როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, განქორწინებული მშობლების შვილებს გასუქების დიდი შანსი აქვთ. მეცნიერთა ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობლების გაყრის შემდეგ მხოლოდ ერთ მშობელთან მცხოვრები ბავშვები ორჯერ მეტად არიან გასუქების საფრთხის ქვეშ. კვლევა ნორვეგიაში ჩატარდა, სადაც 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე გამოიკვლიეს.
მეცნიერების დასკვნით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სრულყოფილ ოჯახში მშობლები გაცილებით მეტი (და გაორმაგებული) ყურადღებით ადევნებენ თვალს ბავშვის კვების რაციონს, ერთად საუზმობენ და სადილობენ, ერთად ზრუნავენ შვილის კვებაზე. არასრულ ოჯახში კი ბავშვი ხშირად თავის ნებაზეა, რადგან მარტოხელა მშობელს გაცილებით მეტი შრომა უწევს და ყოფითი პრობლემებითაც მეტად არის დახუნძლული, ხანდახან ბავშვისთვის ჯანსაღი, ოჯახური კერძის მომზადებაც კი დიდი ფუფუნება ხდება. პატარა ეძალება ფასტ-ფუდებსა და ნახევარფაბრიკატებს.
გარდა ამისა, ასეთ ოჯახებში ბავშვები მეტად ჩაკეტილები, დეპრესიულები არიან - დეპრესია კი პირდაპირი გზაა გასუქებისა და კიდევ ბევრი სხვა პრობლემისკენ, რაც მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს.
მეცნიერები ურჩევენ მშობლებს, თუ არ არის გამოუსწორებელი პრობლემები და უთანხმოებები, მაინც ეცადონ და ოჯახის დანგრევისგან თავი შეიკავონ. თუ ვერ აიცილებენ ამას თავიდან, გაათმაგებული ყურადღება გამოიჩინონ ბავშვისადმი, რომელსაც მატერიალურ უზრუნველყოფასა და ყოფით სიამეებზე მეტად, კიდევ უფრო გაძლიერებული დოზით სჭირდება სიყვარული, გაგება, სითბო და მზრუნველობა.