ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ "აზროვნების აკადემიაში" გამართულ ლექციაზე, სადაც მისი წიგნის პრეზენტაცია შედგა, ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობებზე, მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ამავე ლექციაში აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოზარდების მიერ სქესის შეცვლის მოთხოვნა გაიზარდა. უფრო ზუსტად კი, სპეციალისტს 11-მა მშობელმა მიმართა, რომელთა შვილებიც ამბობენ, რომ სქესის შეცვლა სურთ.
"ასე არც 2 წლის წინ ყოფილა და არც 5 წლის წინ. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ეს მოდა, პროპაგანდაა იმიტომ, რომ მაგალითად, რომ ვიყო "cool ტიპი" ბისექსუალი უნდა ვიყო. ეს მოდა წამოვიდა, რაც ყველაზე ძალიან მშობელს ურტყამს. ამდენი მომართვიანობა მე არ მინახავს. ლექციაზე ვთქვი ამის შესახებ და სტუდენტმა მითხრა, რომ ეს პროგრესია. ანუ ვიღაცამ შექმნა ტრენდი, მიმართულება და მოდა გააკეთა. როდესაც მქონდა იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებსაც სქესის შეცვლა სურდათ, თავად ერთ-ერთმა მითხრა, რომ იქიდან 70% უბრალოდ მოდასაა აყოლილი. არაფერ შუაშია ქართველობა, მართლმადიდებლობა და ტრადიციონალიზმი. თვლიან, რომ ეს არის ტრენდი, თუ მაგარი ტიპი ხარ, ასე უნდა ფიქრობდე." - თქვა მან.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში "იმედის დღე" ფსიქიატრმა ნინო ნანეიშვილმა აღნიშნა, რომ როცა საქმე ბავშვებს ეხებათ და ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი გადაწყვეტილება, მშობლები მათ სურვილებს არ უნდა აჰყვნენ:
"თუ ცნობიერება ძალიან მყარი, კარგად ჩამოყალიბებულია და ადამიანს აქვს უნარი, მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში უნდა მივყვეთ მის სურვილებს. მაგრამ, თუ საქმე გვაქვს ბავშვთან, რომელიც არასრულწლოვანია და არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, მშობელი მას არ უნდა აჰყვეს. სქესის შეცვლის სურვილის უკან, დიდ ნაწილში მრავალი ფსიქიკური დაავადება იმალება ან კიდევ არ იმალება. ამიტომ, სპეციალისტმა უნდა გაარკვიოს მიზეზი. " - აღნიშნა მან.
ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა ცოტახნის წინ Mshoblebi.ge-სთან სქესის გამორკვევის საკითხზე ისაუბრა. მოზარდები ხშირად ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის არიან. ფსიქოლოგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ:
"ზოგადად, მოზარდის ბუნება ბისექსუალურია. ამ დროს ჰორმონების დალაგება ხდება. ჯერ კიდევ ორივე სქესის ჰორმონი აქტიურობს და ნელ-ნელა ყალიბდება. მშობლების თაობასაც ექნებოდა მსგავსი განცდები, თუმცა ჩვენ მკაცრად დაწესებული ჩარჩო გვქონდა და ვერანაირად წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი სქესის წარმომადგენელი პარტნიორი გვყოლოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა ერთსქესიანი წყვილები, თუმცა იყო ტაბუდადებული თემა და არ განიხილებოდა. ახლა, მოგეხსენებათ, ფილმებში, სერიალებში, რომლებსაც მოზარდები უყურებენ, ეს ძალიან აქტუალური და მიღებული საკითხია. ამიტომ, მოზარდი ხშირად მერყეობს, ხან ფიქრობს, რომ საპირისპირო სქესი მოსწონს, ხან კიდევ, პირიქით. ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ ბისექსუალები არიან. მქონია შემთხვევები, მოზარდი ამ დროს თვალებში გიყურებს,
ამბობს, რომ ბისექსუალია და გაკვირდება, როგორი რეაქცია გექნება. გაქვს თუ არა მიმღებლობა, გაგიკვირდა თუ არა. ჩვენს შვილებს ჩვენთან ყველაფერზე საუბარი უნდა შეეძლოთ. მოზარდმა თავისუფალი არჩევანი რომ გააკეთოს, აკრძალვების არ უნდა ეშინოდეს. რაც უფრო მეტი აკრძალვა აქვს და მალავს ამ ყველაფერს, უფრო მეტად უჩნდება სურვილი. შეიძლება ამის გამო არასწორი არჩევანიც გააკეთოს. ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულია, თუ მოზარდი ფიქრობს, რომ თავისივე სქესის წარმომადგენელი მოსწონს, ჩვენ დავეთანხმოთ და ვუთხრათ, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა. ამით შეიძლება არასწორი არჩევანი გავაკეთებინოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც არჩევანი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამიტომაც, სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ვესაუბროთ. მქონდა შემთხვევა, მოზარდი გოგონა იყო მოსული და მომიყვა, ადრე ფსიქოლოგი მყავდა, ვუთხარი, რომ გოგონები მომწონს და მან ასაკს დააბრალა და თქვენც ასე არ მითხრათო. მოვუსმინე და მისი აზრი არ გამიუფასურებია, რაც ასე აღიზიანებთ მოზარდებს. ვუთხარი, რომ წლებთან ერთად, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ორი კვირის შემდეგ სეანსზე რომ მოვიდა, მითხრა, როგორ შეხვდა ძალიან კარგ ბიჭს და როგორ მოსწონდა მასთან ურთიერთობა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ." - აღნიშნა მან.
ამავე ინტერვიუში ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრა, როგორი უნდა იყოს მშობლის პოზიცია და რა ფორმით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მსგავს თემებზე. ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თამარ იაკობაშვილი