ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი
ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს, რისი ეშინიათ ბავშვებს სხვადასხვა ასაკში და როდის არის შიში ფიზიოლოგიური და როდის ესაჭიროება ბავშვს დახმარება.
"არსებობს შიშების სპეციალური შკალა, რომელ ასაკში რისი შიშია ნორმალური. ეს დაკვირვებებისა და შეფასებების შედეგადაა დათვლილი. 2 წლის ასაკისთვის დიდი საგნების, დიდი ცხოველების, სიბნელის შიშია მნიშვნელოვანი. თუმცა, ყველაზე მთავარი შიში, რომელიც პუბერტატის ასაკის შემდეგაც გაჰყვებათ ბავშვებს, ეს დედასთან განშორების ანუ დაუცველობის შიშია. 7 წლის ასაკისთვის უკვე არსებობის შიში შემოდის. გაუჩნდება შეკითხვები - რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი, ვინაა თავად და რა უნდა. ასევე, სამყაროს აღქმის შიში შემოდის და ფიქრობს: "მე სად ვარ ამ სამყაროში?" - ეს ძალიან რთული ფენომენია. ასევე, შემოდის ბუნებრივი კატაკლიზმების შიში და ასე შემდეგ. დაახლოებით, 10 წლიდან ზემოთ სოციალური ადაპტაციის შიში შემოდის. ამ დროს თვითშეფასებაც მნიშნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, "მე, ასეთი აღნაგობითა და არსებობით არ შევესაბამები საზოგადოებას ან პირიქით, ისინი არ შეესაბამებიან ჩემს თავს."ეს ჩვეულებრივი განვითარების რეჟიმია" - ამბობს ბაკურ კოტეტიშვილი.
მისი თქმით, შიში ბუნებრივი, ინსტიქტური ქცევაა და მის გარეშე ერთი წუთითაც წარმოუდგენელია არსებობა. მაგრამ შფოთვა ჩვენს გონებაში შექმნილი, შიშზე აწყობილი მოდელია, რომელიც ნეგატიურ მოლოდინს იწვევს, თუმცა მის დასაძლევად ყოველთვის ექიმის დახმარება არ არის საჭირო.
"შფოთვის გარკვეული ხარისხი აბსოლუტურად ნორმალურია. მომავლის გეგმარებაში შფოთვითი ელემენტი არ არის პათოლოგია. მაგრამ თუ ეს შრფოთვა გრძელდება ხანგრძლივად, ამაში ერთვება ნეიროვეგეტატიური საპასუხო მექანიზმები, რომელიც უკვე მის ყოფიერებას ხელს უშლის, ეს არის პათოლოგია და ამას უნდა მიხედვა.
მოსწავლეებს ხშირად აქვთ შფოთვა, რომ რაღაცას ვერ ისწავლიან, თავს ვერ გაართმევენ, რომ გამოცდას ვერ ჩააბარებენ,
ეს დაკავშირებულია უფრო თვითშეფასებასთან და ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ ფსქიოლოგმა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა. თვითშეფასებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს და ამ ფაქტორებთან ადაპტაციის ერთ-ერთი წინაპირობაა დაცულობის შეგრძნება, მშობლებთან სწორი ურთიერთობა" - ამბობს ბაკურ კოტეტიშვილი.
მან ასევე განმარტა მდგომარეობა. როცა ბავშვის ხასიათი რადიკალურად იცვლება.
"იქედან გამომდინარე, რომ წინა პერიოდები ძალიან კარგად გვახსოვს, ხშირად ვამბობთ: "როგორი კარგი ბავშვი იყო და ახლა რა დაემართა?!"- არაფერი დამართნია, უბრალოდ ის ძველ ქცევით მოდელში აღარ არის, განვითარდა, წინ წავიდა, ტვინი მომწიფდა, უკეთესად ადაპტირდა და ახალი ტიპის ქცევის მოდელი დაიწყო, რომელიც სხვა ასაკობრივ კატეგორიაშია. თანდათანობით დამოუკიდებლობის პრინციპი შემოდის. რეალურად, დამოუკიდებელი არავინ არ არის, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ დამოკიდებულების ხარისხს გააჩნია და იმასაც, რაზეა ადამიანი დამოკიდებული. ხალხური გამონათქვამია: "მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალია." აქ სწორედ ურთიერთობაზეა საუბარი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ურთიერთობითი არსებობა გვსიამოვნებს. სამეგობრო, თანამშრომლების, სამსახურის, მეზობლების წრე - რამდენნაირ წრეს ვქმნით, რადგან ეს ურთიერთობაა. ზუსტად ასე აკეთებს ბავშვი. თუმცა, რაღაც-რაღაც ფენომენში არ მოგვწონს. იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც მისი ასაკის ვიყავით საზოგადოება, სოციალური, ტექნიკური თუ სხვა საშუალებები სხვანაირი იყო. შეხედულებებიც სხვა იყო. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. ნებისმიერი 2 წლის ბავშვი აბსოლუტურად თავისუფლად ფლობს გაჯეტურ მოწყობილობას. არ მერიდება ამის თქმის, ზოგიერთ სისტემაში ასე კარგად მე ვერ შევდივარ, როგორც ისინი. მისი შვილიც უფრო წინ იქნება იმიტომ, რომ ტექნიკური საშუალებები მუდმივად იხვეწება."- ამბობს ბაკურ კოტეტიშვილი.