემაა როგორც ბავშვების, ისე მშობლების ცხოვრებაში. საინტერესოა, საიდან მოდის ეს პრობლემა და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შვილებს:
"აღზრდა" დაშინების გზით
ეს ბავშვების მანიპულირების ძველი მეთოდია, რომელიც, როგორც წესი, ამართლებს ხოლმე, თუმცა მშობლები არ უფიქრდებიან, რეალურად, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ფრაზებს. მაგალითად: "თუ არ მომისმენ, უცხო ბიძა წაგიყვანს", "ბოროტი ჯადოქარი მოგიტაცებს", "გუდიანი წაგიყვანს" და ასე შემდეგ. თუმცა, მეორე ვარიანტიცაა, როცა ბავშვებს ეუბნებიან: "უცხოებს არ გამოელაპარაკო, ისინი ბავშვებს იპარავენ და კლავენ", "შენ ხომ არ გინდა ასეთი რამ დაგემართოს?"
არ შეაშინოთ ბავშვი "ბუათი" და "გუდიანი კაცით" - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ნერვულ სისტემაზე?
რა თქმა უნდა, ბავშვის შეშინება უფრო მარტივია, რომ დამშვიდდეს და ისე მოიქცეს, როგორც მშობლებს სურთ, მაგრამ ხშირად არავინ ფიქრობს, რომ ეს მათ ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უქმნის. შეიძლება დასჩემდეთ შიშები, ნევროზული მდგომარეობა, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და რაც ყველაზე მთავარია, მშობლების მიმართ უნდობლობა.
ტრილერებისა და საშინელებათა ფილმების ყურება
ბავშვის ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა, მზად არ იყოს ისეთი სტრესული სიტუაციებისთვის, რომლებსაც ტელეეკრანებიდან ხედავს. ის, რაც უფროსებისთვის წვრილმანია, შესაძლოა ბავშვისთვის უზარმაზარი ტრავმა აღმოჩნდეს, რამაც დროთა განმავლობაში შიშები და შინაგანი დისკომფორტი გამოიწვიოს.
ოჯახური სკანდალები
ყვირილი, სკანდალები, ჩხუბი, ფიზიკური ძალადობა, როგორც უფროსებს შორის, ასევე ბავშვებთან მიმართებით... როცა პატარები სახლში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, თითქოს მიწა ეცლებათ ფეხქვეშ. შედეგი კი იგივეა - საკუთარ თავში ჩაკეტილობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ნერვული გამოვლინებები, შიშები როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაში.
ტოპ-5 შიში ბავშვობიდან
სიბნელის, ჯადოქრების, გუდიანის, ბოროტმოქმედების შიში. შიში იმისა, რომ სიბნელეში უმწეო იქნება და გამტაცებლებისგან თავს ვერ დაიცავს. მშობლებისგან მიტოვების შიში. მაგალითად, წარმოდგენა, რომ მშობლები მიატოვებენ და სხვა ბავშვებთან ერთად იცხოვრებენ, რომ მასთან არ იქნებიან რთულ მომენტებში. ასევე, აქტუალურია მშობლების გარდაცვალების შიში. შიში, რომ მშობლებს გადაუყვარდებათ. ან შიში იმისა, რომ სხვა ბავშვი შეუყვარდებათ. მშობლებისგან დასჯის შიში: ყვირილი, დამცირება, აკრძალვები, ხელით შეხება, ძირითადად ის ფორმები, რითაც ოჯახში სჯიან ხოლმე. დუმილისა და მშობლებთან ემოციური კავშირის გაწყვეტის შიში. საუბარია იმაზე, როდესაც მშობლები მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი და ბავშვებთან კომუნიკაცია აღარ აქვთ. აღარ ინტერესდებიან მათი განცდებითა და ემოციებით.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ფობიებისგან გათავისუფლებაში
შეწყვიტეთ იმ ფრაზების გამოყენება და სიტუაციების აღწერა, რაზეც უკვე დავწერეთ. ესაუბრეთ თქვენს შვილს შიშებზე, გამოხატეთ თანაგრძნობა, უთხარით, რომ გესმით მისი. ხშირად, მშობლები იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, ყურადღებას არ უთმობენ. ბავშვებს კი ეუბნებიან, რომ არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ იქვე ამატებენ: "რა მოიფიქრე ახლა, რას ფანტაზიორობ?" ამის მოსმენა ბავშვებს აზარალებს და მშობლებისადმი ნდობას უკარგავს. აჩვენეთ შვილს, რომ შიშისგან გათავისუფლება შეუძლია. რამდენჯერმე გაიარეთ ეს ნაბიჯები მათთან ერთად და დაუმტკიცეთ, რომ თავადაც შეძლებს. ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია. ხშირად ფსიქოლოგიური დახმარება არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მშობელსაც სჭირდება. ამიტომ, სპეციალისტთან დროული კონსულტაცია აუცილებელია.