ხშირად მშობლები ბავშვებს ცუდ ქცევაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ ზარმაცები არიან და უჭირთ კონცენტრირება. სინამდვილეში კი შესაძლოა, მათ სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ.
6 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში საკუთარ ისტორიას აზიარებდა და ამბობდა, რომ მის შვილს ძალიან უჭირდა კონცენტრაცია, თამაშს მარტივად თავს ვერ ანებებდა და სხვა აქტივობაზე გადართვაც არ შეეძლო. პროცესში ნეიროფსიქოლოგი ჩართეს. სხვადასხვა დავალებითა და აქტივობით სიტუაცია გამოსწორდა. დედის თქმით, ის ძალიან პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული გახდა და თვითონ ასრულებდა საშინაო დავალებას.
"უმეტეს შემთხვევაში, ტვინს არ აქვს ანატომიური დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი გამოკვლევა, მაგალითად, ტომოგრაფია, არ აჩვენებს ცვლილებებს. აქ საუბარია ფუნქციურ არამდგრადობაზე, ტვინის გარკვეული სტრუქტურების სისუსტეზე. ფსიქიკური ფუნქციების ფორმირებაში სწორედ ისინი განსაზღვრავენ დარღვევას და ამის იდენტიფიცირება მხოლოდ ნეიროფსიქოლოგიურ გამოკვლევას შეუძლია." - ამბობენ სპეციალისტები.
ერთი შეხედვით, შეიძლება, მარტივად მოგეჩვენოთ ის, რასაც ნეიროფსიქოლოგი აკეთებს: თამაშები, საუბარი, სურათების განხილვა, წაკითხული ტექსტის გააზრება, ათამდე დათვლა როგორც პირდაპირ, ასევე უკუსვლით. მაგრამ, ეს არის ზუსტად ის, რაც ნეიროფსიქოლოგს დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას აძლევს: მეტყველების შეფერხებაზე, ქცევაზე და ა.შ. ექსპერტები კი შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით აკვირდებიან, როგორ ასრულებენ ბავშვები ამა თუ იმ დავალებას. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა მსგავსი ტესტები მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში. ბევრი მშობელი ან საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყენებს და შესაძლოა, მათ არასწორი დასკვნები გამოიტანონ და რეალურად ვერაფრით დაეხმარნონ ბავშვს.
სპეიცალისტები კიდევ ერთ პრობლემას ასახელებენ: როდესაც მსგავსი ტესტები ინტერნეტში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა ნეიროფსიქოლოგთან მიჰყავთ ბავშვი, მან უკვე ზეპირად იცის ყველა ტესტი და ობიექტურად მისი შეფასება ვეღრ ხერხდება. ამიტომ, გამუდმებით უწევთ ახალი, განსხვავებული და შედეგზე ორიენტირებული მასალების შექმნა.
"თუმცა, ზოგჯერ ირკვევა, რომ პრობლემა ცოდნის ნაკლებობაშია. მაგალითად, ბავშვი ძალიან ხშირად ავად იყო და პირველ კლასში ბევრ გაკვეთილს აცდენდა, ხოლო მე-3 კლასში აღმოაჩინეს, რომ კარგად შეკრება და გამოკლება არ იცის ან ვერ ცნობს რომელიმე ასოს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ჯერ პროგრამა ავათვისებინოთ და ვასწავლოთ, რაც გამოტოვა და შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა სპეციალისტის ჩართულობაზე." - ამბობენ ნეიროფსიქოლოგები.