ონკოლოგიური დაავადებები განაჩენი აღარ არის და ძალიან ბევრი ადამიანი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქალისთვის გამოჯანმრთელების შემდეგ არანაკლებ მძიმე გზა იწყება - ოპერაციისგან შეცვლილი სხეული მათ სექსუალურ ცხოვრებას საშინელ დაღს ასვამს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომამ" საქართველოში რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს შორის სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები გამოიკვლია. ამ რობლემების შესწავლის შემდგომი ნაბიჯი მათი გადაჭრისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის დასახვა იქნება. კვლევის ფარგლებშიც სულ 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა, რომლებშიც 18-დან 65 წლამდე ქალები თბილისიდან, საგარეჯოდან და ჩოხატაურიდან მონაწილეობდნენ.
რა აწუხებთ ქალებს კვლევის თანახმად, ონკოპაციენტი ქალების უმრავლესობას დიაგნოზის დასმისგან მიღებული შოკისა და რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის დასაწყისში სექსუალურ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ უფიქრია. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ განიცდიდნენ სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას. რესპონდენტების გარკვეული ნაწილისთვის სექსუალობის საკითხები აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყეს გამოჯანმრთელება. ეს ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დაწყებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სქესობრივი ურთიერთობის შიში აქვს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არ იციან, რა შეიძლება მოჰყვეს სექსს - ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი, თუ სხვ.
კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა. იმის გამო, რომ ონკოპაციენტ ქალებსა და მათ პარტნიორებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ხშირად ფიქრობენ, რომ "ოპერაციის შემდეგ სექსი აღარ შეიძლება." გარდა ამისა, უმრავლესობას ძალიან გაუჭირდა საკუთარი შეცვლილი სხეულის აღქმა და ამან სექსუალურ ურთიერთობაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა.
" მგონია, რომ დეფორმირებული მაქვს სხეული. ეს მიქმნის დისკომფორტს საკუთარ თავთან, როცა მარტო ვრჩები." ზოგიერთი ქალისთვის ეს იმდენად დიდი დისკომფორტია, რომ მზად არიან, ჩაიცვან დახურული ტანსაცმელი და უარი თქვან საყვარელ აქტივობებზე. "მქონდა არასრულფასოვნების შეგრძნება, არ მინდოდა, რომ დაღამებულიყო და ჩვენ მარტო დავრჩენილიყავით, მე და ჩემი ქმარი, რომ ქმართან ურთიერთობა მქონოდა. ძალიან ცუდი განცდაა, საშინელი.... ეხლა გახდება 5 წელი და დღემდე მიჭირს ეს ყველაფერი. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მგონია, რომ ეს არ გადაივლის." - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. "იქ ხომ არავინ გვეუბნება, რა ამოგვჭრეს, რა გვრჩება, რა შეგვიძლია, შეგვიძლია თუ არა, რომ სექსი გვქონდეს და, აქედან გამომდინარე, თავიდან ყალიბდები, შენ თვითონ შეგიძლია თუ არა სრულფასოვანი ცხოვრება მეუღლესთან." "იმდენი პაციენტები ჰყავთ, რომ ასეთი რაღაცები არც ქირურგს, არც პალატის ექიმს, არავის არაფერი არ უთქვამს. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ გავართვით თავი და არის ოჯახები, გამიგია, რომ ამ მიზეზით ინგრევა და ამისთვის საჭიროა მათი სწორად ინფორმირება, ფსიქოლოგები უნდა იყვნენ ჩართული ესეთ საკითხებზე. მაგრამ არის ჩვენთან ქვეყანაში ესეთი რაღაცა, რა ვიცი, არ არის..."- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. კვლევაში მონაწილეთაგან მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა დაუსვა ექიმს კითხვა, თუ როგორ გაგრძელდებოდა მისი სქესობრივი ცხოვრება. რესპონდენტების უმეტესობა სექსუალობასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებს ინტერნეტში (Youtube, Google, და ა.შ.).
სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა; ოპერაციის შემდგომი ფიზიკური დისკომფორტი სქესობრივი კონტაქტისას; რამდენი დროა საჭირო სექსუალური ცხოვრების განახლებისთვის; გარდა ამისა, რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიაგნიზის დასმის დროს ექიმისა და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ასევე, აღნიშნავენ, რომ ისინი არ გადაუმისამართებიათ ისეთი დამატებითი მომსახურების მისაღებად, როგორიცაა ფსიქოლოგის და სექსოლოგის სერვისი. გარდა ამისა, ქალები ამბობენ, რომ ეს კონსულტაციები უფასო უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, ვერ შეძლებენ სარგებლობას.
" ფინანსურად ცუდი სიტუაციაა, გამოკვლევები, ოპერაცია ისეთი თანხები ჯდება, რომ მერე ფსიქოლოგთან სიარულის, რომელიც ასევე ხარჯი იქნება, რა ვიცი, ბევრს არ შეუძლია. სახელმწიფო პროგრამა თუ იქნება და ჩვენნაირ ქალებს ვინმე დაეხმარება ფსიქოლოგიურად, ეს ძალიან კარგი იქნება...." - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
"არსებობენ ადამიანები, ვისაც პირისპირ უჭირს საუბარი ესეთ საკითხებზე, მე რომ დამჭირვებოდა, მერჩივნა პირისპირ დავლაპარაკებოდი ადამიანს და მისგანაც პირდაპირ მიმეღო ამომწურავი პასუხები." - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა გამოთქვამს პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილს, რაც უფრო მეტად სრულფასოვანს გახდიდა მათ პირად და ინტიმურ ცხოვრებას. თუმცა, პლასტიკური ოპერაცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ქალებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
ქალების უმრავლესობა, ფინანსური საშუალება რომ ჰქონდეთ, აღნიშნავს, რომ აუცილებლად გაიკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას.
არ ფლობენ ინფორმაციას და არ აქვთ ცოდნა სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ. არ საუბრობენ სექსუალური ურთიერთობებზე სქესობრივ პარტნიორებთან. ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აქვთ სქესობრივი კონტაქტები. ქირურგიული ჩარევის და/ან მკურნალობის დაწყების შემდეგ მედპერსონალი არ საუბრობს პაციენტთან სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია პაციენტების ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასებასა და გაუმჯობესებაზე. ფინანსური პრობლემების გამო ონკოპაციენტი ქალები ვერ მიმართავენ ფასიან ფსიქოთერაპიულ და სექსოლოგიურ სერვისებს. საქართველოს რეგიონებში ონკოლოგიური, ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური სერვისების დეფიციტია. ექიმები არ ამისამართებენ ონკოპაციენტ ქალებს ფსიქოლოგთან და/ან სექსოლოგთან. ონკოპაციენტი ქალებისთვის სექსუალობის თემებზე ინფორმაციის მიღების სასურველი წყაროა პირისპირ კონსულტირება, საინფორმაციო ბუკლეტი/ბროშურა, სოციალური ქსელი. ონკოპაციენტი ქალების უმეტესობას აქვს სურვილი, გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ამას ვერ ახერხებენ. კვლევის რესპონდენტებს და მათ პარტნიორებს ოპერაციის შემდგომ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები უყალიბდებათ. ამიტომაც, მთავარი რეკომენდაციაა, მოხდეს ონკოპაციენტი ქალების ინფორმირება. აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა, სადაც მოხდება რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტი ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება და ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. მნისვნელოვანია, რომ ფსიქოლოგისა და სექსოლოგის სერვისის მომსახურება უფასო იყოს და მათთვის მომზადდეს სხვადასხვა საინფორმაციო რესურსი, იქნება ეს ბროშურა, ვიდეობლოგები თუ სხვა. კვლევის ავტორები ასევე ყურადრებას ამახვილებენ, რომ სასურველია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ონკოპაციენტი ქალები მიმართავდნენ პლასტიკურ ოპერაციას. გარდა ამისა, აუცილებელია ექიმებისა და ექთნების გადამზადება, რათა მათ შეძლონ რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობასთან და სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტი ქალების ინფორმირება;
კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 8700 ახალი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა. მომდევნო წლებში კვლავ გაიზარდა და 2019 წელს 10 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობაც.
2008 წლიდან საქართველოს დედაქალაქში, ხოლო 2011 წლიდან - მთელ ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამა, რომელიც მოიცავს:
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ქალებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის კაცებისთვის; კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის მოსახლეობისთვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო ახალი პროგრამა ონკოლოგიური პაციენტების- თვის, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში სრულიად უფასოდ ჩაიტარონ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, აგრეთვე მიიღონ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მიუხედავად ამისა, პაციენტებს დღემდე ხელი არ მიუწვდებათ პოსტ-ოპერაციულ სარეაბილიტაციო სერვისებზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, სექსოლოგის კონსულტაციაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების მხარდაჭერა და მათი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია თანამედროვე მკურნალობის პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის "საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა" მიერ, შვედური ორგანიზაციის RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. ხოლო კვლევის ანგარიში მოამზადეს ხათუნა ხაჟომიამ და მაია ჯიბუტმა.