როგორ ვესაუბროთ ბავშვს, რომ გაუმკლავდეს ყოველდღიური ნეგატიური ამბებისგან გამოწვეულ სტრესსა და დაძაბულობას - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
როგორ ვესაუბროთ ბავშვს, რომ გაუმკლავდეს ყოველდღიური ნეგატიური ამბებისგან გამოწვეულ სტრესსა და დაძაბულობას - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
რუსეთი უკრაინაში ამ წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას დღემდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. ამ ომის გარშემო, პრესით, ტელევიზიითა და სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად შემზარავ ისტორიებს ვისმენთ და ვკითხულობთ. ამ ინფორმაციასთან წვდომა აქვს ბავშვებსა და მოზარდებსაც. ბუნებრივია მათთვის სტრესულია, როცა ხედავენ, თუ როგორ იღუპება მათი თანატოლი, როგორ ეძებს დედა აფეთქებული კორპუსის ნანგრევებში ჩაკარგული შვილის გვამს და ა.შ. სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, როცა კონფლიქტი ან ომი საინფორმაციო საშუალებების პირველ გვერდებზეა, ამას ადამიანებში შეუძლია გამოიწვიოს: შიში, სევდა,
მღელვარება, ფსიქოლოგიური სტრესი. ბავშვებმა თავი
დაცულად და უსაფრთხოდ რომ იგრძნონ, ისინი მხარდაჭერასა და ნუგეშს პირველ რიგში, ყოველთვის მშობლებთან ეძებენ. ასეთ დროს უფროსს ორმაგი ყურადღება მართებს და არავითარ შემთხვევაში ბავშვის სიტყვებისა თუ განცდების იგნორი.

ნინო ჭარხალაშვილი, ფსიქოთერაპევტი:

- დღევანდელი ბავშვისთვის ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე წლების წინ, როცა შინ ერთი ტელევიზორი იდგა და ორი არხი იყო. ეს 21-ე საუკუნის მოცემულობაა, რეალობის ნაწილი, რაც უნდა მოვინდომოთ, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით და ბავშვს კოლბაში ვერ ჩავსვამთ. ისინი არა მხოლოდ ომთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემებზეც უამრავ ინფორმაციას იღებენ და ზოგჯერ ბევრად ინფორმირებული არიან, ვიდრე მშობლები. შეიძლება მშობელმა გარკვეული ტექნიკური ჩარევით, ამა თუ იმ საიტზე წვდომა შეუზღუდოს, თუმცა ამას სრულიად ვერ შეძლებს. შესაბამისად, გამოსავალი ისაა, რომ ასეთ დროს ბავშვთან კომუნიკაცია გვქონდეს, ვიცოდეთ რას უყურებს, რას კითხულობს და შემდეგ ვეცადოთ, იმ ინფორმაციასთან მარტო არ დარჩეს, რომელიც მიიღო. ამავდროულად, ბავშვს იცავს თავდაცვითი მექანიზმები, რომელიც ეხმარება გაუმკლავდეს ინფორმაციას და შედეგად შეიძლება არცთუ ისე მძიმედ აღიქვას ნანახი და მისი ტრავმირება არ მოხდეს. ვიცით, დაცულობის ბაზისური განცდა, ადრეულ ასაკში ყალიბდება ისეთ გარემოში, სადაც ბავშვზე ზრუნავენ, უყვართ და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს ერთგვარ ჯავშანს ქმნის, რომელიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში განცდას - "ყველაფერი კარგად იქნება" უფრო იოლად უზრუნველყოფს, ვიდრე ბავშვებთან, რომლებთანაც ამ უსაფრთხოების ბაზისური განცდის ჩამოყალიბება თავის დროზე ვერ მოხდა. შესაბამისად, ისინი მატრავმირებელი ინფორმაციის შედეგად უფრო მოწყვლადები და დაუცველები არიან.

- ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარულის ნაკლებობას ვინც განიცდის, ის უფრო მეტად მგრძნობიარეა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით...

- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ფსიქოლოგიაში ბევრი სკოლა იკვლევს ბავშვის აღზრდის საკითხებს და თითოეულს განსხვავებული მიდგომები აქვთ, მაგრამ ერთზე ყველა თანხმდება - ჯანსაღი ფსიქიკის განვითარების ქვაკუთხედი სიყვარულშია. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი ბაზისური მოთხოვნილებები უზრუნველყოფილია კომპეტენტური, ძლიერი, მის ზევით მყოფი პირის მიერ, იქნება ეს დედა, მამა, ბებია თუ სხვა ადამიანი, ვინც ზრდის და მასზე ზრუნავს. ეს არის ბავშვისთვის ერთგვარი ქოლგა, რომელიც მთელ მის ცხოვრებასა და ზოგადად, სამყაროსადმი დამოკიდებულებას განაპირობებს. ეს მისი ძლიერი ჯავშანია და რა თქმა უნდა, ამ დროს ბავშვი ნაკლებად მოწყვლადია.

- ეს გასაგებია, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბავშვები, რომლებიც თუნდაც ფილმსაც კი ემოციურად აღიქვამენ და როცა რეალური ფაქტებია მათ თვალწინ, ალბათ გაცილებით მძიმეა მათი ფიქრები. არაერთ მძიმე კადრთან ერთად, სოციალურ ქსელში უკრაინელი მოზარდის წითელი, დაცხრილული ქუდის ფოტო გავრცელდა, რაც მისმა თანატოლებმაც ნახეს. ასეთ დროს, რა ვუთხრათ მათ?


- ეს ქუდი მართლაც შემზარავი სანახავი იყო. უნდა ითქვას, დღევანდელ დროს არა მხოლოდ ბავშვი, უფროსიც კი დაუცველია. ხშირად ინფორმაცია ისეა მოწოდებული, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანების ემოციებით მანიპულირება ხდება. ამასთან გამკლავება ჩვენც გვჭირდება. ბავშვის ფსიქიკა და ფიქრი კიდევ უფრო ემოციურია, მას უჭირს კონკრეტული ამბების დიფერენცირება, ამიტომ არის რომ მასზე დიდ გავლენას ახდენს არა ნიუსი, არამედ გრაფიკული გამოსახულება და ამ შემთხვევაში ის ფოტო, რომელიც ახსენეთ. შეიძლება ეს ქუდი თავის ქუდთანაც დააკავშიროს და ირაციონალური ბმა მოხდეს. მოგეხსენებათ, ბავშვი ბუნებით ეგოცენტრიკულია, მას უჭირს სხვისი განსაცდელის განცდა. მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი უსაფრთხოება აწუხებს და თუ ასეთ დროს მის დახმარებას განვიზრახავთ, პირველ რიგში, უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ ამ თემაზე ჩვენთან საუბარი შეუძლია. განაგრძეთ კითხვა
973
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები