სოციალური მედიის განვითარების პარალელურად, დღეს ბავშვებს ძალიან ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ბევრი მათგანი კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე უამრავ შეკითხვას სვამს, გამოხატავს წუხილსა და შიშს. ამაზე ბევრი მშობელი საუბრობს სოციალურ ქსელში და ხშირად აზიარებენ საკუთარი შვილების შეკითხვებს, ემოციებს ომთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა და ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია.
დააკვირდით თქვენი შვილის ქცევას
სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვის მდგომარეობას დავაკვირდეთ. ზოგჯერ ისინი შეკითხვებს ცნობისმოყვარეობის გამო სვამენ, სრულად ვერ იაზრებენ პრობლემას და ნაკლები შფოთვაც აქვთ. ამ დროს აუცილებელია ზედმეტი ემოციებისა და პანიკის გარეშე, მშვიდად ვუპასუხოთ იმაზე, რაც აინტერესებთ. შესაძლოა სულაც არ იცოდნენ კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ინსტაგრამზე ან ტიკ-ტოკზე ნახონ შემაშფოთებელი ფოტოები, ვიდეოები, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყება, სახელმწიფოები ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებენ და ასე შემდეგ და ვერ განასხვაონ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამიტომაცაა მშობელთა დახმარება აუცილებელი.
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სპეციალისტი, რობინ სილვერმანი ამბობს, რომ თუ ბავშვები მიმდინარე მოვლენების შესახებ შეკითხვებს არ სვამენ, კარგია, რადგან არ არის მათი ზედმეტად დაძაბვა საჭირო. ან კიდევ შეგიძლიათ უთხრათ: "ვხედავ, რომ ეს თემები არ გაინტერესებს. თუ შეკითხვა გაგიჩნდება, მოდი და ერთად ვისაუბროთ."
დააკვირდით ბავშვის გრძნობებსა და მდგომარეობას
როცა ბავშვები შეკითხვებს სვამენ, ხშირად ეს მიუთითებს, რომ განიცდიან, შფოთავენ და რაღაც აწუხებთ. თუმცა, შესაძლოა არც არაფერი იკითხონ და ჩუმად ინერვიულონ. ამიტომაც, თითოეული მშობელი უნდა დააკვირდეს იმ ფარულ ნიშნებს, რითიც შეძლებს ბავშვის დაძაბულობისა და ნერვიულობის აღმოჩენას. ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან შფოთვას, შესაძლოა უჭირდეთ დაძინება, რადგანაც ეფიქრებოდეთ იმ სურათებსა და ვიდეოებზე, რაც ომის შესახებ ნახეს. ნერვიულობა, შესაძლოა მადის დაქვეითებითავ იყოს გამოხატული. არ ჭამდეს იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივ მიირთმევდა ხოლმე ან უარს ამბობდეს საყვარელ საკვებზე. გარდა ამისა, შეიძლება იყოს გაღიზიანებული, არ სურდეს კომუნიკაცია და თამაში. თუ ამ ნიშნებს აღმოაჩენთ, უთხარით, რომ მზად ხართ სალაპარაკოდ და შეუძლია გაგიზიაროთ ყველაფერი, რაც აწუხებს, დასვას შეკითხვები და დაელოდოს პასუხებს.
ნუ გადაღლით ბავშვებს ახალი ამბებითა და საშინელი სურათებით
ახალი ამბების ყურება ბავშვთან ერთად, სადაც მძიმე კადრებია, აჩვენებენ საშინელ კადრებს, დანგრეულ შენობებს, არ არის რეკომენდებული. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ბავშვის შფოთვა და გაუჭირდეს ემოციებთან გამკლავება. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს, გაუზიარეთ მხოლოდ ფაქტები.
გაეცანით მათ შიშებს
მაგალითად, თუ თქვენი შვილი სვამს ისეთ შეკითხვას, როგორიცაა "ეს არის მესამე მსოფლიო ომი?" უმჯობესია უპასუხოთ კითხვითვე, რათა გაიგოთ, კონკრეტულად რისი ეშინია. მაგალითად, "რას გულისხმობ?", "შენ რისი გეშინია?" და ასე შემდეგ. მსგავსი შეკითხვებით, ზუსტად ნახავთ იმ თემას, რაზეც უნდა ესაუბროთ. შესაძლოა ბავშვი წუხდეს, რომ მის ქვეყანაშიც არ განვითარდეს მსგავსი მოვლენები ან კიდევ ეშინოდეს, რომ სურსათის ფასები გაიზრდება და საჭმელი არაფერი ექნება. მოუსმინეთ მათ შეკითხვებს და ეცადეთ, დაუცველობის განცდა გაუქარწყლოთ.
დაამშვიდეთ და სერიოზულად მოეკიდეთ მათ ემოციებს
მას შემდეგ, რაც დაადგენთ, კონკრეტულად რისი ეშინია ბავშვს, სერიოზულად მოეკიდეთ მის ემოციებს. ნუ ეტყვით, რომ ეს არაფერია, ნუ უგულებელყოფთ მათ გრძნობებს, რადგანაც შესაძლოა ამის გამო კიდევ უფრო მეტად განერვიულდნენ. თუ თქვენი შვილი უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებზე, ოჯახებზე ნერვიულობს, მაშინ ეცადეთ, მოძებნოთ საქველმოქმედო ორგანიზაციები და თქვენი ერთობლივი, თუნდაც ძალიან მცირე წვლილი შეიტანოთ მათ დასახმარებლად. როდესაც ბავშვები იგრძნობენ, რომ რაღაცით თავადაც შეუძლიათ დახმარება, უფრო დამშვიდდებიან. არ დატოვოთ მათი შეკითხვები უყურადღებოდ. თუ პასუხები არ გაქვთ, უთხარით, რომ მოძებნით და ერთად ისაუბრებთ საღამოს ამ თემაზე.
ყველაზე მთავარი, რასაც სპეციალისტები აღნიშნავენ არის ის, რომ უკიდურესი შფოთვის დროს დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.
რას განიცდის ბავშვი, რომელიც სათამაშოებს სცემს და რისი თქმა სურს ამით