არიან ბავშვები, რომლებიც ნებისმიერ შენიშვნაზე ტირილს იწყებენ და მტკივნეულად აღიქვამენ. მასწავლების, მშობლის, მეგობრის მცირე კრიტიკაც კი საკმარისია ნერვიულობისთვის. თუმცა, ყველა მათგანი ინდივიდუალურია და შესაძლოა, ზოგიერთი ბავშვი სულაც არ გამოხატავდეს ემოციას ამ ფორმით. მშობლებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის თავიანთი შვილების მაგალითი. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ მათი შვილები პატარა შენიშვნაზეც კი ტირიან, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ შვილს ამაზე რეაქცია არ აქვს. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
- ჩემი გოგონა 3 წლისაა, როგორც კი ოდნავ მკაცრი ტონით ვეტყვი შენიშვნას, ისე ტირის, სამი დღე ვნანობ ხოლმე. უნაზესი არსებაა.
- ჩემი 7 წლის ბიჭიც ძალიან გულჩვილია, პატარა შენიშვნაზეც კი თვალები ევსება ცრემლით. მეც ეგეთი ვიყავი.
- შენიშვნას რომ ვაძლევ, ორივე შვილი მისმენს და ხმას არ იღებს. ცდილობენ, იგივე არ გაიმეორონ. შენიშვნაზე ტირილი უფრო მგონია თავის დაცვა ბავშვის მხრიდან. არ ვიცი, შეიძლება ვცდები.
- ძალიან მტირალაა ჩემი გოგონა, ყველაფერზე ტირის, ოდნავ თუ მკაცრად ეტყვი რამეს, ცრემლები მზად აქვს.
- ჩემი ერთი ბიჭი მასეა, ამიტომ ვცდილობ, არ მივცე იმ დროს შენიშვნა არ გავუბრაზდე და ცოტახანში ვეუბნები, რომ ის საქციელი, რაც ცოტა ხნის წინ გააკეთა, არ შეიძლება და ასე უფრო იგებს. ახლა არის ასეთი თაობა, თორემ მე დედაჩემის თვალების მოძრაობით ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
- მარტო არ ვყოფილვარ.... ჩემი 6 წლის ბიჭი, პატარა შენიშვნაზე მაშინვე ტირის. თავს იდანაშაულებს, თუმცა შემდეგ მაინც არ ითვალისწინებს და ერთი და იგივე სულ.
- აბა ჩემი რომ მოკლა, ცრემლს არ გადმოაგდებს, უტეხად გიყურებს თვალებში და მე მაგაზე ვბრაზდები, რატომ არ ტირის.
- ოღონდ არ იტიროს ბავშვმა და ზოგი სახლს დააწვევინებს და ალბათ, ფიქრობს, კარგ დედობაში ეთვლება. დღეს იტიროს ჯობს, ვიდრე ხვალ, როცა რეალურად აღმოჩნდება ისეთი პრობლემების წინაშე, რომ ტირილი ვეღარ უშველის.
- შენიშვნას კი არა, ოდნავ წარბი რომ ავუწიო, ეგრევე შეტევაზე გადმოდის, როგორ გამიბედეო და თავს იცავს.
- შენიშვნის მიცემა და ტირილი ერთია. კოვიდის მერე ასეა, მანამდე ძალიან მშვიდი ბავშვი იყო.
- 8 წლის გოგო მყავს და ზუსტად ასეა.
- უფროსს ყველაფერზე უჩუყდება გული და პატარას მამამ თუ მისცა შენიშვნა, ისტერიკას აწყობს.
- და მხოლოდ ჩემია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს? არათუ განიცდის, საერთოდ რეაქცია არ აქვს.
- რამხელა ნერვები სჭირდება. ჩემი 13 წლისაა, რთული გარდატეხის პერიოდი აქვს. შეუძლია შენიშვნის გარეშეც იტიროს, ხასიათი ყოველ საათში შეეცვალოს.
- ჩემი ორი შვილი მასეა. შენიშვნაზე სატირლად გამზადებულები არიან, შუათანა პირიქით, სულ იცინის.
ბავშვთა ფსიქოლოგი
ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება, რატომ ტირიან ბავშვები ყველაზე ხშირად, როგორი უნდა იყოს ამ დროს მშობლის პოზიცია და როდის უნდა მიხვდნენ, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან და სპეციალისტის ჩართულობაა აუციებელი:
- ახალშობილი ტირილის საშუალებით ამყარებს ჩვენთან კომუნიკაციას. გვაძლევს სიგნალს, რომ რაღაც სჭირდება. იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, ვერბალურად აგვიხსნას, რა უნდა და რა აწუხებს. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად ტირის. ეს მათ ტემპერამენტზე, ამტანობაზეა დამოკიდებული. მაგრამ, როდესაც მეტყველებას იწყებს და ეძლევა საშუალება, ვერბალურად გამოხატოს საკუთარი შეგრძნებები და განცდები, ტირილის სიხშირე იკლებს. ბავშვი ტირის მაშინ:
- როდესაც ფიქრობს, რომ ამ გზავნილის გარეშე ვერ მოიტანს ინფორმაციას ჩვენამდე,
- თუ მას არ უსმენენ,
- თუ მის პიროვნებას პატივს არ სცემენ.
მაგრამ, ძალიან ხშირად ტირილი მანიპულაციის საშუალება ხდება. ბავშვები ცდილობენ, ამ გზით მიიღონ სასურველი შედეგი. განსაკუთრებით, ეს 3-დან 5 წლამდე ასაკში ხდება. ეს კრიტიკული ასაკია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება ნებისყოფის ჩამოყალიბება. თუკი ბავშვი ტირილის საშუალებით იღებს ყოველთვის სასურველ შედეგს, მაშინ ის ხშირად იქცევა ასე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პატარა შენიშვნაზეც კი ადვილად იწყებენ ტირილს. ამ ფაქტს მშობლებიც განიცდიან ხოლმე. განსაკუთრებით, მამები, როდესაც, მაგალითად, 11-12 წლის ბიჭები ტირიან და ამბობენ, რომ "მათგან კაცი ვერ დადგება", რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრულები, განვითარების პერიოდში გარკვეულ ეტაპებს გადიან. ეს ეტაპები 7-წლიან ინტერვალებად იყოფა.
0-დან 7 წლამდე გოგონებს ემოციური განვითარების პერიოდი აქვთ. ისინი ძალიან გულჩვილები არიან, ხშირად ტირიან და ჭირვეულობენ. ბიჭებს კი ამ პერიოდში ფიზიკური განვითარების პერიოდი აქვთ. ცოტა უხეშები არიან, სათამაშოებს ამტვრევენ, აინტერესებთ, შიგნით რა არის. 7-დან 14 წლამდე ყველაფერი იცვლება - ბიჭები ემოციური განვითარების პერიოდს გადიან, ხოლო გოგონები ფიზიკური განვითარების პერიოდს. ახლა გოგონები უფრო ამტანები და ძლიერები ხდებიან, ბიჭები კი ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდიან ყველა შენიშვნას. 7-დან 14 წლამდე განვითარების კულმინაცია, დაახლოებით, 10-11 წლის პერიოდში გვაქვს. ამ ასაკში განსაკუთრებით გულჩვილები არიან. განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ შენიშვნებს საპირისპირო სქესის მქონე მშობლისგან. ასევე, ადვილად ტირიან მასწავლების შენიშვნაზე, თანატოლების მხრიდან კომენტარებზე. ეს ყველაფერი ამ ასაკში აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია. იმის გამოც, რომ მოზარდები ემოციურად უფრო არასტაბილურები არიან, თუ ისინი ტირიან, ნორმალურია. ამითი საკუთარ ემოციას გამოხატავენ, თავს იმშვიდებენ ან კიდევ, შეიძლება ეს იყოს გამოძახილი, რომ თავს უსუსურად გრძნობენ და დახმარება სჭირდებათ.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ტირილი და არასტაბილური ემოციები?
- პირველ რიგში, საამისოდ ყველაზე კარგი საშუალება არის ის, რომ ხშირად მოვუსმინოთ მათ. მოვუსმინოთ ყოველგვარი კრიტიკისა და შენიშვნების გარეშე. არ ვუთხრათ: "რა სისულელეს ლაპარაკობ", "ეს როგორ იფიქრე" და ასე შემდეგ. პატივი ვცეთ მათ პიროვნებას. დავაფიქსიროთ, რომ გვესმის მათი. ვუთხრათ, რომ აგვიხსნას, რა აწუხებს, რატომ აღიქვამს ასე ემოციურად ამ ყველაფერს. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ვაჩვენებთ, რომ უპირობოდ ვიღებთ და გვესმის მათი ემოციების, მერე გავუზიაროთ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. რაც უფრო რადიკალურად მივაწოდებთ ბავშვებს საკუთარ აზრს და ვეტყვით, რომ არ არის მართალი და სისულელეს ლაპარაკობს, შედეგი არ ექნება. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოზარდს ვუთხრათ არის: "ნუ ლაპარაკობ სისულელეებს." ჯერ ვაღიაროთ მისი პიროვნება და მხოლოდ ამის შემდეგ გავუზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ რჩევებს არ მიიღებენ.
- უფრო მცირე ასაკში, როდესაც პატარა შენიშვნზეც კი ტირილს იწყებენ, რა ხდება ხოლმე ამის მიზეზი?
- პირველი კლასი ადაპტაციის პერიოდია. ეს არის ახალი ცხოვრება, რეჟიმი და საზოგადოებისგან შეფასების პირველი ნაბიჯები. მასწავლებელი, კლასი აფასებს და ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თვალში ღირსეულად გამოჩნდეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა განსხვავებული ფსიქოტიპი ვართ. ყველა სხვადასხვანაირად იღებს შენიშვნას. ძალიან ხშირად მშობლებს მოჰყავთ ბავშვი ჩემთან და მეუბნებიან: "უფროსი შვილი საერთოდ არ ტიროდა, ამას რა სჭირს, ერთნაირად ვზრდი ორივესო." ყველა ადამიანი განსაკუთრებული და განსხვავებულია. დაწყებით კლასებში ბავშვები ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან ავტორიტეტულ ფიგურებს, განსაკუთრებით, მასწავლებელს. თუკი მასწავლებელი თანადგომას უცხადებს, რამდენჯერმე რომ იტირებს, შემდეგ გადაუვლის და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მაგრამ, თუ ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, ამის გამოვლინებაა ტირილი. შეიძლება მასწავლებელმა სხვას უყვიროს და ამ ბავშვმა დაიწყოს ტირილი. იმიტომ, რომ ამ დროს საკუთარ თავს წარმოიდგენენ ხოლმე და ემპათიის გრძნობა აქტიურდება. ბავშვებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვართ. არასოდეს შევარცხვინოთ. ძალიან მინდა, მშობლებს, მასწავლებლებს, ყველას, ვისაც ბავშვთან აქვს ურთიერთობა, ვთხოვო, დაივიწყეთ ფრაზა, რომ "ბიჭები არ ტირიან". ნუ ეტყვით თქვენს შვილებს ამას. ტირილი ემოციების გამოხატვაა. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ ნაკლებად იტირონ, ემოციების სახელდება უნდა ვასწავლოთ. ბავშვმა უნდა თქვას: "მეწყინა, გაბრაზებული ვარ". როდესაც ემოციის სახელდება ხდება, ამ ემოციას ბავშვი იაზრებს და გადამუშავებას იწყებს.
- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ამ პროცესში სპეციალისტის დახმარება სჭირდება?
- თუკი ვხვდებით, რომ ბავშვის შრომისუნარიანობა დაქვეითდა. თუ ვხედავთ, რომ ბავშვი იმდენად ხშირად ტირის, საქმეს ვერ აკეთებს, არ გამოგვდის სწორი კომუნიკაციის დამყარება. ვესაუბრებით და ბავშვი არ იხსნება, არ გველაპარაკება - ამ შემთხვევაში კარგი იქნება ფსიქოლოგთან კონსულტაცია. გარდა ამისა, ძალიან კარგია თუ დაახატვინებთ ემოციებს, თუ ვერ გვიამბო და ვერ აგვიხსნა, რატომ ტიროდა, შესაძლოა დახატოს და ასე უკეთესად გამოხატოს. თუ ესეც არ გამოგვივიდა, შეგვიძლია თოჯინები, მანქანები გამოვიყენოთ და ამის საშუალებით ბავშვს მივცეთ საშუალება, გამოხატოს ემოცია. ყველაზე მთავარია, თუ ბავშვი ტირის და მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, ეს მანიპულაციის წყარო ხდება, რადგან ერთადერთი შანსი ეძლევა, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციოს. თუ ვამჩნევთ, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვხდებით, სასურველია, დავაიგნოროთ მისი ტირილი და არ მივაქციოთ ყურადღება. თუმცა, ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ძალიან რთულია განსაზღვრა, როდის ტირის ყურადღების მისაქცევად და როდის აწუხებს რეალურად პრობლემა. თუ მოვუსმენთ, ვეთამაშებით, დავახატვინებთ, აუცილებლად მივაგნებთ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ყველაფერზე ტირილი გახშირდა, ბავშვს კომუნიკაციაში ხელს უშლის, მის სოციალურ უნარებს აფერხებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს. ის უკვე დაგვეხმარება ბავშვთან ურთიერთობაში. ჩემი მთავარი რჩევა მშობლებისთვის იქნება: ბავშვის დაბადების დღიდან ვაღიაროთ პიროვნებად და პატივი ვცეთ მას. ნურასოდეს ვეცდებით ჩვენი ამბიციები ჩვენს შვილებს თავზე მოვახვიოთ. მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და ყოველთვის გავუმეოროთ, რომ გვიყვარს უპირობოდ. შევაფასოთ მათი ქცევა და არა პიროვნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ გვიყვარს უპირობოდ და არა იმისთვის, რომ სკოლიდან ბევრი კარგი ნიშანი ან შექება მოაქვს. ძალიან ხშირად ბავშვები სწორედ იმიტომ ტირიან, რომ თვლიან, მშობლებს იმედი გაუცრუეს. იმიტომ, რომ ხედავენ, მშობლები მათგან ძალიან ბევრს ელოდებიან. "შენ ჩემი შვილი ხარ... როგორ უნდა თქვან, რომ ჩემი შვილი იდეალურად არ სწავლობს?" - ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ყოველთვის აღვიქვათ ისინი პიროვნებებად და არა მხოლოდ ჩვენს შვილებად.
თამარ იაკობაშვილი
უნდა ავუსრულოთ თუ არა ბავშვს ყველა სურვილი, თუ ამას ტირილით და ემოციებით ითხოვს - ნევროლოგის პასუხი
"იტირებს და გაჩუმდება", "მოთმინებას ისწავლის", "ტირილი ხანდახან კარგია" - რა მოსდის ჩვილს, როცა მის ტირილზე გვიან რეაგირებენ