მშობლები, როგორ წესი, შვილებს არ არჩევენ და ერთნაირად უყვართ უფროსი და უმცროსი შვილები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ერთნაირად ზრუნავენ და არცერთი მთგანისთვის არ იშურებენ ძალისხმევას. ამის მიუხედავად, რაც არ უნდა უსამართლოდ მოგეჩვენოთ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფროსი შვილები თურმე სტატისტიკურად, უმცროსებზე ჭკვიანები არიან. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის უტყუარობას ვერავინ დაამტკიცებს და უამრავ გამონაკლისსაც იპოვით, თუმცა მკვლევარები გვეუბნებიან, რომ ასეთია ზოგადი ტენდენცია და დასტურად ასიათასობით ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების შედეგები მოჰყავთ.
250 000 ახალგაზრდა ნორვეგიელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უფროსი დედმამიშვილების IQ საშუალოდ 2,3-ით მაღალია, ვიდრე უმცროსების. მეცნიერები თვლიან, რომ ეს განსხვავება განპირობებულია არა გენით, არამედ იმ პირობებით, რომელშიც ბავშვები იზრდებიან. ხშირად უფროსები "ასწავლიან" უმცროსებს რაღაცებს, რაც თავად ეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ ინფორმაცია.
გარდა ამისა, ოჯახში ყოველი ახალი ბავშვის დაბადებასთან ერთად, მშობლებს სულ უფრო ნაკლები დრო და ენერგია აქვთ, რომ მათ ინდივიდუალურად მიაქციონ ყურადღება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს თქვენი შვილის ინტელექტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შვილი, როგორც წესი, ყველაზე მეტი ყურადღებით სარგებლობს ხოლმე, რადგან მარტოა და მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, მშობლებიც მეტად ენერგიულები და მოტივირებულები არიან მასთან.
უფროსი ბავშვები უფრო პასუხისმგებლიანები და დამჯერები არიან?
უმცროსი და-ძმების მოვლისა და ზრუნვის აუცილებლობა უფროს შვილებს საშუალებას აძლევს, ადრეულ ასაკში გააცნობიერონ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა სხვების მიმართ. სპეციალისტების თქმით, უფროსი ბავშვები თაობიდან თაობას გადაცემული ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების ციხესიმაგრედ შეიძლება წარმოვიდგინოთ, ამიტომ ისინი უფრო მორჩილნი და შემწყნარებლები არიან ხშირად, ვიდრე უმცროსები.
უფროსი ბავშვები დიდ წარმატებებს აღწევენ ცხოვრებაში
ისინი არა მხოლოდ უკეთესად სწავლობენ ხოლმე სკოლაში, არამედ კარიერულ კიბეზე უფრო მაღლა ადიან, ვიდრე უმცროსი და-ძმები. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ბენ დატნერის თქმით, უფროსი შვილები დაბადებიდან ორიენტირებულნი არიან, რომ ბევრს მიაღწიონ ცხოვრებაში, გახდნენ საამაყო შვილები. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ უმცროსებზე დომინანტობის შეგრძნება უფროსებს ლიდერის როლისთვის ამზადებს არა მხოლოდ ოჯახში, არამედ მომავალ პროფესიულ კარიერაშიც.
უფროსი ბავშვები იცავენ წესებს
უმცროსებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მეტად მეამბოხეები არიან, უფროსები მაინც ცდილობენ, წესრიგი შეინარჩუნონ. "უფროსი შვილები უფრო სანდო, კონსერვატიული და კონკურენტუნარიანები არიან, ხოლო უმცროსები მათგან დისტანცირებას ცდილობენ და საკუთარი თავისთვის განსხვავებულ იმიჯს იქმნიან - ისინი ნაკლებად სერიოზულები არიან, უფრო კომუნიკაბელური და რაც ყველაზე გასაოცარია, მეამბოხე ჩვევებით ხასიათდებიან", - ამის შესახებ ბელგიელმა ფსიქოლოგებმა ვასილის საროგლუმ და ლორა ფიასემ 2003 წელს დაწერეს სტატიაში, რომელიც ჟურნალში Personality and Individual Differences გამოქვეყნდა.
უფროსი ბავშვები თურმე, ასევე უფრო მეგობრული და ემოციურად სტაბილურები არიან ხოლმე, ვიდრე უმცროსი და-ძმები. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ეს პიროვნული თვისება, ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში ძალიან გვეხმარება.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კვლევები და დასკვნებია, სტატისტიკას რომ ეყრდნობა. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ნამდვილად ახდენს ბავშვზე გავლენას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ხშირად ბავშვების წარმატება ოჯახში არსებულ სოციალურ და ემოციურ ფონზე დიდწილადაა დამოკიდებული. ამიტომ, რასაკვირველია, გადაჭრით იმის თქმა, რომ უფროსი ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე უმცროსი და-ძმები, არ შეიძლება. ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც ადამიანები მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და ცალ-ცალკე, ინდივიდუალიურად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს.